Thursday, June 26, 2014

მეოცნების სიმღერა

ტანია სტევნერის "მეოცნების სიმღერა" მეგობარმა მათხოვა. აქამდე არ გამეგო ამ თანამედროვე გერმანელი მწერლის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მისი ერთადერთი რომანი ავტორის სამშობლოში ბესტსელერია (სტევნერი აგრეთვე წარმატებულია, როგორც საბავშვო მწერალი). წიგნში მოთხრობილია 18 წლის ენჯელას ამბავი. ენჯელა თავს მეოცნებეს უწოდებს, ჩემთვის კი მიზანსწრაფული ევროპელი გოგოა, რომელიც საკუთარი ოცნების ასრულებისთვის მზად არის, მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს. მე მგონია, რომ ენჯელას ასაკის ადამიანები ბევრ საერთოს იპოვიან თანატოლი გმირის ხასიათში და იქნებ მისმა შეუპოვრობამ საკუთარი მიზნის მიღწევის გზაზე თავდაჯერებაც შემატოთ.

წიგნი ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მზა ფაბულების, თანამედროვე პოპ-სიმღერების ტექსტებიდან უხვად ამოკრებილი ფრაზების (ავტორის პერსონალურ საიტზე დევს წიგნში ნახსენები 77 კომპოზიციისგან შექმნილი ფლეილისტი) და თხრობის სტილის გამო. თან მე ეს რომანი უფრო ისე აღვიქვი, როგორც ჰოლივუდისთვის შესათავაზებელი ტექსტი, რომელიც ამბობს: "გადამიღეთ".

ჩემთვის ყველაზე საინტერესო გმირი იყო ჯერემი – პრაქტიკულად მის გამო წავიკითხე წიგნი. იგი ენჯელას საუკეთესო მასწავლებელია; ძაფია, რომელიც ცაში მოფარფატე ენჯელას საშუალებას არ აძლევს, მიწას ბოლომდე მოსწყდეს; თეთრი ყვავია, რომელიც ცდილობს გაერკვეს, როგორია შავი ბუმბულით შემოსილის ცხოვრება. ენჯელა საკუთარი პერსონით არის მოცული; მისი სიყვარულიც კი იმდენია, რამდენიც ხელს არ შეუშლის მიზნის განხორციელებაში. მოკლედ, ისე დავასრულე წიგნი, რომ ენჯელას მიმართ სიმპათიით ვერ განვეწყვე. და ბოლოს, ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ამ ქვეყნად მოსვლით გარკვეული მისია ეკისრება; რომ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, თუნდაც ერთჯერადი და შემთხვევითი, რაღაცას გვასწავლის. სწორედ ეს აზრი დამხვდა "მეოცნების სიმღერაშიც".

შეფასება: მაქსიმუმ 3 ქულა.

2 comments:

mkitxveli said...

ახლაღა აღმოვაჩინე ეს ბლოგი, არც ეს წიგნი ვიცი. გამიხარდება ბევრ კარგ ნაწარმოებს თუ აღმოვაჩენ აქ

Keti said...

კეთილი იყოს შენი მობრძანება :)
ახალი, კარგი წიგნების აღმოჩენაში დახმარება ყოველთვის მახარებს და ამ ბლოგის ერთ–ერთი მიზანიც ეს არის