Tuesday, April 23, 2013

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები

სერიული გამოცემების ბუმი, თუ არ ვცდები მესამე წელია, რაც საქართველოში გრძელდება. ერთ-ერთი სერია, რომლის გამოცემებსაც ვიძენდი, "მსოფლიოს რჩეული მოთხრობები" იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო თუ საყვარელი მწერლების წიგნებს ვყიდულობდი  – ზოგ მოთხრობას ვიხსენებდი, ზოგსაც პირველად ვკითხულობდი. დღეს რატომღაც ამ სერიით გამოცემულ ჩეხოვის წიგნზე მომინდა წერა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ჩემთვის უცნობი მოთხრობები არ დამხვედრია, მაინც სიამოვნებით წავიკითხე და გავიხსენე. ყოველთვის მომწონდა ჩეხოვი. წიგნში შესულია მოთხრობები: "ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს", "მონადირე", "კუდიანი", "შურისმგებელი", "ტრამალი" და "ანა კისერზე".

Wednesday, April 17, 2013

მფარველი ანგელოზი

ფრანსუაზ საგანი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვის თარგმანებსაც აუცილებლად ვკითხულობ. მომწონს მათში მოთხრობილი ამბები, ავტორის უნარი – ადამიანური ურთიერთობების სიმძიმეებიც მსუბუქად გადმოსცეს და ფრანგული შარმი, რაც საგანის ნაწარმოებებს ყოველთვის დაჰყვება. "მფარველი ანგელოზი" გვიამბობს ორმოც წელს გადაცილებულ კინოვარსკვლავ ქალზე და მის ახალგაზრდა თაყვანისმცემელზე, რომელიც მზად არის ქალისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, თუნდაც მკვლელობის ჩასადენად. წიგნის დამთავრებისას დამრჩა შეგრძნება, რომ ვნახე ჰოლივუდური ფილმი ფრანგების მონაწილეობით. არ ვიცი, არსებობს თუ არა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, მაგრამ თავისუფლად კი იქნებოდა შესაძლებელი მისი შექმნა, – თითქმის სცენარია.


Tuesday, April 9, 2013

პასკუალე დუარტეს ოჯახი

ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ესპანურენოვან მწერლებს ეკუთვნით. ისე მოხდა, რომ ჯერ მათზე არ დამიწერია – ვფიქრობდი, განწყობა მჭირდებოდა. დასაწერი კი ბევრი მაქვს – არაერთი კარგი ავტორია  ქართულად ნათარგმნი, მათ შორის, კამილო ხოსე სელა.
"პასკუალე დუარტეს ოჯახი" გვიამბობს სიკვდილმისჯილის ისტორიას, რომელსაც თავად სიკვდილმისჯილი პირველ პირში წერს. დუარტე თხრობას ბავშვობიდან იწყებს, გვიამბობს ყველაფერს, რაც თავიდან არ ამოვარდნია და "რისი დაწერაც ხელმა არ იუარა". თავის აღსარებას მსხვერპლ ხესუსს უძღვნის – იესოს მოსახელეს, რომელმაც "ავტორს – ვისი ხელითაც კვდებოდა, საყვარელოო, უთხრა და გაუღიმა" და სწამს, რომ ხესუსმა შეუნდო. მიძღვნამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ადამიანებზე, რომლებსაც ადამიანური სითბო აკლიათ ან არასდროს მიუღიათ.
პირველი მკვლელობა, რომელსაც დუარტე აღწერს, ძაღლისაა. მიზეზი – "მოძღვრის ამოხედვა ჰქონდა" და ვერ გაუძლო. "გაჩენის დღიდან სისხლი გაცხია შუბლზე" – ეუბნება ცოლი პასკუალეს, რასაც ცხოვრების ბოლომდე ვერ ივიწყებს და ნაწარმოების მანძილზე ვხედავთ, როგორ მიიწევს ადამიანამდე, ვინც სიცოცხლე აჩუქა – მისი ბოლო მსხვერპლი დედაა.
თხრობის დასაწყისში პასკუალე ამბობს, რომ ყველა ერთნაირი იბადება, მხოლოდ მერე ხდებიან ადამიანები ბედისწერის სათამაშო საგნები. ეს წიგნი ბედისწერის, უფრო კი კონტრეტული ადამიანების ქმედების შედეგზეა: პასკუალე დუარტე სოციუმის ზემოქმედებამ შექმნა.
წიგნში შესულია სელას 20-მდე მოთხრობაც.  დამამახსოვრდა 86 წლის მისის ჯონსონის ამბავი, რომელმაც თოჯინა მოიპარა. ალბათ ხშირად გსმენიათ (ან იზიარებთ კიდეც აზრს), რომ მოხუცები ბავშვებს ემსგავსებიან. მისის ჯონსონსაც ასე დაემართა – "ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით" დაუბრუნდა ბავშვობას.
 

Monday, April 1, 2013

კოლექციონერი

ამ წიგნით მაშინ დავინტერესდი, როცა კობო აბეს "ქალი ქვიშაში" ახალი დამთავრებული მქონდა. "ქალი ქვიშაში" 1962 წელს არის გამოქვეყნებული, "კოლექციონერი"  – 1963 წელს (ასევე თითო წლის გამოტოვებით გამოვიდა მათი ეკრანიზაციებიც). ნაწარმოებებს მსგავსი იდეა აერთიანებს – ადამიანისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი ნების საწინააღმდეგოდ. აბეს წიგნზე უკვე დავწერე, რაც შეეხება "კოლექციონერს": ბრაზისა და პროტესტის გრძნობას არც კითხვის დროს დავუტოვებივარ და არც ახლა, პოსტის წერისას, მტოვებს. ყოველ მორიგ გვერდზე გადასვლისას თავს ვეკითხებოდი – რატომ ვკითხულობდი ერთი შეშლილის მონოლოგს, თუ როგორ ძალადობდა ადამიანზე. არაერთხელ მომინდა წიგნი დამეხურა და აღარ გამეხედა მისკენ. ალბათ ასეც ვიზამდი, მონოლოგი მსხვერპლის დღიურს რომ არ ჩაენაცვლებინა. შეიძლება ითქვას, ავტორმა ამიძულა, ბოლომდე წამეკითხა მისი მონათხრობი.
ეს არის ამბავი პეპლების კოლექციონერზე, ფრედერიკ კლეგზე, რომელსაც უყვარდება აღზრდითა თუ ცხოვრების წესით მისგან რადიკალურად განსხვავებული, ნიჭიერი და ლამაზი მხატვარი გოგონა – მირანდა გრეი. კოლექციონერი მირანდას ნივთივით (ან საკოლექციო პეპელასავით) ისაკუთრებს. უმნიშვნელო ხდება ის, რომ იგი ფიზიკურად არ ძალადობს.
უიმედო მირანდა დღიურის ერთ ჩანაწერში ღმერთს ფრედერიკს ადარებს და გმობს: "ღმერთი იმპოტენტია. მას ჩვენი სიყვარული არ შეუძლია. მას ვძულვართ, იმიტომ რომ  არ შეუძლია ვუყვარდეთ".  ჩვენ ხშირად ვამბობთ: "რასაც ღმერთი ინებებს". ამ მხრივ, ფრედერიკი არის კიდეც მიწიერი ღმერთი ერთი არსებისთვის: ღმერთი, რომელიც თავად წყვეტს, შეისმინოს თუ არა თხოვნა; ღმერთი, რომელიც, მირანდა რომ ბჭობს, იცინის.
მირანდა წერს, რომ თუკი კალიბანს (ფრედერიკი) გაასამართლებდნენ – დაიცავდა, რადგან მას თანაგრძნობა, მიტევება და მკურნალობა სჭირდება. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი – პატიმრის გრძნობები, როდესაც კარის ღრიჭოდან წამით დაინახავს დღის სინათლეს. ყველაზე უარესი რამ ამ წიგნში, უმწეობის განცდით რომ დამტოვა, გეგმაა, რომელსაც მოძალადე წიგნის ფინალში ადგენს. საკონტროლო გასროლა.