Tuesday, October 29, 2013

პლატფორმა

2001 წელს მიშელ უელბეკმა რომან "პლატფორმის" სახით მკითხველებს თავისი პლატფორმა წარუდგინა და სკანდალიც მაშინვე აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პირველი პუბლიკაციიდან ათ წელზე მეტია გასულიწიგნი აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. რომანი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიის, "მსოფლიო კლასიკის", ფარგლებში გამოიცა. მთარგმნელი ირმა ტაველიძეა.

შეიძლება ითქვას, "პლატფორმა" თანამედროვე სამყაროს სარკედ იქცა. ის ალბათ ერთერთი ყველაზე რეალისტური რომანია, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ასახავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ წიგნის სკანდალური იმიჯი მასში ჭარბად არსებულმა სექსუალურმა სცენებმა განაპირობა. რატომღაც მგონია, პურიტან მკითხველსაც არ შეაწუხებს წიგნის ეს მონაკვეთები, რადგან ისინი ძირითადი სათქმელის და სინამდვილის აღქმაში გვეხმარება

კითხვის დასაწყისში მიღებული შოკი მალევე იცვლება სიუჟეტის განვითარებისადმი უზომო ინტერესით და კითხვას გულდამძიმებული და ფიქრით სავსე ამთავრებ. საფიქრალი კი არაერთი მიმართულებით ჩნდება: იქნება ეს თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ბიზნესი და თამაშის წესები, კულტურა და მისი კომერციალიზაცია, პირადი ურთიერთობები, რელიგია, რასიზმი თუ, უბრალოდ, ცხოვრების არსი. უელბეკი თანამედროვე ცივილიზაციას სარჩულის მხრიდან გვაჩვენებს და ამბობს: "ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ". ამ სისტემას "მსოფლიოს სხვა ნაწილში"გაურბის რომანის მთავარი გმირიც.

მიშელი 40 წლის მარტოსული მამაკაცია, "ზომიერი სოციალიზმის" ქვეყნიდან. აქვს არაფრით გამორჩეული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უღიმღამოც. მისი გაცნობა მამისეულ სახლში გვიწევსმამის სიკვდილის შემდეგ მიშელი საკმაო მემკვიდრეობის პატრონი ხდება და რამდენიმე დღეში ტურისტული საგზურით ტაილანდში მიემგზავრება. მისი უღიმღამო ცხოვრებაც სწორედ ტაილანდში იცვლება.

"შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვარულის მოპოვებას უნდა ახერხებდე" – მიშელს უმართლებსსამივეს მოიპოვებს, თუმცა დროებით. რომანის მეორე მთავარ (და ჩემ ფავორიტ) გმირს, ვალერის, მიშელი ტურისტული მოგზაურობისას ხვდება და სწორედ მისი დამსახურებით ამოუბრუნდება აწმყო."მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე", – ამბობს მიშელი ვალერისთან გატარებულ ერთობლივ პერიოდზე და ამატებს, რომ ესაც კარგია, რადგან ამის თქმა ყველას არ შეუძლია. ბედნიერების მოულოდნელად დასრულება სიცოცხლის სურვილს აქრობს; რაც, თავის მხრივ, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაჩნდეს. რჩება მხოლოდ მოვაჭრეებთან ურთიერთობა და მიშელი ისევ ტაილანდს უბრუნდება, სადაც ცხოვრების თავიდან დაწყება კი არა, ასატან პირობებში დასრულება სურს; თუმცა მიდის დარწმუნებული, რომ "ბოლომდე ევროპის შვილად –  შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერადდარჩება.

ერთერთი თემა, რომელზეც ავტორი მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის ფონზე საუბრობს, რელიგიაა. უელბეკი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ, რაც პრობლემადაც ექცამას საფრანგეთის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება მოუხდა. 2002 წელს "პლატფორმა" დაჯილდოვდა პარიზის კინოფესტივალის პრიზით "კინორომანი".  ამ პრიზით ის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აღინიშნება, რომელთა ეკრანიზაციაც რეკომენდირებულია. ფილმი ჯერაც არავის გადაუღია, თუმცა "პლატფორმა" ესპანური თეატრის სცენაზე უკვე დაიდგა.

და ბოლოს, რომანში წამოწეული თემების სიუხვის მიუხედავად, რომლებზეც ავტორი ჩვეული პირდაპირობით და ცინიზმით მიგვითითებს, მაინც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა და იმაზე, რომ ასეთ გაუსაძლის თანამედროვე სამყაროში ჯერაც არსებობს ის.  

"პლატფორმა" უელბეკის ჩემთვის ყველაზე საყვარელი წიგნია – ჰოდა, 5 ქულა.

რადიოგადაცემა

2 comments:

Fei Bukowski said...

მე ჯერ ესსეებმა შემაყვარა უელბეკი :)

Keti said...

მე ახლახან წავიკითხე მისი ესეები :)