Monday, November 24, 2014

წასვლა

დიდიე ვან კოველერტი ფრანგი მწერალია (დ. 1960), რამდენიმე რომანის, პიესისაა და კინოსცენარის ავტორი, არაერთი პრემიის მფლობელი. ქართულ ენაზე მისი მხოლოდ ერთი რომანია ნათარგმნი – "წასვლა" – რომელმაც ავტორს გონკურის პრემია მოუტანა (1994).

მთავარ გმირს სასაცილო (სატირალი რომ არა) ისტორია აქვს: მარსელელი ბოშები მას ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მშობლებთან ერთად პოულობენ მანქანაში, ზრდიან, არქმევენ ამი-6–ს იმ მანქანის მარკის შესაბამისად, რომელშიც იპოვეს, აძლევენ ექვსი კლასის განათლებას და ასწავლიან ავტორადიოების მოპარვას. მოგვიანებით, როცა იდენტიფიკაციისთვის პირადობის მოწმობა დასჭირდება, ამი-6 იღებს ყალბ საბუთს არაბული სახელ-გვარით, რომელშიც წარმოშობის ქალაქად გამოგონილი სიტყვა უწერია და ნელ-ნელა იჯერებს თავის არაბულ წარმომავლობას (მიუხედავად იმისა, რომ იცის ნამდვილი ისტორია). სულ მალე, საკუთარი ქორწილიდანვე ხვდება პოლიციის განყოფილებაში, სადაც, როგორც არალეგალ ემიგრანტს, გამოუტანენ განაჩენს – სახელმწიფოს ხარჯით გაამგზავრონ და დააფუძნონ მის "მშობლიურ" მაროკოში, კერძოდ, პირადობის მოწმობაში მითითებულ გამოგონილ ქალაქში.

რომანის მეორე მთავარი გმირის, ჟან-პიერის საშუალებით, რომლის მისიაც აზიზის, იგივე ამი-6–ის მაროკოში გაცილებაა, ავტორი უკვე ე. წ. ლუზერის ტრაგიკურ ცხოვრებას გვიჩვენებს.

კოველერტი იუმორითა და მსუბუქი ირონიით გვიამბობს ამ აბსურდულ ისტორიას, დასცინის ფრანგულ პოლიციასა და ბიუროკრატიას, პრესას თუ უბრალოდ საზოგადოებას. გვიყვება მეგობრობაზე, სიყვარულზე, ანგარებასა და უანგარობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ახლობლებისგან თუ სახელმწიფოსგან გარიყულმა, მარტოსულმა ადამიანებმა ერთმანეთს ცხოვრების მიზანი აპოვნინონ.

No comments: