Tuesday, November 15, 2016

ბანი მანროს აღსასრული



ჩემი მუსიკალური გურუს პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა, "ბანი მანროს აღსასრულია". ეს არის დინამიურად მოთხრობილი,  ერთდროულად ძალიან მხიარული და სევდიანი ამბავი. მე პირადად, ფანტაზია არ მეყო, მთავარი გმირისთვის რაიმე სხვა სახე მიმეცა: ჩემთვის მას ქეივის გარეგნობა აქვს, ქეივის მიმიკები, ქეივის ხმა; ის ნიკია, რომელიც კოსმეტიკით მოვაჭრე ბანი მანროდ იქცა და შვილთან – 9 წლის ბანი უმცროსთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. მანამდე: ბიჭუნა ეს-ესაა დაობლდა – ქმრის მექალთანეობით დეპრესიაში ჩავარდნილმა დედამისმა თავი მოიკლა. ამ დღიდანვე იწყება მამა-შვილის მოგზაურობა, რომელიც თავის მხრივ, ისევე როგორც წიგნი, სამ ნაწილად არის დაყოფილი (ქვეთავების სახელწოდებებია: "მექალთანე", "გამყიდველი" და "მკვდარი კაცი").

ეს წიგნი ვერ ჩაითვლება "დიდ ლიტერატურად", მაგრამ
ვფიქრობ, მკითხველი აღმოაჩენს თავს ბანის ძველი მანქანის უკანა სავარძელზე (რადგან წინას ბიჭუნა იკავებს), მოუსმენს ბანის, შეჰყვება იმ ბინებში, სადაც ის შესვლას შეძლებს, იცინებს და მოიღუშება წიგნის გმირებთან ერთად და, საბოლოოდ, მოუნდება, ჩაეხუტოს პატარა ბანის, რომელიც ენციკლოპედიის ფურცლებიდან გასცქერის იმ სამყაროს, სადაც მისთვის არავის სცალია.
ჰო, წიგნი 18+ მკითხველისთვის არის განკუთვნილი (ნუ, სასურველია), ხოლო ვინც ინგლისური იცით, იუთუბზე შეგიძლიათ, ავტორისვე წაკითხულ ვერსიებს მოუსმინოთ და თან მის სახეზე გადარბენილ ემოციებს მიადევნოთ თვალი. მაგალითად, აქ.


Thursday, February 25, 2016

უსარგებლო კაცი


საიტ ფაიკ აბასიანიკმა (1906-1954) თურქული პროზის, კერძოდ მოთხრობის ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტ მწერლად მიიჩნევენ. შეიძლება ითქვას, აბასიანიკი ბიოგრაფიულ პროზას წერდა – იგი ყოველგვარი შელამაზების გარეშე იმ ადამიანების ცხოვრებას აღწერდა, რომლებსაც თავად იცნობდა: ესენი იყვნენ სტამბოლელი მუშები, მეთევზეები, ბავშვები, უმუშევრები თუ ღარიბები. რეალისტური ნაწარმოებების გამო მწერალს ერთხანს ქვეყნის ხელისუფლებაც დევნიდა. აბასიანიკმა ნოველების გამოქვეყნება 1936 წლიდან დაიწყო, ხოლო კრებული, რომელზეც ქვემოთ მინდა დავწერო, თურქულ ენაზე 1948 წელს გამოიცა.

კრებულში „უსარგებლო კაცი“ 14 მოთხრობაა შესული. ყველა მათგანში მოქმედება სტამბოლში ვითარდება. მათში ერთი შეხედვით ისეთი ადამიანების ისტორიებია მოთხრობილი, ვისზეც „ნეტა რა აზრი აქვს მის ცხოვრებასო“ შეიძლება წამოგცდეს. თუმცა, ავტორი სწორედ რომ ამ აზრს გვაჩვენებს – მოქმედი გმირები ცხოვრების შეცნობისთვის დამხმარე, თვალსაჩინო ნახატები ხდებიან მწერლის კალმის საშუალებით.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ის სხარტი შედარებები, სწორად და ზომიერად არჩეული სამკაულებივით რომ უხდება თხრობას.

ჩემთვის გამორჩეული იყო რამდენიმე მოთხრობა და მათი გმირები: მღვდელი ალექსანდრისი, რომელიც ისევე ამშვენებდა გარშემომყოფთა კუშტ ცხოვრებას, როგორც მაისის საღამოებში უშნო ეკლესიის გუმბათს მასზე შემომჯდარი თოლია ან ყვავი. თუმცა ამის შემჩნევა არავის სურდა. მღვდელი ადამიანებისთვის მხოლოდ განკითხვის ობიექტი იყო, არადა შეეძლოთ მისგან სიცოცხლის სიყვარული  – ყველაზე ნამდვილი რელიგია ესწავლათ და მიეღოთ. „თოკის ამბავში“: იმ უსარგებლო ადამიანის ყოფა – ვინც იმისთვის დაიბადა, რომ ხალხისთვის გაოცებულს ემზირა; ვინც ადგილს და დანიშნულებას ვერ პოულობს მიწაზე, მას შანსსაც კი არ აძლევენ, რომ რაიმე შეძლოს, რადგან "ასეთ ასაკში..."; ქალბატონი აიშე მოთხრობიდან "პავილიონი სასაფლაოზე". მას საფლავი უკვე ოცი წელია, გამზადებული აქვს – ის საფლავი, რომლის ნახვისას კაცი იფიქრებს – ალბათ როგორ დავიწყებია თავისი მეორე ნახევარი – წასულა და ცხოვრებით ტკბებაო; თუმცა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო როდია – აიშე ხანუმი სახლიდან გასვლასაც ქმარს უთანხმებს, მერე რა, რომ საფლავზე აბიბინებულ ბალახს არ გლეჯს; შინ დაბრუნებული, გადახვეწილი კაცის სევდით და იის სურნელით გაჯერებული „იების ველი“, მეთევზეების ისტორიები (ამ თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მწერლის შემოქმედებაში, რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი მეთევზეთა შორის გაატარა) და კიდევ რომელი ერთი... თითქოს არაფერი, მაგრამ ისე გებეჭდება ეს მოთხრობები ცნობიერში, რომ ალბათ შეუძლებელი იქნება მათი დავიწყება. კიდევ უფრო მეტად გინდება, გაიარო სტამბოლის (და არა მხოლოდ) ქუჩებში და სწორედ ამ თვალით შეხედო შემხვედრებს. ისიც კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, თითოეულ ნოველაზე უდიალოგებო, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება (ან ასეთ ფილმებად მათი ნახვა).

Friday, January 15, 2016

სკორტების მზე

ეს წიგნი შემთხვევით აღმოვაჩინე წიგნის ფესტივალზე, გამომცემლობააგორასფასდაკლების კალათაში სხვა, ასევე საინტერესო წიგნთან ერთად (რომელზეც შემდეგ პოსტში დავწერ). მანამდე, სამწუხაროდ, არცერთ ამ მწერალზე არ მქონდა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნობილი და აღიარებულია.

ლორან
გოდე თანამედროვე ფრანგი მწერალია  (. 1972), მისისკორტების მზეკი უკვე 34 ენაზე თარგმნილი და გონკურის პრემიის (2004) მფლობელი რომანი. „სკორტების მზე“ ოჯახური საგაა – მასკალზონე-სკორტების რამდენიმე თაობის ისტორიას გვიამბობს და თან ცხოვრების ამაოებაზე გვაფიქრებს. ეს სხარტად, ყოველგვარი გაწელვის გარეშე მოთხრობილი ისტორია მკითხველს არ მოაწყენს. სამხრეთული ფერები, მზე და მზის შვილები, იტალიელების ნათლად გამოხატული მენტალიტეტი... მთავარი გმირები  ცხოვრების მიზანს ეძებენ, საკუთარ ბედისწერას თვალს თამამად უსწორებენ და მიზნისკენ მათი წინაპრის ვირივით ჯიუტად მიიწევენ; სიცოცხლის ბოლოს რუტინული ცხოვრების გზაზე გამონათებულ, ყველაზე ბედნიერ დღეს იხსენებენ და მემკვიდრეებს მთავარ მესიჯს უტოვებენ – ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნას, რაც საკუთარი გამოცდილებით ისწავლეს.

Saturday, December 19, 2015

იესოს სახარება

ჟოზე სარამაგუ რომ ათეისტი იყო, მისი მკითხველებისათვის უცხო ამბავი არ არის, თუმცა მის რომანებში, შესაძლოა, იმაზე მეტად ცხოვრობს მორწმუნეთათვის ნაცნობი ღმერთი, ვიდრე რომელიმე სხვა ავტორის ნაწარმოებში. ის ხუმრობს, ამიწიერებს ღმერთსაც და ეშმასაც, აკრიტიკებს ღვთისმსახურებს და ღვთისმსახურებას, მაგრამ არასდროს ცინიკურად. „იესოს სახარებაცამის დასტურიაშეიძლება ითქვას, მისი შექმნისას მწერალმა ბეწვის ხიდზე იარა და წარმატებით. თუ ვინმე ელის სკანდალურ ტექსტს (როგორი საქმეაიესოს ცხოვრებაზე ათეისტი წერს), კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. თუმცა, მკითხველსაც გააჩნიამე მაინც მგონია, რომ მორწმუნე ადამიანი არ უნდა დარჩეს შეურაცხყოფილი ამ მშვენიერი წიგნით, სადაც აღწერილია იოსებისა და მარიამის ოჯახური ცხოვრება, იესოს ჩასახვის ამბავი, მისი ბავშვობა და სიყმაწვილე (რაც გამოტოვებულია სახარებაში), მიწიერი ცხოვრება ვიდრე გაღმერთებამდეროგორც ჩვეულებრივი, ახალგაზრდა კაცისა, რომელიც  უშვებს შეცდომებს, ვისთვისაც უცხო არ არის ურჩობა ან ბრაზი, განიცდის ვნებას და შეყვარებულია ისე, როგორც ამას რიგითი ადამიანი შეძლებდა. რაც ამ წიგნში დამაკლდა, ქალების გრძნობების, აზრების მეტად წარმოჩენაამაგალითად, მარიამის. თუმცა, მეორე მარიამისმაგდალინელის სახე გაცილებით გახსნილია.

