Thursday, December 11, 2014

სიბრმავე

როდესაც შევიტყვე, რომ ჟოზე სარამაგუ "სიბრმავეშიც" საყოველთაოდ გავრცელებული უცნაურობის ამბავს ჰყვებოდა, მისი წაკითხვის სურვილი გამიქრა. ვიფიქრე, ოდესმე შეიძლება წამეკითხა ეს წიგნი, ოღონდ არა ახლა. თუმცა, ისე მოხდა, რომ წიგნმა თავად მომნახა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

წიგნი გვიამბობს მოულოდნელად გავრცელებული ეპიდემიის ამბავს – მეგაპოლისის მაცხოვრებლები ერთი-მეორის მიყოლებით ბრმავდებიან. თვალხილული რჩება მხოლოდ თვალის ექიმის ცოლი, რომლის ირგვლივაც ვითარდება წიგნში მოთხრობილი მთელი ისტორია. თავდაპირველად  სახელმწიფო ე. წ. გეტოებში განათავსებს დაბრმავებულ ადამიანებს, თუმცა მალე სიტუაცია უკონტროლო ხდება. ავტორი კი ერთ–ერთ გეტოში განვითარებულ ამბავს გვიყვება, სადაც ზემოთხსენებული მხედველი ქალი ცხოვრობს – ჩვენ სწორედ მისი თვალებით ვხედავთ, მისი ყნოსვით ვგრძნობთ, მისი ხელებით ვეხებით... და სული გვეკვრის.

ამ რომანში მოქმედ გმირებს არ აქვთ სახელები. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ვასხვავებთ ასე: ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, შავსათვალიანი ქალიშვილი... და ეს ფაქტი გვეხმარება, ადვილად დავინახოთ თითოეულ მათგანში ჩვენი თავი, დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვინც "ბრმები ვიყავით და ახლაც ბრმები ვართ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ". აკი, სიბრმავეც ისეა აღწერილი, რომ ექიმის გამოცდილი მზერაც კი ვერ ამჩნევს რაიმე განსხვავებას დაავადებულ და ჯანმრთელ თვალებს შორის. და რა აბრმავებს ადამიანებს, სად არის საწყისი? სარამაგუს ამაზეც აქვს პასუხი – შიშია ყველაფრის თავი და თავი და შიში არ გვაძლევს თვალის ახელის საშუალებას. ეს წიგნი შეშინებულ, ბრმა ადამიანებს სიცოცხლის შეყვარებისკენ მოუწოდებს; მასში არაერთხელ ჟღერდება აზრი, რომ ადამიანები სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ; იცოცხლონ მანამ, ვიდრე რაიმე სასარგებლოს მოტანა შეუძლიათ სამყაროსთვის; რომ იმაზე უარესი არაფერია – არ გინდოდეს დანახვა; რომ უკეთ დავინახავდით, ჩვენ ირგვლივ მეტი თვალხილული რომ იყოს; რომ უსინათლო  ადამიანები სიბრმავეს წარმოქმნიან.

წიგნს 5 ქულით ვაფასებ და სარამაგუს კიდევ ერთი წიგნისკენ მაქვს გეზი აღებული. ამით მის ქართულენოვან თარგმანებს ამოვწურავ.

> აუდიო

ამონარიდები: >1>2>3>4>5>6


2 comments:

შალვა said...

ასეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ექიმმა თავის ცოლი ძაან მარტივად გაიმეტა იმ ცხოველებისთვის. შემეცოდა ეს ქალი.

Keti said...

ჰო:( მეც შემეცოდა.