Wednesday, September 25, 2013

ტიპი მეზობელი საფლავიდან

დღეს დავწერ ერთ მსუბუქ საკითხავზე, წიგნზე, რომელმაც ჩემი ყურადღება სათაურით მიიქცია. თანაც ავტორი, კატარინა მასეტი, შვედი აღმოჩნდა, რამაც ლინდგრენის დამსახურებით, წიგნის მიმართ მეტი ინტერესი გამიჩინა. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქვრივი ბიბლიოთეკარისა და ფერმერის სიყვარულზე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სასაფლაოზე შეხვედრიდან იწყება. დეზირე ქმრის საფლავზე დადის, ბენი – მშობლების. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, არ აქვთ მსგავსი აღზრდა, საერთო ინტერესები და ცხოვრების წესი, რის გამოც თითქმის სულ გაურბიან ერთმანეთს, მაგრამ როგორც წიგნიდან ჩანს, საბოლოოდ ეს არც ისე მნიშვნელოვანია და მათ ერთად ყოფნას ხელს არ უშლის. მიზეზი ვნებაა, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი საზღვრები ვერ აფერხებს. დეზირესა და ბენის ურთიერთობისთვის თვალის მიდევნება დაგაფიქრებთ მსგავსი კავშირის სიძნეელებზე; ავტორის მარტივი ენის და ხალისიანი თხრობის დახმარებით კი ხშირად გაგაღიმებთ. ერთი სიტყვით, წიგნის კითხვას კარგი განწყობით დაასრულებთ. მე სანიშნედ გამოყენებულ ფურცელზე აი ეს მიმახატინა :)  

2 comments:

Anonymous said...

ქეთი, მე მომეწონა, ხალისიანად და სასიამოვნოთ იკითხება და მგონია რომ საკმაოდ აქტუალური თემაც არის. ერთი შეხედვით შეუთავსებელი პიროვნებები და მათი სიყვარულის ისტორია. ყველაზე მეტად კი მომეწონა თითოეული მხარე როგორ აღიქვამდა მოვლენებს, ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა.

Keti said...

კი, ასეთი ურთიერთობის სიძნელეები ჩანს ამ წიგნში და გეთანხმები, რომ თავის მხრივ ორივე მართალი იყო. ზრდასრული ადამიანების შეცვლა შეუძლებელია