Friday, May 17, 2013

ნება

ამ სრულიად მომხიბვლელი წიგნის კითხვა თითქმის ერთი თვე გამიგრძელდა. მიზეზი არ ყოფილა დაზარება ან უინტერესობა, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ საფიქრს აჩენს, აბზაც–აბზაც ვაგემოვნე და დღეს შემიძლია ვთქვა – ბედნიერი მკითხველი ვარ, თუმცა არ ვიცი, საიდან დავიწყო ან როგორ მოვახერხო მოკლედ მოყოლა.

მწერლით დავიწყებ:  ხოსე მარტინეს რუისი, იგივე ასორინი (1873–1967) ე. წ. "98-იანელთა თაობის" იმ ესპანელ მწერალთა ხუთეულში შედის (რამირო დე მაესტუ, პიო ბაროხა, ანტონიო მაჩადო, ასორინი, მიგელ დე უნამუნო), რომლებმაც ესპანელი ხალხის გამოღვიძებაზე იზრუნეს და ქვეყნის აღმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაესტუ წერდა: "ჩვენ, შეურაცხყოფილი ეროვნული ღირსების შვილები ვეძებდით ერთადერთს, ზუსტ სიტყვას, რომ განგვესაზღვრა ჩვენი უბადრუკობა". "98-იანელთა თაობამ" თავისი შემოქმედებით დაასახელა კომპონენტები, რომელთა ნაკლებობაც განვითარებას აფერხებდა: ადამიანი, სიკეთე, იდეალი, რწმენა და ნება. ეს უკანასკნელი ასორინს ეკუთვნის.

წიგნში ასორინის ორი ნაწარმოებია შესული: "ნება" და "ესპანეთი". "ნების" მთავარი მოქმედი გმირები ახალგაზრდა ასორინი და მისი მასწავლებელი იუსტე არიან. იუსტესა და ასორინის საუბრები ეხება თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას – ლიტერატურას, ჟურნალისტიკას, განათლებას, კრიტიკას, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, რელიგიას, დრამატურგიას და სხვ. მათ "თანამსმენელად" ყოფნისას მქონდა შეგრძნება, რომ ვუსმენდი მსჯელობას ჩემი ქვეყნის წარსულზე, დღევანდელობაზე და მის შესაძლო პერსპექტივებზე. თუნდაც მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და უფასო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ განათლებაზე გამოთქმული აზრი იქნებოდა საკმარისი, ეს წიგნი რომ მნიშვნელოვნად ჩამეთვალა. ასორინი ამბობს, რომ ნების უქონლობისას ყოველგვარ აზრს კარგავს განათლება. მისი გმირის, ასორინის შემთხვევაში ნების უქონლობამ გონების დაცემა გამოიწვია. ესპანელებზე კი წერს: "გარდაუვალ გაჩანაგებას ხედავენ, უკვე გაჩანაგებულები არიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, არაფერს მოიფიქრებენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ელიან! როგორც მისტიკოსი ელოდება ყველაფერს ციდან".
ძალიან მინდა პოსტში ციტატების გადმოტანა, მაგრამ შეუძლებელია: შეიძლება ითქვას, მთელი ნაწარმოები ერთი დიდი ციტატაა. ზუსტად ვიცი, რომ უკეთ შესაცნობად მას არაერთხელ გადავიკითხავ.
29 წლის იყო ასორინი, როდესაც ეს ნაწარმოები გამოაქვეყნა. მე მშურს ესპანელების, რომლებსაც ჰყავდათ 29 წლის მოაზროვნე, ვინც მათი ცნობიერების შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ვინც დღესაც თანამედროვეა; თუმცა მიხარია, რომ იგი მსოფლიოს ეკუთვნის – მთავარია, მკითხველმა იპოვოს. 

რაც შეეხება "ესპანეთს", ეს ჩანაწერების კრებულია, რომლებიც ესპანეთს მკითხველის ხელისგულზე გადაშლიან – თავისი პეიზაჟებითა თუ ადამიანთა პორტრეტებით. მადლობა მთარგმნელს, ზურაბ წიქარიძეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით და ხარჯით თარგმნა და გამოსცა წიგნი; მცირე ლაფსუსები სალაპარაკო აღარ არის.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

როცა გგონია ადამიანს, რომ ბევრი კარგი წიგნი გაქვს წაკითხული და შეგიძლია მშვიდად იარო, უცებ ნახავ ამ პოსტს და მიხვდები, ჯერ ძალიან ბევრი რამ არ გინახავს და წაგიკითხავს.

ძალიან დამაინტერესა ამ წიგნმა. ავტორი უცნობია ჩემთვის, თუმცა მისმა ასაკმა და აზროვნებამ ძალიან მიმიზიდა.

დიდი მადლობა, ქეთი. ასევე წინა პოსტისთვისაც, იმდენი საინტერესო ავტორი გყავს ნახსენები. იმედია, ოდესმე მოვახერხებ მათ წაკითხვას.

პ.ს. ეს გრინტონიკს ეხება, იქ ვერ ვიპოვე კომენტარების ველი და აქ დაგიწერ, რომ ბლის ყვავილმა გული გამითბო და თან რაღაცნაირი, სიმსუბუქის გრძნობა გამიჩინა. მინდა ჩემს ბლოგზე დავდო ეს შენი ფოტო, შენი ნებართვით და წყაროს მითითებით, ბუნებრივია.

Keti said...

სოფი, დიდი მადლობა!
მეც ხშირად მაქვს მსგავსი შეგრძნება, როცა ჩემთვის ახალ და კარგ წიგნს ვიპოვი ხოლმე...

გრინტონიკზე კომენტარების ველი ჩართული მაქვს, მაგრამ ალბათ რაიმე შეფერხება იყო. რა თქმა უნდა, სოფი, გადაიტანე. მიხარია, რომ მოგწონს :)