Thursday, October 31, 2013

პიანისტი ქალი

ავსტრიელი ელფრიდე იელინეკისთვის ნობელის პრემიის გადაცემას (2004 წელი) მის სამშობლოშიც არ ელოდნენ. იელინეკი რადიკალიზმით გამოირჩევა, არ დაგიდევთ საზოგადოების შეხედულებებსა და ნორმებს; თავის წიგნებში გაბედულად ანგრევს ყველაფერს, რაც არასწორად მიაჩნია და, სიმართლე ვთქვათ, არასწორიც არის. გაკრიტიკებული საზოგადოებაც არ რჩება ვალში და იელინეკს მოიხსენიებენ, როგორც "ნიჰილისტურად განწყობილ ნევროტიკ ქალს", ექსტრემისტსა და ა.შ. სამშობლოში "საკუთარი ბუდის დამბინძურებელიც" კი უწოდეს. იელინეკის ორივე წიგნმა, რომლებიც ქართულ ენაზე წავიკითხე, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და, ვფიქრობ, არც სხვა მკითხველები დარჩებოდნენ გულგრილნი. ამჯერად "საყვარლებს" თაროზე დავტოვებ და "პიანისტ ქალზე" გიამბობთ, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტის" ნობელის პრემიის ლაურეატების სერიის ფარგლებშია გამოცემული.

წიგნების კითხვისას ხშირად არ მიჩნდება სურვილი, უფრო ახლოს გავეცნო მწერლის პიროვნებას – მოვძებნო მისი ბიოგრაფია ან ინტერვიუები. იელინეკი იმ მწერლებს შორის არის, ვინც ეს სურვილი გამიჩინეს. "პიანისტი ქალიდან" გამომდინარე მნიშვნელოვნად მიმაჩნია შტრიხები მწერლის ბიოგრაფიიდან: 1946 წელს დაბადებული იელინეკი ერთხანს სამონასტრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ვენის კონსერვატორიის სკოლაში, ბოლოს – ვენის კონსერვატორიაში. არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა დედასთან. ერთ-ერთი ინტერვიუში იელინეკი ამბობს, რომ დედას მასზე აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა და ელფრიდესთვის წერა თავშესაფარი იყო. დედა–შვილის დაძაბული ურთიერთობაა აღწერილი "პიანისტ ქალშიც".

ოცდაათი წლის ერიკა კოხუტი (როგორც დედა უწოდებს, "პატარა, ქარივით გოგო") ვენის კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებელია. ერიკას დაბადებას სახლიდან ერთადერთი მამაკაცის გაქრობა მოჰყვა – მამისთვის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოინახა. ყოველდღიურად შინ დაბრუნებულ ერიკას კართან ინკვიზიტორი დედა უცდის. ერიკას დაკითხვას უწყობენ – მისი ყველა ნაბიჯი და ფიქრი აღრიცხულია ისევე, როგორც ერიკას ჩანთის შიგთავსი. დაუშვებელია ოცნების ჩანთაში მაინც დამალვა. ერიკა მშობლის ხელში (ისევე, როგორც მოგვიანებით მის ცხოვრებაში გამოჩენილი მამაკაცისთვის) ინსტრუმენტია, რომელზეც დედა სასურველ ნაწარმოებს სასურველ ტონალობაში უკრავს.

ერიკა "თავისუფალი" მხოლოდ საკუთარ ოთახშია, რომელსაც არ აქვს საკეტი – "ბავშვს საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს". მისი თავისუფლება ტანსაცმლის კარადაში საკიდებზეა შეკიდული: კაბებს, რომელთა ჩაცმის ნებას დედა არასდროს მისცემს, ერიკა კარადაში აგროვებს. მისთვის მთავარია, რომ ამ კაბების მფლობელია და საღამოობით მათი მოზომება და საკუთარ სხეულში ქალის ამოცნობაც შეუძლია.

ერიკას სექსუალური ცხოვრება მხოლოდ "პიპ-შოუზე" დასწრებით შემოიფარგლება, სადაც იგი (ცხადია, დედისგან მალულად) ლამაზი სხეულის მქონე, ვნებიანი ქალების სათვალთვალოდ რეგულარულად დადის. ერიკას არ გააჩნია შეხების მოთხოვნილება (ისევე, როგორც საშუალება) და მხედველობით მგრძნობელობას სჯერდება; მისთვის საკმარისია დანახვა და ნაკლებმნიშვნელოვანი – შეხება; უფრო მეტიც, ერიკა ვერ აღიქვამს შეხებას. 

ერიკას ცხოვრება ალბათ არც არასდროს შეიცვლებოდა, რომ არა ვალტერ კლემერი – მისი ახალგაზრდა და ბეჯითი მოსწავლე. ვალტერს სურს, ერიკას სიყვარული მოიპოვოს და "ეს უფორმო გვამი", რომლის გამოსწორება ჯერაც შესაძლებელია, სიცოცხლისაკენ შემოაბრუნოს. ვალტერი, რომელიც ჯომარდობით არის გატაცებული და სტიქიას იმორჩილებს, იმედოვნებს, რომ ერიკა კოხუტსაც დაიმორჩილებს. კლემერს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მხოლოდ მასწავლებლის დაუფლება აქვს მიზნად დასახული. მან ჯერ არაფერი იცის მასწავლებელში ჩასახლებულ დედაზე. ჯერ წინ არის დღე, როცა ძალადობის შედეგად დამორჩილებული ერიკა გვერდით ოთახში გამოკეტილი დედისკენ, ყველაზე მყუდრო წიაღისკენ, გაიწევს; დედისკენ, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებს, რომ მისი საკუთრების დამორჩილება სხვამაც შეძლო. 

თავის მხრივ, კლემერი ერიკასთვის ცხოვრების საშინელი გამოწვევაა. ერიკასთვის არასდროს ყოფილა მამაკაცი ცხოვრების გამოწვევა. მის დაბნეულობასა და საკუთარ თავთან ბრძოლას საოცარი ნატურალიზმით გადმოგვცემს იელინეკი: ბალზაკის ასაკში მყოფი ერიკას განცდებს ენაცვლება მისი ბავშვობის სურათები და შეგრძნებები. ამ ფონზე კარგად ჩანს აღზრდის ნაკლოვანებები თუ სოციალური პრობლემები.

აღზრდის მსგავსი მეთოდების და მათ შედეგად მიღებული ქალი–ინსტრუმენტების ნახვა არც ჩვენს ირგვლივ წარმოადგენს იშვიათობას. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველი მკითხველი მძაფრად აღიქვამს იელინეკის გმირების ცხოვრებას. იელინეკი, "პიპ–შოუს" კაბინაში შეკეტილი ერიკა კოხუტის მსგავსად, თავისი საწერი მაგიდიდან ათვალიერებს საზოგადოებას, დასცქერის სოციუმის ჭრილობებს და გულუხვად აყრის ზედ მარილს. მისი პირდაპირობა და უზომო გულწრფელობა ალბათ სწორი "არჩევანია" – მხოლოდ გულისრევამდე მისულმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ ასე არ შეიძლება, რომ თვითონ ასეთი არ იქნება.

Tuesday, October 29, 2013

პლატფორმა

2001 წელს მიშელ უელბეკმა რომან "პლატფორმის" სახით მკითხველებს თავისი პლატფორმა წარუდგინა და სკანდალიც მაშინვე აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პირველი პუბლიკაციიდან ათ წელზე მეტია გასულიწიგნი აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. რომანი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიის, "მსოფლიო კლასიკის", ფარგლებში გამოიცა. მთარგმნელი ირმა ტაველიძეა.

შეიძლება ითქვას, "პლატფორმა" თანამედროვე სამყაროს სარკედ იქცა. ის ალბათ ერთერთი ყველაზე რეალისტური რომანია, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ასახავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ წიგნის სკანდალური იმიჯი მასში ჭარბად არსებულმა სექსუალურმა სცენებმა განაპირობა. რატომღაც მგონია, პურიტან მკითხველსაც არ შეაწუხებს წიგნის ეს მონაკვეთები, რადგან ისინი ძირითადი სათქმელის და სინამდვილის აღქმაში გვეხმარება

კითხვის დასაწყისში მიღებული შოკი მალევე იცვლება სიუჟეტის განვითარებისადმი უზომო ინტერესით და კითხვას გულდამძიმებული და ფიქრით სავსე ამთავრებ. საფიქრალი კი არაერთი მიმართულებით ჩნდება: იქნება ეს თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ბიზნესი და თამაშის წესები, კულტურა და მისი კომერციალიზაცია, პირადი ურთიერთობები, რელიგია, რასიზმი თუ, უბრალოდ, ცხოვრების არსი. უელბეკი თანამედროვე ცივილიზაციას სარჩულის მხრიდან გვაჩვენებს და ამბობს: "ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ". ამ სისტემას "მსოფლიოს სხვა ნაწილში"გაურბის რომანის მთავარი გმირიც.

მიშელი 40 წლის მარტოსული მამაკაცია, "ზომიერი სოციალიზმის" ქვეყნიდან. აქვს არაფრით გამორჩეული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უღიმღამოც. მისი გაცნობა მამისეულ სახლში გვიწევსმამის სიკვდილის შემდეგ მიშელი საკმაო მემკვიდრეობის პატრონი ხდება და რამდენიმე დღეში ტურისტული საგზურით ტაილანდში მიემგზავრება. მისი უღიმღამო ცხოვრებაც სწორედ ტაილანდში იცვლება.

"შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვარულის მოპოვებას უნდა ახერხებდე" – მიშელს უმართლებსსამივეს მოიპოვებს, თუმცა დროებით. რომანის მეორე მთავარ (და ჩემ ფავორიტ) გმირს, ვალერის, მიშელი ტურისტული მოგზაურობისას ხვდება და სწორედ მისი დამსახურებით ამოუბრუნდება აწმყო."მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე", – ამბობს მიშელი ვალერისთან გატარებულ ერთობლივ პერიოდზე და ამატებს, რომ ესაც კარგია, რადგან ამის თქმა ყველას არ შეუძლია. ბედნიერების მოულოდნელად დასრულება სიცოცხლის სურვილს აქრობს; რაც, თავის მხრივ, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაჩნდეს. რჩება მხოლოდ მოვაჭრეებთან ურთიერთობა და მიშელი ისევ ტაილანდს უბრუნდება, სადაც ცხოვრების თავიდან დაწყება კი არა, ასატან პირობებში დასრულება სურს; თუმცა მიდის დარწმუნებული, რომ "ბოლომდე ევროპის შვილად –  შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერადდარჩება.

ერთერთი თემა, რომელზეც ავტორი მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის ფონზე საუბრობს, რელიგიაა. უელბეკი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ, რაც პრობლემადაც ექცამას საფრანგეთის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება მოუხდა. 2002 წელს "პლატფორმა" დაჯილდოვდა პარიზის კინოფესტივალის პრიზით "კინორომანი".  ამ პრიზით ის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აღინიშნება, რომელთა ეკრანიზაციაც რეკომენდირებულია. ფილმი ჯერაც არავის გადაუღია, თუმცა "პლატფორმა" ესპანური თეატრის სცენაზე უკვე დაიდგა.

და ბოლოს, რომანში წამოწეული თემების სიუხვის მიუხედავად, რომლებზეც ავტორი ჩვეული პირდაპირობით და ცინიზმით მიგვითითებს, მაინც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა და იმაზე, რომ ასეთ გაუსაძლის თანამედროვე სამყაროში ჯერაც არსებობს ის.  

Monday, October 28, 2013

SMS

ჩემს ბლოგზე პირველი ქართველი ავტორიც გამოჩნდა:

გიო
მგელაძის შესახებ პირველად გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შევიტყვე, როდესაც მისი ფილმი "არა, მეგობარო" ვნახე. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ჩაბნელებულ წლებში, თინეიჯერი მესთვის ის განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ჩანდა. გასულ წელს, გიო მგელაძის სადებიუტო კრებულის გამოცემის გამო, ისევ გამიჩნდა მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ პროზას თითქმის არ ვეცნობი, ამ ნოველების წაკითხვა გადავწყვიტე. კრებული გამომცემლობა "საუნჯემ" დასტამბა; სახელწოდებაც ისეთი აქვს, რომ მოგინდება "გახსნა" და ავტორის გზავნილს გაეცნო. წიგნში შესულია 29 ნოველა და 2 პიესა.

ვიდრე კრებულის შესახებ შთაბეჭდილებას მივუბრუნდები, ცოტა რამ გიო მგელაძის შესახებ: დაიბადა 1969 წელს, პროფესიით კინოოპერატორია, გადაღებული აქვს 6 ფილმი, არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და დამდგმელი ოპერატორი, მიღებული აქვს არაერთი კინოფესტივალის პრიზი, თავადაც მონაწილეობს ფილმებში. მოკლედ, კინოს ადამიანია და ეს მის ლიტერატურაზეც აისახა.

პირველი, რასაც მკითხველი წიგნის გადაშლისას ხედავს, ავტორის უსახო ფოტოა, მორიგ გვერდზე კი მისივე წინასიტყვაობის მაგიერიპირადი გზავნილი თითოეულ მკითხველთან. მასში გიო მგელაძე ჩიტის ამბავს ყვება, რომელიც მისი ერთერთი ფილმის პირველი მაყურებელი ყოფილა. გზავნილის დახმარებით ავტორთან საერთო შტრიხი ვიპოვეჩიტები ჩემს ცხოვრებაშიც საინტერესოდ ჩნდებიან ხოლმე. ამ წიგნში კი ისინი არაერთხელ აფრინდებიან მისტიკური ირაოს შესაკვრელად.

"გაპიკოება" კრებულის პირველი და ერთერთი დასამახსოვრებელი მოთხრობაა 15 წლის ლილიზე, რომლის თვალებიც პროექტორად არის ქცეული. ლილი ნებისმიერ ზედაპირზე "უშვებს" კინოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის, პიკოს, მონაწილეობით. სხვა მოთხრობებში ცოცხლდება ოთხმოცდაათიანი და მომდევნო წლების თბილისი, აფხაზეთის ომის ფონზე გამკვეთრებული სახეები და ისტორიები; აქ არის ამბები ცარცის გოგოზე, ჩვეულებრივ მუსიკოსზე, რომელსაც ჩიტები უწერდნენ მუსიკას, დუელში მოკლულ ბაბუაზე, თბილისელ გოგოებსა და მათებურ "ლავ სთორიზე", სასიყვარულო სამკუთხედებსა თუ შვილისგან მოსმენილი სლენგით შეძრულ მამაზე.

წიგნის ყდაზე აღნიშვნაა: +16. ტექსტი საკმაოდ ბევრ სექსუალურ სცენასა და სკაბრეზს შეიცავს. წიგნში არც გამართული ლიტერატურული ქართული დაგხვდებათ. თუმცა სინამდვილის შეგრძნებას, რაც მკითხველს რჩება, სწორედ ეს ენა და გამოთქმის თავისუფლება ამყარებსგიო მგელაძე ისე წერს, როგორც ჩვენ ირგვლივ ადამიანების დიდი ნაწილი ლაპარაკობს (მათ შორის ალბათ თვითონაც, რადგან ძალიან ბუნებრივია მისი თხრობა და დიალოგები). საერთოდ კი, ალბათ ეს არის წიგნი, რომლის მთავარი მოქმედი გმირი ავტორია. უბრალოდ, ასე მჯერა, რადგან მოთხრობები სიყალბისაგან დაცლილია; იმდენად, რომ კითხვისას გგონია, ეს ისტორიები შენ გვერდით ან შენი მონაწილეობით ვითარდებოდა. ამ ფონზე კი თითქოს წარმოუდგენელიცაა, ეს ყველაფერი ავტორს თავს არ გადახდენოდა, ვიდრე საპროექციო ეკრანზე გასაშვებად შეულამაზებლად მოგიტანდა.