Wednesday, July 23, 2014

ავღანეთი საიეშტადის ობიექტივში

ამ წიგნის კითხვა განსაკუთრებულ გზაში დავიწყე – ანუ ცაში. როცა წასაღებ წიგნად შევარჩიე, ვფიქრობდი, რა უცნაურია, ევროპაში გამგზავრებულს ასეთი აზიური წიგნისკენ გამირბის გული-მეთქი. არც მინანია.  ყველაფერი მაინტერესებს, რაც განსხვავებულ კულტურებს ეხება, მით უმეტეს, აზიურს და თან, დოკუმენტურად მოთხრობილიც თუ არის, ასევ ვთქვათ – სანდოდ, ხომ საერთოდ... ავტორი წერს, რომ ეს ლიტერატურული ნაწარმოებია, არ შევედავები, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როგორც მაგნუმის ფოტოგალერეების დათვალიერებისას. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლო თავების კითხვისას უკვე აღარ მინდოდა ეს რეალობა – დამთრგუნა; ერთი სული მქონდა, დამეხურა წიგნი და დამევიწყებინა. არ ვიცი, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი – ავღანელებს ვგულისხმობ. არადა, იყო მომენტები, როცა პარალელებს ვავლებდი ჩვენს რეალობასთან – უკვე ჩავლილთან  თუ მიმდინარესთან (ჩემი დათრგუნვაც უფრო ამ პარალელებმა გამოიწვია).

საიეშტადს, იმ ოჯახის ფონზე, რომელშიც თავად ცხოვრობდა, ყველა თემა აქვს მიმოხილული: ავღანელი ქალი (დედა, ცოლი, შვილი, და), ავღანელი კაცი (მამა, ქმარი, შვილი, ძმა), ავღანელი ბავშვი და მათ გარშემო: რელიგია, პოლიტიკა, განათლება, ბიზნესი, სამსახური, სექსი, სიყვარული, მეზობლობა, მეგობრობა, მებრძოლობა ავღანეთში... საბოლოო ჯამში კი იმ შეგრძნებას გიტოვებს, რომ იქ ვერაფერი შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის მანძილზე. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ქალების პორტრეტები იყო და მათი ყოველდღიურობა. ძალიან, ძალიან რთულია, იყო ავღანელი ქალი.

შეფასება: მაქსიმუმ 4,5 ქულა. 


>აუდიო

აქვე ერთი ქვეთავის ფოტოასლს გთავაზობთ იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რა შეუძლია რელიგიას, თუ მას არასაჭირო მიწიერი "მხედარი" მიისაკუთრებს. ეს არ არის მხოლოდ მუსულმანური რელიგიის პრობლემა. ნებისმიერმა რელიგიამ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად თუ სულიერად მოკლას. მთავარია, ადამიანთა ნება საით იქნება მიმართული.
 

No comments: