Sunday, March 24, 2013

მოკალი მამა

ამელი ნოტომის, თუ არ ვცდები, ყველა ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული. უცნაური ის არის, რომ ნოტომს ჩემს საყვარელ მწერალს არ ვუწოდებ, თუმცა მორიგი წიგნის წასაკითხად ის ყოველთვის "მიტყუებს".
ეს ალბათ ნოტომის ყველაზე ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც დაფუძნებულია ფროიდისეულ თეორიაზე – ჩვენს ქვეცნობიერში მცხოვრები მამის მოკვლის აუცილებლობაზე. წიგნს წაწერილი აქვს: "მოდი და გაიგე, სინამდვილეში რა ტრიალებს მოთამაშის თავში". ასეც არის – გარშემომყოფებისთვის14 წლის ჯო უიპის ფიქრებიც გამოუცნობია. პრინციპში, ცხოვრების ამ ეტაპზე არც არავის აინტერესებს მისი ფიქრები. ერთადერთი, რაც  ჯომ იცის, ფოკუსების კეთებაა. ეს არ არის უბრალო გატაცება – მიზანმიმართულად სწავლობს და ხვეწს ილეთებს. თითები ვირტუოზის აქვს, თუმცა ამას მაშინ იჯერებს, როდესაც ხვდება მას, ვინც ბედს გადაუწყვეტს. ამ შეხვედრის შემდეგ ჯოს ცხოვრებაში ჩნდება ნორმან ტერენსი, რომელიც გაზრდის და ფეხზე დააყენებს, თავს ჯოს მამად მიიჩნევს, რითაც თავისსავე განაჩენს მოაწერს ხელს. 
"ბავშვები, რომლებსაც საკუთარი მამები არ აღიარებენ, იტანჯებიან. მაგრამ არსებობს უფრო დიდი ტანჯვაც: ტანჯვა მამისა, რომელსაც საკუთარი შვილი არ სცნობს". ნორმანის მოლოდინი გოდოს მოლოდინს ჰგავს. ძნელი ამოსაცნობია, რა დატრიალდება "გოდოს" თავში.

Sunday, March 17, 2013

საყვარლები

წინა წიგნის დასრულების შემდეგ, მისი მთავარი გმირის არ იყოს, მეც მოვიწყე შესვენება – ერთი კვირაა, არაფერი წამიკითხავს. ვიდრე ახალ წიგნს შევარჩევ, გადავწყვიტე, რამდენიმე წიგნი გავიხსენო.
ელფრიდე იელინეკის ორი რომანი მაქვს წაკითხული: "საყვარლები" და "პიანისტი ქალი".
"საყვარლების" წაკითხვის შემდეგ ერთგვარად შოკირებული ვიყავი – ძალიან დიდი იყო მსგავსება იმასთან, რასაც ირგვლივ ვხედავდი, ანუ საქართველოსთან და თავისებური იყო ენა, რომლითაც ავტორი ამ მსგავსებას მაცნობდა.
ბრიგიტა და ჰაინცი, პაულა და ერიხი... ქალი და კაცი. "თუ ვინმეს ბედი აქვს, კაცი ყოფილა, თუ ბედი ეღირსა, ქალია" – ქალი, რომელიც 15 წლის ასაკიდან მომავალს ეძებს – ან უნდა გათხოვდეს და ბავშვი გააჩინოს, ან უნდა მოკვდეს: "სხვა დანარჩენი მისთვის სიკვდილი იქნებოდა, თუნდაც რომ ცოცხალი დარჩეს".
იელინეკი ამბობს: სიყვარულს ყოველთვის ქალი იწყებს და ცდილობს დაარწმუნოს კაცი, რომ ისიც შეყვარებულია, რომ ეს ქალია მისი მომავალი. თუ რისი გადატანა უწევთ ქალებს მომავლის მოხელთების გზაზე და როგორია მოხელთებული მომავალი – წიგნში.

Friday, March 8, 2013

სიკვდილი ისვენებს

სარამაგუ ამ წიგნში წერს: "ყველაფერი, რასაც ღმერთსა და სიკვდილზე ამბობენ, ლაზღანდარობაა და მეტი არაფერი, მათ შორის – ჩვენი ისტორიაც". მე კი ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე კარგი ლაზღანდარობაა სიკვდილზე, რაც ოდესმე გამიგია; იმდენად კარგი, რომ მისი "ბუნდოვანი ნახაზი" ლამის გვერდით, ან უარესი – ლამის ჩემში ვიგრძენი. ავტორის თქმით, სიკვდილის დაჟინებულ მზერას გამუდმებით ვგრძნობთ, რაშიც ძალიან ვეთანხმები – უბრალოდ, ახლა გაცილებით მხიარული დავუბრუნებ მზერას.

