Friday, November 14, 2014

საჩუმათო ამბავი

ყველა წიგნი არ აჩენს მოლოდინის განცდას – როცა ცდილობ, გამონახო დრო და გააგრძელო კითხვა (რადგან ერთ ღამეში წიგნებს არასდროს ვამთავრებდი); როცა, უბრალოდ, გენატრება წიგნის გმირი და გაინტერესებს მისი მომავალი. რა ხანია, ეს განცდა არ მქონია და ნიძიოს "საჩუმათო ამბავის" წყალობით კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.
 

"საჩუმათო ამბავი" მე-14 საუკუნის დასაწყისში შექმნა იაპონელმა სეფექალმა ნიძიომ. შემდეგ კი, 7 საუკუნის მანძილზე, მის შესახებ არავინ უწყოდა. ხელნაწერი მხოლოდ 1940 წელს აღმოაჩინეს სასახლის წიგნსაცავში, თუმცა მის გამოქვეყნებამდე კიდევ 20 წელი გავიდა, რადგან იმხანად იაპონიაში არსებული ვითარება წიგნის გამოსაცემად ხელსაყრელი არ იყო. 

წიგნი ავტობიოგრაფიულია – ერთგვარი დღიური. შედგება 5 გრაგნილისგან და მოიცავს ავტორის ცხოვრების 35 წელს (1271–1306 წწ.). თხრობის დასაწყისში ნიძიო 15 წლის არის. მართალია, წიგნში დაკონკრეტებულია თარიღები (დღეებიც კი), მაგრამ ეს არ არის უშუალოდ ამ დღეებში გაკეთებული ჩანაწერები – სავარაუდოდ, ნიძიომ ის ერთბაშად, 1300-იან წლებში დაწერა.

წიგნი იწყება ამბით, თუ როგორ ხდება 15 წლის ნიძიო იმპერატორ გო–ფუკაკუსას (იაპონიის 89-ე იმპერატორი, 1243–1304 წწ.) სეფე-ქალი. ეს ცერემონიალი ნიძიოს ოჯახში იმართება. ავტორი დაწვრილებით აღწერს თავის გრძნობებს და ტრადიციის ყველა ნიუანსს. შემდეგ კი ვეცნობით მის საერო თუ ეკლესიურ ცხოვრებას. ამ ხნის მანძილზე ნიძიომ ოთხი შვილი გააჩინა,
თუმცა მათი აღზრდა ვერ შეძლო (თუ არ ჩავთვლით ნაბოლარას, ისიც მხოლოდ ჩვილობის ასაკში). წიგნში უხვად არის მოცემული არაჩვეულებრივი ტანკები, რითაც კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იაპონიაში პოეზიას. ასევე აღწერილია ტრადიციული სამოსი, რელიგიური თუ საერო ცერემონიალები, სამეფო კარის წევრებსა თუ მათ ქვეშევრდომთა შორის არსებული ურთიერთობები. განსაკუთრებული გრძნობებით გადმოცემულია ნიძიოს სიყვარული მისი მამის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობებიდან კი იმპერატორისა და წინამძღვრის სიყვარულს გამოვყოფდი, რომლებიც ავტორისთვისაც გამორჩეული აღმოჩნდა. მეხუთე გრაგნილი მთლიანად ეძღვნება ნიძიოს, როგორც ბუდისტი მონაზვნის, ცხოვრებას.

თუ იაპონური ლიტერატურა გიყვართ, განსაკუთრებით ისიამოვნებთ ამ წიგნით, ხოლო ვინც ახლა იწყებთ გაცნობას, "საჩუმათო ამბავი" ალბათ საუკეთესო ნიადაგს მოგიმზადებთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნისა და მისი ლიტერატურის შესაყვარებლად.

No comments: