Friday, February 22, 2013

ნიუ–იორკული ტრილოგია

თითქმის ორი კვირა ვიკითხე. თავიდანვე უხალისოდ დავიწყე კითხვა, მაგრამ არ მგონია, მთლად ასეთი დასაწყისის ბრალი ყოფილიყო ის, რომ კარგა ხანს არ მომწონდა.
"ნიუ–იორკული ტრილოგია" სამი ნაწილისგან შედგება: "შუშის ქალაქი", "აჩრდილები" და "დაკეტილი ოთახი".
ბოლო მათგანში ავტორი წერს, რომ "ეს სამი ამბავი სინამდვილეში ერთი ამბავია, მაგრამ თითოეული მისი გააზრების განსხვავებულ ეტაპზე დაიწერა".
ასეც არის, სამივე სხვადასხვა დროს დაწერილი და, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ნაწარმოებია, თუმცა საერთო ხაზებით. დეტექტიური სიუჟეტი მეტ-ნაკლებად სამივეშია, წიგნის პირველ ორ ნაწილში კი – უფრო გამოკვეთილად. ჩემთვის ეს ორი ნაწილი მოსაწყენად გაწელილი იყო – დინამიკა მხოლოდ ფინალისკენ  შეეცვალათ. "აჩრდილების" კითხვისას მოთმინება თითქმის ამომეწურა. ვფიქრობდი, არ დამეწყო "დაკეტილი ოთახი", მაგრამ წიგნებს შუა გზაზე უიშვიათესად ვატოვებ, ჰოდა დავიწყე და ძალიან კარგიც ვქენი. "დაკეტილ ოთახში" ის ოსტერი დამხვდა, "მისნის ღამიდან" რომ შემიყვარდა. "ნიუ–იორკული ტრილოგიის" მარილსაც სწორედ ამ ნაწილს დავარქმევდი.
წიგნის ერთ-ერთი აქტორი ისევ ნიუ-იორკია, მწერალი კი ოსტერის საყვარელი მოქმედი გმირია –  მის გარეშე ოსტერის ამბები არ არსებობს. ავტორი დეტალებს ისევ უკირკიტებს, ნაცნობი სახეები თუ სახელებიც მეორდება (მაგალითად, ამავე წიგნის და ცნობილი ლიტერატურული გმირების სახელები, ან თუნდაც რვეული – თუ ჩემსავით ჯერ "მისნის ღამე" წაიკითხეთ, იქაურ ლურჯ რვეულს აუცილებლად გაგახსენებთ მისი წითელი "კოლეგა", რომელიც წიგნის პირველ და მესამე ნაწილებში ჩნდება). ამ სამ ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს ადამიანის მარტოსულობის, ასევე – სიტყვების, ენის ძიების თემები. ეს საკითხები (და იდეები) ჩემთვის საინტერესოა, ოღონდ მათმა დეტექტივის საბურველში შეფუთვამ თავიდან განმიზიდა.

No comments: