Sunday, September 29, 2013

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები

"სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის, იმ ესეების კრებულია, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ორ წიგნად გამოიცა. იმ პერიოდისთვის უელბეკი ჯერაც არ არის ის მწერალი, ვისთანაც სიტყვა სკანდალს აკავშირებენ; შორია 2010 წლამდეც, როცა გონკურის პრემიის მიღების შემდეგ მას "ჩვენი სამყაროს მთავარ მოწმეს" უწოდებენ; თუმცა მისთვის  დამახასიათებელი დამთრგუნველი პირდაპირობა ამ ტექსტებშიც სახეზეა. გამოქვეყნებიდან თითქმის ორი ათეული წლის გასვლის მიუხედავად  კითხვისას არ ფიქრობთ, რომ ესეებში წარმოდგენილი თემები მოძველდა და წარსულს ჩაბარდა.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ესემ, რომელსაც "სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო" ეწოდება. ესე ოთხნაწილიანია. ამ ტექსტით ყველაზე მეტად ალბათ ის მკითხველი დაინტერესდება, ვინც თავადაც წერს, ან სურს, გაერკვეს პოეტის რაობაში. უელბეკის ტონი შეუვალია, მკაცრი. თითოეული აბზაცის დასაწყისში იქნებ გონგის ხმაც კი ჩაგესმათ. შეიძლება ითქვას, ეს სახელმძღვანელო ციტატებისგან შედგება.

თავიდან ტანჯვააყველაფერი ტანჯვით ევლინება ქვეყანას. ყოველივე, რაც სამყაროს შეადგენსსაგანი თუ სულიერიმხოლოდ კივილის ხმას გამოსცემს. ადამიანი? სწორედ ადამიანს ეხება პირველი ტექსტი. "სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია", წერს უელბეკი. ყველაფერი რაც დაბადებას აპირებს, იტანჯება და დაბადების შემდეგ, ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე, თავზე წისქვილის ქვის ტრიალიც იწყება. ყველანაირი ტანჯვა ნაბიჯია პოეტად ქცევის გზაზე. ესეს კითხვის დროს ხვდები, რომ ის ავტორის განცდებისა და გამოცდილების დაწურვის შედეგია და გჯერა მისი სიტყვების, მით უმეტეს, რომ რაღაც მსგავსი შენც გამოგივლია. უელბეკი ტკივილსა და სიძნელეებში გასაგნებ გზებს გვაჩვენებს.

მას შემდეგ, რაც პოეტობის გზაზე შედგებით, იწყება დანაწევრებული მეტყველების ხანა. საჭირო ხდება ტანჯვის გამოხატვა, რასაც მკაფიოდ გამოკვეთილი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. თუ ვერ მოახერხებთ ამას, ტკივილი შიგნიდან დაგხრავთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ამოთქვათ სიტყვები. რჩევები ამ ტექსტიდან პოეტს ფორმის ძიების გზაზე გამოადგება. ფორმის ძიებას და პოვნას კი ცოცხალი პოეტი სჭირდება.

რაკი დანაწევრებული სიტყვები ამოთქვით, ახლა გადარჩენის დროა, რაც ამ სამყაროში უკიდურესად ძნელია. თუმცა ცდად ღირს, რადგან ხანდაზმულობის დროს განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური პროცესები ღირებულის შექმნას შეგაძლებინებთ. ესეს მეოთხე ნაწილში კი არის რჩევები მათთვის, ვინც გადარჩა: ისინი ყველაზე მტკივნეულ ადგილას მიღებული დარტყმის ატანაში დაგეხმარებათ.

კრებულში შესულ დანარჩენ ტექსტებში გაეცნობით უელბეკის ხედვას ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რომლითაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ევროპული საზოგადოება ხასიათდებოდა. ეს არის ევროპელი ადამიანის პორტრეტი "მკვდარ დროში", უფრო დაწვრილებით: ევროპელი და პორნოგრაფია, პენსიონერი ევროპელი, ევროპელი დღესასწაულზე და .. ავტორი ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა კლონირება, არქიტექტურა, კინოხელოვნება, რეკლამა, ინფორმატიკა, ლიტერატურა და სხვ. ტექსტში, რომელსაც "სამყარო, როგორც სუპერმარკეტი და დაცინვა" ეწოდება, უელბეკი ნების ნაკლებობაზე წერს, რასაც ინდივიდუალობის ნაკლებობა მოსდევს. ამ საკითხმა ასორინის წიგნი "ნება" გამახსენა, რომელიც ბევრად ადრინდელ ევროპულ საზოგადოებაში არსებულ იგივე პრობლემას ეხება. როგორც ჩანს, დრომ ამ მხრივ არაფერი შეცვალა. ესეებში ჩამოყალიბებული ხედვა მომდევნო წლებში გამოცემულუელბეკის გახმაურებულ რომანებში ვრცლად არის გაშლილი.

