Tuesday, February 26, 2013

ქალი ქვიშაში

იაპონელი კობო აბეს წიგნი რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე (მაშინ ვსარგებლობდი ბიბლიოთეკის წიგნებით, რაც ჩემს ჯიბეს საკმაოდ ზოგავდა). წიგნში რომანის გარდა შესულია სამი მოთხრობაც: "პოეტის ცხოვრება", "სხვისი სიკვდილი" და "საბავშვო ოთახი".
"ქალი ქვიშაში" ერთი შეხედვით ძალიან მძაფრია – ქვიშის დიუნებში გამოკეტილი წყვილის ბედი გაღელვებს და კითხვას ვერ წყდები. ქალი შეგუებულია ბედს, კაცი – ეწინააღმდეგება, მაგრამ საბოლოოდ ნებდება. ადვილია, გაავლო პარალელი ქვიშასა და ცხოვრებას შორის და როგორც კი ეს ხდება, ქვიშის ნამცეცებით გევსება ყელი; ხვდები, რომ შენი (და საერთოდ, ადამიანის) ცხოვრება ასეთივე მძაფრია მიუხედავად იმისა, რომ რეალური ქვიშით სავსე ორმოში არ ხარ ჩავარდნილი.
მოგვიანებით ვნახე წიგნის ეკრანიზაციაც – ჰიროში ტეშიგაჰარას კარგი ფილმი, რომლის ნახვასაც ასევე გირჩევთ (ოღონდ წიგნის წაკითხვის შემდეგ).
მოთხრობებიდან "სხვის სიკვდილს" გამოვარჩევდი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ხვდება შინდაბრუნებულ კაცს ბინაში უცნობის გვამი და რას განიცდის და მოქმედებს მოულოდნელი "სტუმრის" გამოჩენით თავზარდაცემული ადამიანი. რაც შეეხება "საბავშვო ოთახს", მასთან ერთგვარი კავშირი მოგვიანებით წაკითხულ ბრედბერის მოთხრობაში ვიპოვე და აზრი კომენტარშიც გამოვთქვი.

No comments: