Tuesday, November 3, 2015

მოლოი


რა შემიძლია, სემუელ ბეკეტზე ვთქვა? ან ძალიან ბევრი, ან არაფერი, რადგან შეიძლება ისე შეგბოჭოს, რომ მონდომების მიუხედავად, სიტყვა ვერ გამოტყუო კალამს თუ კლავიატურას. მრავალფეროვანი ორგანიზმებით სავსე ღრმა წყალს ჰგავს ბეკეტი, შენ კიდევ მყვინთავსჩადიხარ ფსკერისკენ, აკვირდები, აღმოაჩენ, სწავლობ... მთავარია, სუნთქვა გეყოს. მის ერთ არაჩვეულებრივ წიგნზე, რომელშიც გოდოს მოლოდინში, პირველი სიყვარული და თამაშის დასასრულია შესული, დიდი ხანია, მინდა დავწერო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა „მოლოის“ „შევეჭიდები“:

ამ წიგნს უცებ ვერ წაიკითხავ, საკმაოდ მძიმეა, თუ შესაბამისი მოთმინებითა და, ცოტაც, ზემოთ ნახსენებ ღრმა წყლებში ჩაყვინთვის სურვილით არ ხარ შეპყრობილი. ზოგადად, ბეკეტის წიგნები არ არის მარტივი საკითხავი. „მოლოი“ კი განსაკუთრებულია – თავად გმირია განსაკუთრებული და, როგორც რეალურ ცხოვრებაშია რთული შიგნით ჩაბრუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა, ასეა ამ შემთხვევაშიც. ასე მგონია, ექსტრავერტი მკითხველები მოიწყენენ მოლოისთან.

მოლოი გზაზე დამდგარი კაცია – დანიშნულების ადგილი დედის სახლია და უფრო კი დედის წიაღი. მოლოი არაფერზე ფიქრობს და მსჯელობს და, ამავე დროს, ყველაფერზე. საკუთარი სხეული, საგნები თუ ადამიანები, რომლებიც მისი ხედვისა და შეგრძნებათა არეალში ხვდებიან, მოლოის ფიქრებში იფილტრებიან და ამ ფილტრაციის პროცესს ჩვენ ვადევნებთ თვალს. ეს არის საკუთარ თავთან გაბმული დიალოგი. მოლოი, მისივე თქმით, არც მხეცად მოევლინა ქვეყანას და არც კაცად; ისიც არ იცის დანამდვილებით, მისი გვარი მოლოია თუ არა. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა თავად არიან მოლოი. სად ნაცვლდება სინამდვილე ბუნდოვანებით, ძნელი გასარჩევია. ასეც უნდა იყოს – ეს აბსურდის თეატრია, რომლის სცენაზე გათამაშებული ყველაზე გაუგებარი ქმედებაც კი სინამდვილეს ასახავს.

წიგნი ორნაწილიანია, მეორე ნაწილი გაცილებით მსუბუქი საკითხავია. მისი მთავარი გმირი ჟაკ მორანია, რომელიც მოზარდ ვაჟთან ერთად სამსახურებრივ მოგზაურობას იწყებს. მოლოის მსგავსად, ისიც მუდმივად აკვირდება გარემოსა თუ ადამიანებს და იმდენად იმეორებს მოლოის, რომ კითხვის დასრულებისას თითქმის დარწმუნებული ხარ – ჟაკი მოლოია – სარკისებურად შებრუნებული მოლოი.

საბოლოო ჯამში, ეს ძიებათა – საკუთარ თავში მოგზაურობისა და აღმოჩენების წიგნია. კითხვის დასრულებისას შემშურდა მოლოის, რომელიც საოცრად თავისუფალია, საითაც უნდა იქით წავა, რამდენსაც უნდა იმდენს შეიმეცნებს და ისიც ზუსტად იცის, სად მიდის.


წიგნს 5 ქულით ვაფასებ.

ამონარიდები: <1<2<3<4<5<6, <7

> აუდიო


No comments: