Monday, January 28, 2013

წარდგინება, პროლოგი, გაცნობა, გამარჯობა

მეოთხე წელია, რაც აქტიურად ვკითხულობ გზაში და თითქმის ამდენივე ხანია, მინდოდა მქონოდა ბლოგი, სადაც გზაში წაკითხულ წიგნებზე დავწერდი. ყოველთვის ვფიქრობდი,  რომ წლების შემდეგ საინტერესო იქნება ასეთი ჩანაწერების არქივის გადახედვა და საკუთარი აზრის გახსენება ამა თუ იმ წიგნის შესახებ. ბლოგის შექმნისთვის ხელს მხოლოდ სიზარმაცე მიშლიდა – ვთვლიდი, რომ რეცენზიები ვრცლად უნდა დამეწერა, ეს კი ჩემი საქმე არ არის, დრო არ მაქვს და არც მსურს. მართლაც, რატომ უნდა ვწერო ასე? არსებობს არაერთი ქართული ბლოგი, სადაც წიგნებზე ვრცლად საუბრობენ, ამიტომ მე ცოტა განსხვავებული ვიქნები და დავწერ: რა წიგნი წავიკითხე, რა დამიტოვა და როგორ შევაფასებდი 5 ბალიან შკალაზე. ვიქნები ლაკონური. ბევრს დავწერ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვები თავზე ჩამომეფანტება, ანუ ძალიან მომინდება ბევრი ლაპარაკი და თავს ვერ შევიკავებ.

წიგნი ჩანთაში
ჩემს ჩანთაში ყოველთვის მოიძებნება წიგნი გარდა შაბათ-კვირისა და იმ პერიოდებისა, როცა უბრალოდ უარს ვამბობ კითხვაზე.  უახლოესი ასეთი პერიოდი გასულ ზაფხულს მქონდა, როცა გარკვეული მიზეზის გამო თითქმის სამი თვის მანძილზე არ ვკითხულობდი. შაბათ-კვირას დღის სხვა რეჟიმი მაქვს, საკმაოდ დატვირთული და, შესაბამისად, წიგნიც მაგიდაზე მიცდის, რომ ორშაბათს ისევ ჩანთაში აღმოჩნდეს.

როგორ, სად, რამდენს
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თითქმის ყოველდღიურად მეტროთი მგზავრობას ვირჩევ, კითხვაც არის. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ჩემ შემთხვევაში არ გამოდგება, მათი ვიბრაცია თვალებს მიღლის. მეტროში დღის მანძილზე თითქმის ერთ საათს ვატარებ. თუ გავითვალისწინებ იმას, რომ სწრაფად ვკითხულობ, ამ წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი წიგნი დამემგზავრა. მათი უდიდესი ნაწილი პროზას მიეკუთვნება.
რაც შეეხება ტრანსპორტის უხერხულობებს – ხმაურს ან ბევრ ხალხს – არ მაწუხებს. საკმარისია, კართან დავდგე და წიგნი გადავშალო, გარემო თავისთავად ქრება – მე ტექსტში ვიკარგები და რეალობას ჩასვლის წინა გაჩერებაზე ინსტინქტურად ვუბრუნდები.

ეს ბლოგი
ბევრი ვიფიქრე მისამართზე – მოვსინჯე წიგნთან თუ კითხვასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიტყვა და ფრაზა, მაგრამ ყველა დაკავებული იყო. უცებ გამიჩნდა იდეა – საქმეში ჩანთა ჩამერთო. ჰოდა, ბლოგის მისამართია: www.bookbagofketi.blogspot.com
ბლოგზე მხოლოდ იმ წიგნებზე ვწერ, რომლებსაც გზაშიც ვკითხულობ; მხოლოდ გზაში – რადგან არსებობს წიგნები, რომელთა თან ტარება მიჭირს მათი ზომების გამო. ისინი შინ მელიან.
იმედი მაქვს, ბლოგის მკითხველები ჩაერთვებიან  ყოველი პოსტის ქვეშ დართულ გამოკითხვაში და, თუკი წაკითხული აქვთ პოსტში ნახსენები წიგნი, შეაფასებენ მას; კომენტარებში კი თავის შთაბეჭდილებასაც გამიზიარებენ. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს მკითხველებს რომელიმე კონკრეტული წიგნით დავაინტერესებ, ან შესაძლოა, მათგან მივიღო რჩევები საინტერესო წიგნების შესახებ.

4 comments:

Chaotic said...

keti, dzalian momwons sheni es axali wamowyeba. :)

Keti said...

მიხარია, მადლობა! :)

Anonymous said...

საინტერესო ბლოგია, თუმცა ე.წ. "სპოილერებს" მოერიდო, ან სათაურშივე გააფრთხილო მკითხველი, ჯობია.
ფაქტობრივად შინაარსს ყვები და არაფერი რჩება წასაკითხი. მინიმუმ ინტერესს დაუკარგავ ადამიანს. ანუ, ეს არაა ცუდი კრიტიკა ან რამე საწყენი. ჩემი შტაბეჭდილებაა და შეგიძლია წაშალო ეს კომენტარიც.

Keti said...

მადლობა გამოხმაურებისთვის (აქვე, კარგი იქნებოდა, ანონიმი არ ყოფილიყო კომენტარის ავტორი). რაც შეეხება სპოილერებს, თავად ვარ ამის მოწინააღმდეგე და მგონია, რომ მაქსიმალურად ვიცავ რევიუებს სპოილერებისგან – შინაარსს არსად არასდროს ვყვები, მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ვამახვილებ ყურადღებას, ამას კი წიგნის შინაარსის გამხელას ვერ ვუწოდებ. პირველი მკითხველი ხარ, ვინც ასე მიიღო:)