თუ უელბეკი მოგწონთ და ჩემსავით ინტერესდებით მისი ახალი ქართულენოვანი გამოცემებით, ან ახლა იწყებთ მის გაცნობას, გეტყვით, რომ "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" უახლესი თარგმანია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შემოგვთავაზა. თარგმანი უელბეკის ერთერთ საუკეთესო მთარგმნელს, ირმა ტაველიძეს, ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ამ მომცრო წიგნის გვერდებზე საკუთარ (ევროპელ) თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამოიცნობთ

Wednesday, September 25, 2013

ტიპი მეზობელი საფლავიდან

დღეს დავწერ ერთ მსუბუქ საკითხავზე, წიგნზე, რომელმაც ჩემი ყურადღება სათაურით მიიქცია. თანაც ავტორი, კატარინა მასეტი, შვედი აღმოჩნდა, რამაც ლინდგრენის დამსახურებით, წიგნის მიმართ მეტი ინტერესი გამიჩინა. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქვრივი ბიბლიოთეკარისა და ფერმერის სიყვარულზე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სასაფლაოზე შეხვედრიდან იწყება. დეზირე ქმრის საფლავზე დადის, ბენი – მშობლების. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, არ აქვთ მსგავსი აღზრდა, საერთო ინტერესები და ცხოვრების წესი, რის გამოც თითქმის სულ გაურბიან ერთმანეთს, მაგრამ როგორც წიგნიდან ჩანს, საბოლოოდ ეს არც ისე მნიშვნელოვანია და მათ ერთად ყოფნას ხელს არ უშლის. მიზეზი ვნებაა, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი საზღვრები ვერ აფერხებს. დეზირესა და ბენის ურთიერთობისთვის თვალის მიდევნება დაგაფიქრებთ მსგავსი კავშირის სიძნეელებზე; ავტორის მარტივი ენის და ხალისიანი თხრობის დახმარებით კი ხშირად გაგაღიმებთ. ერთი სიტყვით, წიგნის კითხვას კარგი განწყობით დაასრულებთ. მე სანიშნედ გამოყენებულ ფურცელზე აი ეს მიმახატინა :)  

Monday, September 2, 2013

ფარული სახე

ამ წიგნის წაკითხვის სურვილი მეგობრის ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ორჰან ფამუქი წინასიტყვაობაში წერს, რომ მკითხველები სცენარებს ნაკლებად წყალობენ და თავადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მე პიესებისგან განსხვავებით, აქამდე კინოსცენარები არც ხელთ ჩამვარდნია და არც  წასაკითხად მიძებნია. პირველივე გვერდებიდან გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამახსენდა: ამ წიგნში ადამიანთა სახეებს ჩასცქერიან და მათი დარდებისა და სიზმრების ამოცნობას ცდილობენ. უამრავი ფოტოა მოფენილი ლუპამომარჯვებული ქალის ოთახში. "ჩვენი სახე რუკაა, ამბავი კი – მაგიდაზე დადებული ჩვენი სული" – ეუბნება ქალი ფოტოგრაფს. ქალს ცისფერი მანქანა აქვს და თავისი მანქანიანად იმ ცხენს ჰგავს, რომელიც ფოტოგრაფს ხელიდან არ უნდა გაუსხლტეს, თორემ მისი ძებნა და მასზე ფიქრი უსასრულოდ მოუწევს – ქალაქთა ქალაქში, უცხოთა ქალაქში, მკვდართა თუ გულთა ქალაქებში. ეს ცხენი არ ჰგავს ამავე სცენარის ერთ კადრში ყასბის გვერდით მიმავალ, სიკვდილის წინ თვალებახვეულ ცხენს. ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი (და არა უბრალო რეკვიზიტი) საათია – იქნება ეს მამისეული, კედლის, მელოდიური, ქალაქის კოშკის, მაგიდის, გაფუჭებული თუ ამუშავებული; კიდევ ერთ მთავარ გმირს, მესაათეს, წიგნის დასარულს ოცნება უსრულდება – ადამიანები საათის საიდუმლოებას იგებენ, თავს აღწევენ დარდებს და საკუთარი ამბების მოყოლას ახერხებენ. მთავარია, სიზმრები არ დაავიწყდეთ, თორემ იმედებს ვეღარ დაისახავენ. თხრობისას კი საათი გულთან ახლოს უნდა ეჭიროთ – მის გარეშე ფარული სახე ვერ მჟღავნდება.
სცენარში თითქმის ყველაფერი სიმბოლურია: მოქმედი გმირები თუ ნივთები. მათი ჩამოთვლა ალბათ შორს წამიყვანს. ფილმის ნახვას არ ვაპირებ, თანაც წიგნი ფილმის კადრებით არის გაფორმებული და მგონი ამიტომაც დამეკარგა ნახვის სურვილი.