Wednesday, August 14, 2013

ლურჯწვერა

წიგნის სათაური ბავშვობაში დაგაბრუნებთ, თუკი იმხანად შარლ პეროს ზღაპრებს კითხულობდით. ამელი ნოტომმა სწორედ ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ზღაპრიდან გამოადნო თავისი უახლესი რომანი.
წიგნის ფაბულა ისეთია, როგორც ზღაპარში: მდიდარი, ასკეტი მამაკაცი ეძებს თანამობინადრე ქალებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მის სასახლეში უგზო–უკვლოდ უჩინარდებიან. დგება მეცხრე, ოქროსფერი ქალის რიგი, თუმცა ის კოლექციონერზე მოხერხებული აღმოჩნდება.

ტექსტი მასში აღწერილი საღამოების აუცილებელი ატრიბუტის – საუკეთესო ფრანგული შამპანურის მსგავსად შუშხუნაა და თითქმის მთლიანად აგებულია სხარტი და ირონიული დიალოგებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ავტორი რომანის წერისას თავადაც შამპანურს წრუპავდა.

ეს არის წიგნი მარტოობის და ვალდებულებების შიშზე, ზღვარზე, რომელიც შეიძლება გადიოდეს სიყვარულსა და პირად მეს შორის, ცნობისმოყვარეობის დასაშვებ დოზაზე და ნდობის გამოცდაზე. აქ მამაკაცი ამტკიცებს, რომ მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს "საკუთარი ოთახი" – სივრცე, რომელსაც თავად ქმნის და სადაც უმყოფობას შეძლებს; კაცი თავს ღმერთად მიიჩნევს და აწესებს აკრძალულ ხილსა და სასჯელს მისი მოწყვეტისათვის. ის შეუდარებელი კულინარია და თერძი: ანუ ქმნის და რასაც ქმნის – მთელი გულით და მონდომებით. წიგნის მთავარი გმირი თვლის, რომ პირველად იყო კვერცხი, რომელშიც სამყარო ფეთქავდა და ოცნებობს, თავად იყოს ეს კვერცხი-სამყარო. კვერცხისგულისფერია ეს წიგნიც.

ზემოთ კოლექციონერი ტყუილად არ მიხსენებია. კითხვის დაწყებისთანავე ჯონ ფაულზის წიგნით განცდილი უსიამოვნო გრძნობა ამომიტივტივდა. ნოტომის და ფაულზის გმირებს ბევრი რამ აკავშირებთ, მათ შორის ფოტოგრაფია, როგორც სიყვარულის შეჩერებულ წამად ქცევის საშუალება.
შეფასებას რაც შეეხება, "მოკალი მამის" მსგავსად, ისევ 3,5 და 4 ქულას შორის ვმერყეობ.

> აუდიო


4 comments:

Fei Bukowski said...

მეც ახლახანს დავამთავრე :) შეიძლება ითქვას გზაში წავიკითხე, დაა მომეწონა , მაგრამ უფრო 3.5 , 4მდე ვერ ადის

Keti said...

გამიხარდა ამ წიგნზე აზრის მოსმენა.
ჰო, წელში გამართული 3.5 ნამდვილად ეკუთვნის :)

tsotnee said...

ოქროზე და ოქროსფერზე სულ ეს წიგნი მახსენდება. ჰო 3.5 ეკუთვნის, მეტი ვერ. :)

Keti said...

ჰო, ისეთი ოქროსფერი წიგნია, რომ... :)