Friday, January 2, 2015

რუკა და ტერიტორია

ეს წიგნი ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში წავიკითხე; და შევიყვარე უკანმოუხედავად. თუმცა მხოლოდ ახლა, ერთი წლის დაგვიანებით, ვწერ მასზე:

ვიდრე "რუკა და ტერიტორიას" წავიკითხავდი, მიშელ უელბეკის წიგნებიდან ყველაზე მეტად "პლატფორმას" გამოვარჩევდი. მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ენაზე უელბეკის ამ, ჯერჯერობით უკანასკნელმა, თარგმანმა ჩემთვის ყველა მისი წიგნი გადაფარა. მან მითხრა სად ვცხოვრობ, როგორ სამყაროში, რატომ მიჭირს ან მილხინს, რას შეიძლება ველოდო მომავალში. თუ უელბეკის რომელიმე რომანი მაინც წაგიკითხავთ, მასთან შედარებით "რუკა და ტერიტორია" ნაკლებდეპრესიულად მოგეჩვენებათ, თუმცა ამავე დროს, ყველაზე მეტად წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის რაობას, მის აწმყოს თუ ხვალინდელ დღეს. როგორია დღეს სიყვარული, შემოქმედება და შემოქმედის მდგომარეობა, რა როლი აქვს ფულს, ძალადობას... ავტორის თქმით, წიგნი მამა–შვილის ურთიერთობაზეა; არც უამისობაა, დიდი ადგილი უჭირავს მშობლისა და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი მაინც მარტოობაზე დაწერილი საგაა; პირში მოხლილი სიმართლე, რომელსაც თუ თვალს გაუსწორებთ, ამ რომანის შეყვარებაც გარანტირებული გექნებათ.

რომანში თავად ავტორსაც შეხვდებით, როგორც მოქმედ გმირს – უკიდურესი თვითირონიით სავსეს. ზოგადად, "რუკა და ტერიტორია" ირონიით სავსე წიგნია, ფინალითურთ, საიდანაც ვიგებთ, რომ თურმე "აქ გამოთქმულ აზრებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პერსონაჟებს ეკისრებათ; მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია."

ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლე, მთავარი გმირის, ჟედის ცხოვრებას აქ არ განვიხილავ; არც იმ არაერთ ეპიზოდს, უზომოდ რომ იმოქმედა ჩემზე. შესაფასებელი ქულა კი, ადვილი გამოსაცნობია – 5.


> აუდიო

ამონარიდები: > 1> 2


2 comments:

Toma said...

keti, gilocav axal cels.
mrvals daescari janmrtelad da gaxarebulad!

Keti said...

დიდი მადლობა, ტომა :* ასევე, მრავალს დაესწარი ბედნიერად და ჯანმრთელად შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!