Friday, March 8, 2013

სიკვდილი ისვენებს

სარამაგუ ამ წიგნში წერს: "ყველაფერი, რასაც ღმერთსა და სიკვდილზე ამბობენ, ლაზღანდარობაა და მეტი არაფერი, მათ შორის – ჩვენი ისტორიაც". მე კი ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე კარგი ლაზღანდარობაა სიკვდილზე, რაც ოდესმე გამიგია; იმდენად კარგი, რომ მისი "ბუნდოვანი ნახაზი" ლამის გვერდით, ან უარესი – ლამის ჩემში ვიგრძენი. ავტორის თქმით, სიკვდილის დაჟინებულ მზერას გამუდმებით ვგრძნობთ, რაშიც ძალიან ვეთანხმები – უბრალოდ, ახლა გაცილებით მხიარული დავუბრუნებ მზერას.

წიგნში მოთხრობილია ამბავი ქვეყნისა, რომელშიც ახალი წლის ღამეს სიკვდილი (უბნის რწმუნებული, რადგან ყველა ქვეყანას თავისი "სიკვდილუკა და სიკვდილუნა" ჰყავს მიმაგრებული) გართობის ხასიათზე დგება და გადაწყვეტს, დაისვენოს თავისი ერთადერთი მოვალეობისგან. სარამაგუ დაწვრილებით და იუმორით აღწერს, თუ რა ხდება ქვეყანაში ამ ამბის გაცხადების შემდეგ. ერთხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება გამორჩენოდა–მეთქი და არაფერი – მოვლენების განვითარების ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტი გვიამბო. იგივე გააკეთა მას შემდეგ, რაც სიკვდილმა გადაწყვიტა, რომ მისი არდადეგები დასრულდა. და აქ იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელმაც ვრცლად წერა მომანდომა, ჰოდა, ვაგრძელებ:

შეიძლება ითქვას, სარამაგუს სიკვდილი არქივის თანამშრომელია (ოღონდ არა "კანცელარიის ვირთხა" – ავტორის აზრით), გნებავთ – კატალოგისტ-ბიბლიოთეკარი (ეს – მე მირჩევნია), ბალზაკის ასაკშია, მიმზიდველია, იდუმალი და აქ ვიფიქრე, სარამაგუც ხომ არ იზიარებს პოპულარულ აზრს ბიბლიოთეკარ ქალებზე და ამიტომ ხომ არ დაამსგავსა-მეთქი სიკვდილის სამუშაო ოთახი ბიბლიოთეკის შემადგენელ ნაწილს. ასეა თუ ისე, სარამაგუს სიკვდილი – ბუნებით თუ განხორციელებული – ქალია, მისი ერთგული თანაშემწე ცელი კი, ჩემი ფიქრით, მამრი უნდა იყოს. მუყაით და სკრუპულოზურ სიკვდილს, რომელსაც არავინ უმოწმებს სამუშაოს, უჩნდება ყოვლის მფლობელის სინდრომი და აწესებს როგორც სამუშაოს შესრულების ვადებს, ისე ნოვატორულ მეთოდებს. 

ეს ამბავი მკვლელის და მისი მსხვერპლის სიყვარულის ამბავია, ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითით – კატის და თაგვისა, სადაც კატა, რა თქმა უნდა, სიკვდილია, თაგვი კი – 50 წლის ვიოლონჩელისტი, რომელიც აუცილებლად უნდა მომკვდარიყო  მანამ, ვიდრე 49 წლის იყო, თუმცა არ მოკვდა. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდა სიკვდილს მსხვერპლის მიმართ დაუცხრომელი ინტერესი. ალბათ აქ უნდა გავჩერდე და არ ვთქვა, თუ რა მოჰყვა ამ ინტერესს და სიკვდილის მიერ ჩადენილ ისეთ იშვიათ ქმედებას, მის ცელსაც რომ არ ახსოვს.

ბოლოს, მინდა წიგნის ერთი პასაჟი ავახმიანო პირდაპირი გაგებით: ერთხელ ორკესტრანტებს შორის ნახევრად ხუმრობით საკუთარ მუსიკალურ პორტრეტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ვიოლონჩელისტმა თავისი პორტრეტად შოპენის ეტიუდი დაასახელა. მან თქვა, რომ "ორმოცდათვრამეტ წამში შოპენმა ყველაფრის თქმა მოახერხა, რისი თქმაც შეიძლება ადამიანზე, ვისაც საერთოდ არ იცნობ". როდესაც სიკვდილმა ეს ეტიუდი მოისმინა, მან ამ 58 წამში "ყველა და თითოეული ადამიანის ცხოვრების, როგორც არაფრით გამორჩეულის, ისე არაჩვეულებრივის, რიტმული და მელოდიური ტრანსპორირების ჟღერადობა გაიგონა". ჰოდა მინდა, პოსტი სწორედ ამ ეტიუდით დავამთავრო და ვიკითხო – ეთანხმებით სიკვდილს?

No comments: