Thursday, April 17, 2014

სული რომ ამომდიოდა

ერთ–ერთი ყველაზე სულისშემძვრელი წიგნია, რომელიც წამიკითხავს. არასდროს დამავიწყდება სცენა, სადაც შვილი მომაკვდავ დედას უჩვენებს ფიცრებს, რომლითაც მისთვის კუბოს ამზადებს.

უილიამ ფოლკნერმა "სული რომ ამომდიოდა" საქვაბეში, ღამის ცვლაში მუშაობისას, ურიკაზე სახელდახელოდ მოწყობილ მაგიდაზე, ექვს კვირაში დაწერა. ფოლკნერის თქმით, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. "წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი". ვფიქრობ, ამ წიგნით ლელოს გატანას იგი ნებისმიერი მკითხველის გულში მოახერხებს. წიგნის სათაური ჰომეროსის "ოდისეადან" არის აღებული. მოთხრობილი ამბავიც ერთი ოჯახის "ოდისეას" წარმოადგენს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

მოქმედი გმირები არიან ენსი და ედი ბანდრენები, მათი ხუთი შვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ოჯახის გარემოცვიდან. ყველა მათგანი პარალელური მთხრობელია: ედი ბანდრენს მთელ ამ ისტორიაში, ერთგვარად, მზის როლი აქვს, რომლის გარშემოც 14 მოქმედი გმირი-პლანეტა ბრუნავს და აღწერს, თუ როგორია მზე და მისი საკუთარი ცხოვრება მზისქვეშეთში; მზე კი თავის, ყველასგან განსხვავებულ სათქმელს ამბობს. ეს არის წიგნი მკვდრებზე, რომლებმაც არ იციან, რომ მკვდრები არიან და მკვდარზე, რომელიც ალბათ ყველაზე ცოცხალია. ედი ბანდრენის დაკრძალვამდე ოჯახი ათდღიან გზას გადის; უმკლავდება სტიქიებს – ცეცხლსა და წყალს და აღწევს დანიშნულების ადგილს – სასაფლაოს, საიდანაც ყველა მათგანისთვის ახალი ერა დგება.

მიჭირს საუბარი ამ წიგნზე, იმდენად იმოქმედა, რომ ჯერაც არ დამიწყია ახალი საკითხავი. ხშირად ვუბრუნდები და თითო-ოროლა გვერდს ვკითხულობ. უბრალოდ, ყველას ვურჩევ მის წაკითხვას.

რაც შეეხება შეფასებას: ჩემგან ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა უმაღლესი ქულა აქვს უმაღლესქულოსან წიგნებს შორის.

აქვე ამონარიდები: 1, 2, 3, 4 
და ფილმის ბმულიც, თუ დაინტერესდებით.

>აუდიო


3 comments:

maga rayuela said...

ფილმი უნდა ვნახო...

Sophie שרה Golden said...

ფოლკნერი რა სასწაული ვინმეა. მე მხოლოდ "აბესალომ, აბესალომ" და "ხმაური და მძვინვარება" მაქვს წაკითხული და იმდენად დამძაბა და დამთრგუნა, არ ვიცი თუ კიდევ მომინდება მისი წაკითხვა.

ეს ამერიკის სამხრეთი ძალიან სასწაული მხარეა და ფოლკნერიც შესაბამისად წერდა. მონათმფლობელობის აჩრდილი არასოდეს ასვენებთ, მგონი დღემდეც.

Keti said...

გეთანხმები, სოფი. მეც ისე ამავსო ამ წიგნმა, კარგა ხანს არათუ ფოლკნერის სხვა წიგნს, არავის არ ვკითხულობდი. ამას წინათ ვფიქრობდი წიგნებზე, რომლების მიმართ ემოციები არ გამნელებია, ერთ-ერთია ეს.