Tuesday, December 1, 2015

კუნძულის შესაძლებლობა


სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ალბათ ყოველ მეორე, ყოფიერებისგან დაღლილ და გულგატეხილ ადამიანს მაინც უნატრია დაძინება და გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრების იმავე პოზიციიდან გაგრძელება, რომელზეც ძილამდე შეჩერდებოდა. როგორც ჩანს, უელბეკსაც. მისი გმირები კუნძულის შექმნის შესაძლებლობას უშვებენ, სადაც ნეო ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება ზუსტად ისე, ზემოთ რომ ვწერდი. ოღონდ მათი "ძილ-ღვიძილი" მუდმივობას ნიშნავს – უკვდავებას, როგორც ამას ჩვეულებრივი მოკვდავები ვუწოდებთ. ყველა, ვინც ახალ რელიგიას ეზიარება, მიიღებს ბილეთს უსასრულობაში, სადაც, უელბეკის აზრით, მტანჯველი ბავშვობისა და სიბერის პერიოდებზე აღარ დაიხარჯება დრო და ენერგია, ადამიანები შეძლებენ, ზრდასრულებმა და საკუთარ სურვილებსა და რაობაში გარკვეულებმა, განაგრძონ ცხოვრება დაპაუზება-სტარტის რეჟიმში. ამ სიზმარს იმდენად დამაჯერებლად აღწერს, რომ ფიქრობ, ემანდ შენს ირგვლივაც ხომ არ არსებობს ელოჰიმიტური ეკლესია, ხომ არ გაერთიანდე, აამო ხორცს და შესაბამისად სულს და თან თავად გადაწყვიტო, როდის აამოქმედო წასვლა-მოსვლის საკუთარი გრაფიკი. თან ფიქრობ: ასე თუ გაგრძელდა სამყაროს განვითარება, მართლაც რაღაც შეიცვლება, მაგალითად, არსებულ რელიგიებს – რაც ადამიანური ვნებების მამოძრავებელი ძალა და მიმართულებს მიმცემია დღეს, დაჯაბნის ახალი; ფიქრობ, რომ მოძველდა ის დოგმები, რასაც ჯიუტად მისდევენ ადამიანები, ვერ არგებენ თანამედროვე ყოფას და იტანჯებიან ამის გამო. 

უელბეკის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მის ბოლო რომანებში ქალ გმირებს ვეცნობი. ის წერს ორმოცს მიტანებულ ქალებზე, რომლებიც ამ ასაკს, როგორც ფინიშს, ისე აღიქვამენ და მყისიერად კარგავენ სიცოცხლის ინტერესს. მგონია, რომ უელბეკი აჭარბებს, რომ შეუძლებელია 37-ის იყო ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, რეალიზებული და უცებ, სამ წელიწადში, მოსიარულე ტომრად იქცე – თანაც, არა მხოლოდ ფიზიკურად. მაგრამ ბოლოს თითს ვკაკვავ. ცხადია, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ რეალურად, ამ სასტიკ სამყაროში, ერთია, შენ რას გრძნობ და მეორე – ბაზარი რა მოთხოვნებს აყენებს. სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზი მცენარეც იწყებს ჭკნობას, როგორც კი მზე და წყალი მოაკლდება, როგორც კი პატრონი – თანამედროვე საზოგადოება – ბნელ კუთხეში მიდგამს და ახალ მცენარეს აირჩევს ფავორიტად. საბოლოო ჯამში, ადამიანებს კლავს მღელვარე ცხოვრებიდან მათი ჩამოშორება, უცებ იმის გამოცხადება, რომ მათი თამაშის დრო ამოიწურა და ახალ სეანსზე აღარ დაიშვებიან.

რამდენიც უელბეკის ახალ რომანს ვკითხულობ, იმდენჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ახლობელია. მერე ხდება ისე, რომ მორიგი რომანი ყველა მანამდელს მავიწყებს. ასე დამემართა "კუნძულის შესაძლებლობის" კითხვისას. ყოფიერების აუტანლობა ყველაზე ნიჭიერად, დამაჯერებლად, სრულიად რეალისტურად, რა თქმა უნდა, მიშელს შეუძლია, აღწეროს. ტკივილამდე მართალია, როცა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, სავსე და ამავდროულად ცარიელ ცხოვრებაზე, გულგრლილობაზე, შიშებზე, სიყვარულზე, სიკვდილისკენ სწრაფვასა და მაინც, სიცოცხლის ვერ დათმობაზე. ალბათ აქედან მოდის უკვდავების უშრეტი სურვილიც, აქედან მოდის ძალა, რომელიც მოაფიქრებინებს უელბეკის გმირებს გამოსავალს – თუ როგორ წავიდნენ ისე, რომ არა მეორედ, არამედ მრავალგზის დაბრუნდნენ და თან, გვერდით იყოლიონ ყველაზე ერთგული არსებები. ამავე დროს კი, ჩაუკეტონ კარი და გაერიყონ მათ, ვინც არ იწამეს მათი რელიგია, არ იწამეს ახალი გზა და მხოლოდ წარსულისკენ იყურებოდნენ.

ერთგული არსებები ვახსენე და უცნაურია, ბოლოს წაკითხულ სამ წიგნში, მიყოლებით, ძაღლებზე მხვდებოდა ოდები: რომ ყველაზე ახლობელი და ადამიანისთვის ნამდვილი, უანგარო სიყვარულის გრძნობის განმაცდეველი ძაღლია. ამას წერდა ბეკეტი "მოლოიში",  უელბეკი – "კუნძულის შესაძლებლობაში" და  ქსავიერ დე მესტრიც, რომელმაც თავისი წიგნის ერთი თავი მიუძღვნა ერთგულ მეგობარს.

წიგნიდან დასამახსოვრებელი იყო წერილის, როგორც დამაკავშირებელი ძაფის, ეპოქებს შორის გადებული ხიდის, როლი. წერილების – წმინდა წერილების – წერა თითოეულ ნეო ადამიანს შეუძლია, სადაც ყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობებზე, ტოვებენ გზის მანიშნებლებს მეორედ, მეოცედ თუ მეორასედ მოსასვლელი "მესთვის". უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობაც" ასეთი წერილია – თანამედროვე ადამიანის გადაძახილი მომავალში, მისსავე თავთან. მინდა ვურჩიო ამ წერილის გაცნობა მას, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ცხოვრების არსზე, თავის როლზე, საკუთარ სურვილებზე და თვალი გაუსწორებია მკაცრი რეალობისთვის; მას, ვინც არ დადის ვარდისფერი სათვალით და არც ჩანთაში მოეძებნება ის; ვინც მამაცია, როცა საქმე მიწაზე დგომას ეხება.

No comments: