Friday, May 17, 2013

ნება

ამ სრულიად მომხიბვლელი წიგნის კითხვა თითქმის ერთი თვე გამიგრძელდა. მიზეზი არ ყოფილა დაზარება ან უინტერესობა, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ საფიქრს აჩენს, აბზაც–აბზაც ვაგემოვნე და დღეს შემიძლია ვთქვა – ბედნიერი მკითხველი ვარ, თუმცა არ ვიცი, საიდან დავიწყო ან როგორ მოვახერხო მოკლედ მოყოლა.

მწერლით დავიწყებ:  ხოსე მარტინეს რუისი, იგივე ასორინი (1873–1967) ე. წ. "98-იანელთა თაობის" იმ ესპანელ მწერალთა ხუთეულში შედის (რამირო დე მაესტუ, პიო ბაროხა, ანტონიო მაჩადო, ასორინი, მიგელ დე უნამუნო), რომლებმაც ესპანელი ხალხის გამოღვიძებაზე იზრუნეს და ქვეყნის აღმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაესტუ წერდა: "ჩვენ, შეურაცხყოფილი ეროვნული ღირსების შვილები ვეძებდით ერთადერთს, ზუსტ სიტყვას, რომ განგვესაზღვრა ჩვენი უბადრუკობა". "98-იანელთა თაობამ" თავისი შემოქმედებით დაასახელა კომპონენტები, რომელთა ნაკლებობაც განვითარებას აფერხებდა: ადამიანი, სიკეთე, იდეალი, რწმენა და ნება. ეს უკანასკნელი ასორინს ეკუთვნის.

წიგნში ასორინის ორი ნაწარმოებია შესული: "ნება" და "ესპანეთი". "ნების" მთავარი მოქმედი გმირები ახალგაზრდა ასორინი და მისი მასწავლებელი იუსტე არიან. იუსტესა და ასორინის საუბრები ეხება თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას – ლიტერატურას, ჟურნალისტიკას, განათლებას, კრიტიკას, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, რელიგიას, დრამატურგიას და სხვ. მათ "თანამსმენელად" ყოფნისას მქონდა შეგრძნება, რომ ვუსმენდი მსჯელობას ჩემი ქვეყნის წარსულზე, დღევანდელობაზე და მის შესაძლო პერსპექტივებზე. თუნდაც მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და უფასო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ განათლებაზე გამოთქმული აზრი იქნებოდა საკმარისი, ეს წიგნი რომ მნიშვნელოვნად ჩამეთვალა. ასორინი ამბობს, რომ ნების უქონლობისას ყოველგვარ აზრს კარგავს განათლება. მისი გმირის, ასორინის შემთხვევაში ნების უქონლობამ გონების დაცემა გამოიწვია. ესპანელებზე კი წერს: "გარდაუვალ გაჩანაგებას ხედავენ, უკვე გაჩანაგებულები არიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, არაფერს მოიფიქრებენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ელიან! როგორც მისტიკოსი ელოდება ყველაფერს ციდან".
ძალიან მინდა პოსტში ციტატების გადმოტანა, მაგრამ შეუძლებელია: შეიძლება ითქვას, მთელი ნაწარმოები ერთი დიდი ციტატაა. ზუსტად ვიცი, რომ უკეთ შესაცნობად მას არაერთხელ გადავიკითხავ.
29 წლის იყო ასორინი, როდესაც ეს ნაწარმოები გამოაქვეყნა. მე მშურს ესპანელების, რომლებსაც ჰყავდათ 29 წლის მოაზროვნე, ვინც მათი ცნობიერების შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ვინც დღესაც თანამედროვეა; თუმცა მიხარია, რომ იგი მსოფლიოს ეკუთვნის – მთავარია, მკითხველმა იპოვოს. 

რაც შეეხება "ესპანეთს", ეს ჩანაწერების კრებულია, რომლებიც ესპანეთს მკითხველის ხელისგულზე გადაშლიან – თავისი პეიზაჟებითა თუ ადამიანთა პორტრეტებით. მადლობა მთარგმნელს, ზურაბ წიქარიძეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით და ხარჯით თარგმნა და გამოსცა წიგნი; მცირე ლაფსუსები სალაპარაკო აღარ არის.

Saturday, May 4, 2013

ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ

ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულებს ან მისით დაინტერესებულებს ალბათ ისევე გაახარებთ ამ წიგნის აღმოჩენა, როგორც თავის დროზე მე გამიხარდა. ეს არის მცირე ანთოლოგია, რომელიც მოიცავს ოქტავიო პასის, ხუან კარლოს ონეტის, ადოლფო ბიოი კასარესის, კარლოს ფუენტესის, ანტონიო გალას, ხუან მარსეს, მანუელ ვისენტისარტურო პერეს–რევერტესა და გუსტავო მარტინ გარსოს მოთხრობებს, ესეებსა და ინტერვიუებს. მკითხველს საშუალება აქვს, ნაწარმოებების გარდა გაეცნოს ამ ავტორთა მსოფლმხედველობას, მოქალაქეობრივ პოზიციებს თუ, უბრალოდ, ხასიათის შტრიხებს, რის საშუალებასაც წიგნში შესული ესეები, წერილები და ინტერვიუები იძლევა.
საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი ავტორებიდან აქამდე ქართულ ენაზე მხოლოდ ფუენტესის ორი რომანი ითარგმნა, ისიც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ. იმედი მაქვს, წიგნში შესული მწერლები ფუენტესის "ბედს" გაიზიარებენ და ვინმე მადლიანი მათი ნაწარმოებების თარგმნასაც მოაბამს თავს.
წიგნიდან დამამახსოვრდა ოქტავიო პასის ესე მექსიკელებზე და მათ დამოკიდებულებაზე დღესასწაულებისა და სიკვდილის მიმართ, კერძოდ – "წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული", ასევე ონეტის, კასარესის, ფუენტესისა და ვისენტის მოთხრობები.