Tuesday, March 24, 2015

მოწყენილობა

ალბერტო მორავიას "მოწყენილობა" პირველად 1960 წელს გამოიცა და ავტორის შემოქმედებაში ერთგვარ საზღვრადაც იქცა – "მოწყენილობამდე" და "მოწყენილობის" შემდეგ. წიგნში შესანიშნავად არის დახატული მთავარი გმირის ფსიქო-ემოციური პორტრეტი და, ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ინდიფერენტული განწყობა აწმყოსა და მომავლისადმი; თუმცა, ეს ნეორეალისტური ნაწარმოები ალბათ მისი ეროტიულობის გამოც გახდა სკანდალური. საქმე ხომ 60-იანი წლების ტრადიციულ იტალიას ეხება. წიგნში საკმაოდ ღია ეროტიული (თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან უწყინარი) სცენებია მოცემული, რომლებსაც გასული საუკუნის ევროპული კინოს სურნელიც დაჰკრავს (ან პირიქით, ევროპულ კინოს ეტყობა მორავიას კვალი). კინო ვახსენე და ბარემ ვიტყვი, რომ "მოწყენილობის" მიხედვით ორი ფილმია გადაღებული – 1963 (The Empty Canvas) და 1998 (La noia) წლებში. მე კი მგონია, რომ ამ რომანიდან მშვენიერი სპექტაკლი გამოდნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში სულ რამდენიმე მოქმედი გმირია, თხრობა ძირითადად დიალოგებზე დგას, მოქმედებაც სამიოდე მიზანსცენაში შეიძლება გადანაწილდეს...

ასე თუ ისე, წიგნმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მთავარი გმირი 35 წლის მხატვარი დინოა, მდიდარი დედის ერთადერთი ვაჟი, რომელიც სიმდიდრეს გაურბის და ფსევდოღარიბის ცხოვრებით ცხოვრობს; გამუდმებით მიილტვის დედისკენ, თუმცა მიაღწევს თუ არა მასთან, გული ერევა შეგრძნებაზე, რომელიც დედის წიაღში დაბრუნებას აგონებს და ისევ ელდანაკრავივით ტოვებს მშობლიურ სახლს. დინო დედის კმაყოფაზე ცხოვრობს, თავადვე იწესებს საარსებოდ საჭირო თანხის მინიმალურ რაოდენობას. მისთვის ცხოვრებას სიამოვნება არ მოაქვს, მოწყენილობა სტანჯავს – არაფრის მიმართ განიცდის რაიმე სახის კავშირს, სანამ მის ცხოვრებაში სესილია – ღარიბი ნიმფომანი გოგო არ გამოჩნდება. სესილიაც  მოწყენილობით არის შეპყრობილი, ერთადერთ სიამოვნებას სხეულისგან იღებს, არ აინტერესებს მშობლები, საკუთარი მომავალი, ინდიფერენტულია გარემოს თუ ფულის მიმართ, არავითარი მიზანი გააჩნია. დინო, სესილიას გაცნობიდან მალევე, ცხოვრებაში პირველად განიცდის რაიმეს დასაკუთრების სურვილს, რაც მისთვის უჩვეულო და აუტანელია. იმდენად, რომ გამუდმებით ეძებს გზას ამ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ რაც მეტად "მოძრაობს", ჭაობიც მეტად ითრევს. დინო დასაკუთრებას გათავისუფლებას უკავშირებს – მოწყენილობის ჩვეულ კლაპოტში ჩაბრუნების ერთადერთ გზად აღიქვამს, რისთვისაც სრულიად შეგნებულად დგამს ყველაზე დამამცირებელ ნაბიჯებს, რაც შეიძლება ადამიანმა პირად ურთიერთობებში გადადგას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა ამაოა.

ცალკე საინტერესოა მშობლების თაობა – დინოს დედა და მისი გარემოცვა, სესილიას მშობლები; მათი ყოფა თუ მიზნები ფაშიზმგამოვლილ ქვეყანაში, დამოკიდებულება შვილებისადმი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჩემთვის სესილიას ბინაში განვითარებული მოვლენები იყო – იმდენად ნატურალისტურად არის აღწერილი გარემო და ადამიანების პორტრეტები ამ ინტერიერში, იმდენად კადრირებულია თითოეული ქმედება. საერთოდაც, მარქსისა და ფროიდის თეორიებით გატაცებული ავტორის გმირების ქმედებებში ბევრის ამოკითხვა შეიძლება. თუნდაც დედის საწოლზე სესილიას დაუფლება ავიღოთ.

და ბოლოს, ალბერტო მორავიას გაცნობა "მოწყენილობით" არ დამიწყია – წლების წინ, მისი "ზიზღი" ჩემი გზის ერთ-ერთი პირველი თანამგზავრი იყო. მაშინ "გზაში წაკითხული წიგნები" არ არსებობდა და მოგვიანებით მის შესახებ დაწერას თავი ვეღარ მოვაბი. იმედია, ოდესმე ამ წიგნსაც მივუბრუნდები. > ამონარიდი
 

No comments: