Friday, February 15, 2013

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

ცოტა ხნის წინ მილან კუნდერას "ყოფის აუტანელი სიმსუბუქის" ქართული თარგმანი წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ კითხვისას მწერალი მუდმივად მახსენებდა თავს, როგორც აუდიტორიაში მოსიარულე პროფესორი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თავისი საგანი, კითხვა იმ კმაყოფილი მსმენელის იერით დავამთავრე, რომელმაც ჩათვალა, რომ შესანიშნავ ლექციას მოუსმინა. ეს რაც შეეხება წიგნის მთავარი გმირებისტომაშის, ტერეზას და საბინას ფსიქოლოგიურ პორტრეტებს. თუმცა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მინდა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ეს წიგნი ისაა, რომ გაეცნონ, რა ხდებოდა ჩეხეთში 1968 და მომდევნო წლებში, როდესაც იქ საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ; რას წარმოადგენს რუსული სახელმწიფო მანქანა, როგორ არ ეცვლება მიზნები და ხელწერა, სადამდე მიჰყავს მიზანში ამოღებული საზოგადოება და რა გზებით იმორჩილებს მას. 
ასევე მინდა საქართველოშიც გამოჩნდეს მწერალი, რომელსაც კრიტიკის ან წინააღმდეგობის არ შეეშინდება და რეალობის ანალიზისა და ფურცელზე მისი კარგად გადატანის უნარი ექნება.
კუნდერას შემოქმედებაში ემიგრაციის თემა ერთჯერადი არ არის. ჩემს წასაკითხ წიგნებს შორის ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან მისი "შეუცნობელიც" დევს. იმედია, გამოვნახავ დროს და აქაც გაჩნდება ჩანაწერი.
5 ქულა.

2 comments:

სოფი שרה Golden said...

ოჰ, ჩემი კუნდერა, სულ დავივიწყე ბოლო დროს.

მისი "ხუმრობაც" ძალიან კარგია. ამავე პერიოდზეა, შეიძლება ოდნავ ადრე და ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებს, არ იცი რა ქნა და საით ეცე. მე მძიმე წიგნად მომეჩვენა, ოღონდ კაფკასავით მძიმედ არა, ადამიანურად მძიმედ. უკეთესად, არ ვიცი, როგორ აგიხსნა.

"სიმსუბუქეს" რაც შეეხება, როგორც ყველა "სახალხოდ ცნობილი" ნაწარმოები, მთლად ისეთი ვერ არის, როგორსაც მკითველი ელოდება. კუნდერას სხვა წიგნები ბევრად ჯობია, მაგრამ მე ტერეზა და ტომაში ძალიან მიყვარს, ორივე მეძვირფასება რაღაცნაირად, დაკარგულ ბავშვებს ჰგვანან ხშირად, არა?

Keti said...

სოფი, "ხუმრობა" არ წამიკითხავს, აი ტერეზასა და ტომაშზე კი ალბათ შეიძლება ასე თქმაც :)