Monday, September 2, 2013

ფარული სახე

ამ წიგნის წაკითხვის სურვილი მეგობრის ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ორჰან ფამუქი წინასიტყვაობაში წერს, რომ მკითხველები სცენარებს ნაკლებად წყალობენ და თავადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მე პიესებისგან განსხვავებით, აქამდე კინოსცენარები არც ხელთ ჩამვარდნია და არც  წასაკითხად მიძებნია. პირველივე გვერდებიდან გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამახსენდა: ამ წიგნში ადამიანთა სახეებს ჩასცქერიან და მათი დარდებისა და სიზმრების ამოცნობას ცდილობენ. უამრავი ფოტოა მოფენილი ლუპამომარჯვებული ქალის ოთახში. "ჩვენი სახე რუკაა, ამბავი კი – მაგიდაზე დადებული ჩვენი სული" – ეუბნება ქალი ფოტოგრაფს. ქალს ცისფერი მანქანა აქვს და თავისი მანქანიანად იმ ცხენს ჰგავს, რომელიც ფოტოგრაფს ხელიდან არ უნდა გაუსხლტეს, თორემ მისი ძებნა და მასზე ფიქრი უსასრულოდ მოუწევს – ქალაქთა ქალაქში, უცხოთა ქალაქში, მკვდართა თუ გულთა ქალაქებში. ეს ცხენი არ ჰგავს ამავე სცენარის ერთ კადრში ყასბის გვერდით მიმავალ, სიკვდილის წინ თვალებახვეულ ცხენს. ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი (და არა უბრალო რეკვიზიტი) საათია – იქნება ეს მამისეული, კედლის, მელოდიური, ქალაქის კოშკის, მაგიდის, გაფუჭებული თუ ამუშავებული; კიდევ ერთ მთავარ გმირს, მესაათეს, წიგნის დასარულს ოცნება უსრულდება – ადამიანები საათის საიდუმლოებას იგებენ, თავს აღწევენ დარდებს და საკუთარი ამბების მოყოლას ახერხებენ. მთავარია, სიზმრები არ დაავიწყდეთ, თორემ იმედებს ვეღარ დაისახავენ. თხრობისას კი საათი გულთან ახლოს უნდა ეჭიროთ – მის გარეშე ფარული სახე ვერ მჟღავნდება.
სცენარში თითქმის ყველაფერი სიმბოლურია: მოქმედი გმირები თუ ნივთები. მათი ჩამოთვლა ალბათ შორს წამიყვანს. ფილმის ნახვას არ ვაპირებ, თანაც წიგნი ფილმის კადრებით არის გაფორმებული და მგონი ამიტომაც დამეკარგა ნახვის სურვილი. შეფასებას რაც შეეხება – ხანდახან არ მინდა, რომ წიგნებს ქულებით ვაფასებდე. რაკი  მაინც, – 4 ქულამდე.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ორჰან ფამუქი ხომ ვერ დავძლიე გარკვეული პოლიტიკურ–ისტორიული მიზეზების გამო =))))))

Keti said...

ჰო, ვიცი :))) შეიძლება ითქვას, მე ახლა დავიწყე მისი კითხვა, ამდენი წელი გვერდს ვუვლიდი :)