წიგნში მოთხრობილია ამბავი ქვეყნისა, რომელშიც ახალი წლის ღამეს სიკვდილი (უბნის რწმუნებული, რადგან ყველა ქვეყანას თავისი "სიკვდილუკა და სიკვდილუნა" ჰყავს მიმაგრებული) გართობის ხასიათზე დგება და გადაწყვეტს, დაისვენოს თავისი ერთადერთი მოვალეობისგან. სარამაგუ დაწვრილებით და იუმორით აღწერს, თუ რა ხდება ქვეყანაში ამ ამბის გაცხადების შემდეგ. ერთხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება გამორჩენოდა–მეთქი და არაფერი – მოვლენების განვითარების ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტი გვიამბო. იგივე გააკეთა მას შემდეგ, რაც სიკვდილმა გადაწყვიტა, რომ მისი არდადეგები დასრულდა. და აქ იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელმაც ვრცლად წერა მომანდომა, ჰოდა, ვაგრძელებ:

შეიძლება ითქვას, სარამაგუს სიკვდილი არქივის თანამშრომელია (ოღონდ არა "კანცელარიის ვირთხა" – ავტორის აზრით), გნებავთ – კატალოგისტ-ბიბლიოთეკარი (ეს – მე მირჩევნია), ბალზაკის ასაკშია, მიმზიდველია, იდუმალი და აქ ვიფიქრე, სარამაგუც ხომ არ იზიარებს პოპულარულ აზრს ბიბლიოთეკარ ქალებზე და ამიტომ ხომ არ დაამსგავსა-მეთქი სიკვდილის სამუშაო ოთახი ბიბლიოთეკის შემადგენელ ნაწილს. ასეა თუ ისე, სარამაგუს სიკვდილი – ბუნებით თუ განხორციელებული – ქალია, მისი ერთგული თანაშემწე ცელი კი, ჩემი ფიქრით, მამრი უნდა იყოს. მუყაით და სკრუპულოზურ სიკვდილს, რომელსაც არავინ უმოწმებს სამუშაოს, უჩნდება ყოვლის მფლობელის სინდრომი და აწესებს როგორც სამუშაოს შესრულების ვადებს, ისე ნოვატორულ მეთოდებს. 

ეს ამბავი მკვლელის და მისი მსხვერპლის სიყვარულის ამბავია, ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითით – კატის და თაგვისა, სადაც კატა, რა თქმა უნდა, სიკვდილია, თაგვი კი – 50 წლის ვიოლონჩელისტი, რომელიც აუცილებლად უნდა მომკვდარიყო  მანამ, ვიდრე 49 წლის იყო, თუმცა არ მოკვდა. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდა სიკვდილს მსხვერპლის მიმართ დაუცხრომელი ინტერესი. ალბათ აქ უნდა გავჩერდე და არ ვთქვა, თუ რა მოჰყვა ამ ინტერესს და სიკვდილის მიერ ჩადენილ ისეთ იშვიათ ქმედებას, მის ცელსაც რომ არ ახსოვს.

ბოლოს, მინდა წიგნის ერთი პასაჟი ავახმიანო პირდაპირი გაგებით: ერთხელ ორკესტრანტებს შორის ნახევრად ხუმრობით საკუთარ მუსიკალურ პორტრეტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ვიოლონჩელისტმა თავისი პორტრეტად შოპენის ეტიუდი დაასახელა. მან თქვა, რომ "ორმოცდათვრამეტ წამში შოპენმა ყველაფრის თქმა მოახერხა, რისი თქმაც შეიძლება ადამიანზე, ვისაც საერთოდ არ იცნობ". როდესაც სიკვდილმა ეს ეტიუდი მოისმინა, მან ამ 58 წამში "ყველა და თითოეული ადამიანის ცხოვრების, როგორც არაფრით გამორჩეულის, ისე არაჩვეულებრივის, რიტმული და მელოდიური ტრანსპორირების ჟღერადობა გაიგონა". ჰოდა მინდა, პოსტი სწორედ ამ ეტიუდით დავამთავრო და ვიკითხო – ეთანხმებით სიკვდილს?

Friday, March 1, 2013

სირცხვილი

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ჯონ მაქსველ კუტზეეს პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. წიგნის გმირები სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ. 52 წლის დევიდ ლური უნივერსიტეტის პროფესორია, სტუდენტთან სკანდალური სასიყვარულო კავშირის გამო სოფლად, ქალიშვილთან გადასვლა უწევს. ლუსის მიწა აქვს, მეურნეა. მიწისთვის კი მის ქვეყანაში ბრძოლობენ, როგორც შეუძლიათ. მაგალითად, ასე: ლუსის აუპატიურებენ. დევიდი ვერაფრით ეხმარება; ვერც იმას ახერხებს, რომ შვილი სამართლის ძიებაზე ან ფერმის მიტოვებაზე დაითანხმოს. ლუსი ამ სიტუაციაში ფერმიდან წასვლას დამარცხებად აღიქვამს – არ სურს, მარცხს გემო გაუსინჯოს, სამაგიეროდ ყლაპავს სირცხვილის გემოს. დევიდს არაფერი გამოსდის მაშინაც, როცა ქალაქში ბრუნდება – მისი ბოდიში, სიყვარული ან ცოდნა არავის სჭირდება. თითქოს აღარც ლუსის სჭირდება მამა და მხოლოდ უპატრონო ძაღლებს შერჩათ იგი იმქვეყნად გამცილებლად.
საზოგადოება და ცალკეული ადამიანები, რომლებსაც ამ წიგნში ვხედავთ, მხოლოდ ლოკალურ სივრცეს არ ეკუთვნიან: კეიპთაუნში თუ სოფლად, სამხრეთ აფრიკაში თუ საქართველოში – მათ მსგავსი პრობლემები აქვთ. მომეწონა, როგორც დამანახა ეს ავტორმა, დღემდე მაფიქრებს.