იესოს სახარება 1991 წელს გამოიცა და გამოცემისთანავე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები. ვატიკანის გაზეთმა "L'Osservatore Romano" სარამაგუს ვრცელი კრიტიკული წერილი მიუძღვნა, მის ნაწარმოებს მკრეხელური უწოდა და სარამაგუ მწვალებლად შერაცხა. გარდა ვატიკანისა, მწერლის წინააღმდეგ ქვეყნის ხელისუფლებაც გამოვიდა – სახელმწიფო მდივანმა კულტურის დარგში სარამაგუ ევროპის ლიტერატურული პრემიის პორტუგალიელი კანდიდატების სიიდან ამოიღო. თავის მხრივ, მწერალმა სახელმწიფო ცენზურაში დაადანაშაულა და მეუღლესთან ერთად კანარის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად. ეკლესიას და სახელმწიფოს არც შემდეგში დაუკვლია კრიტიკა: 1998 წელს, როცა სარამაგუმ ნობელის პრემია მიიღო (მიიჩნევა, რომ სწორედ ამ წიგნის გამო მიანიჭეს სარამაგუს ნობელის პრემია ლიტერატურაში), ვატიკანმა კვლავ მიუძღვნა გამოხმაურება, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გამოაქვეყნა ნეკროლოგი, სადაც მწერალს "პოპულისტ ექსტრემისტსა" და "ანტირელიგიურ იდეოლოგს" უწოდებდნენ, ხოლო პორტუგალიის პრეზიდენტი მის დაკრძალვაზე არ მივიდა და განაცხადა, რომ ასეთ მწერალს არ იცნობდა, რამაც ათეულ ათასობით პორტუგალიელის გულისწყრომა გამოიწვია.   
თუმცა
, ცხადია, მისი რომანის ირგვლივ განსხვავებული აზრიც ჟღერდა: კრიტიკოსებმა "იესოს სახარებას" "ღრმად ფილოსოფიური და პროვოკაციური" უწოდეს, აგრეთვე ჩათვალეს, რომ სარამაგუმ თავისი მხატვრული ტალანტი ყველაზე უკეთ ამ ნაწარმოებში წარმოაჩინა და წიგნი მაგიური რეალიზმისა და სოციალურ-ისტორიული პროზის შესანიშნავი ნიმუშია; სხვათა შორის, კათოლიკურ ეკლესიაშიც ჰქონდათ დადებითი შეფასება. მაგალითად, ლისაბონის კარდინალის სიტყვით, არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება

Thursday, December 10, 2015

როიალ-მერი

ჯერ აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილმა ყდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მერე პირველივე გვერდზე ჩახუჭუჭებულმა წინადადებამ ჩამითრია და „ორ ნიმუტში“, როგორც წიგნის ერთი გმირი ამბობს, გადავწყვიტე, რომ ბოლომდე უნდა გავსულიყავი. არც მინანია.
აბო იაშაღაშვილის „როიალ-მერი“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ე
ს არის ოსმალურ-სპარსულ-რუსულ-ევროპულ-ქართული საკაზმით გაწყობილი, იმდროინდელი ქალაქელების ხასიათებისა და ჩვევების კარგად გადმომცემელი დეტექტიური ამბავი. წიგნის ენა ისევეა დაგვირისტებული, როგორც 125 წლის წინანდელი, შუკა-ბანდებიანი თბილისი, რომელზეც ავტორი გვიყვება. ძალიან მომხიბვლელია ეს აზიური და ალაგ-ალაგ ევროპაშემონაპარი, ფერადი ქალაქი. წიგნის თითქმის ყველა გმირი ძალიან ბევრს დადის – ფეხით, ეტლით, კონკით თუ ველოთი, მხოლოდ მათთვის ნაცნობი შესახვევებით თუ პროსპექტზე გამოსული და შენც, მათ ჩქარ ნაბიჯს ადევნებულს, ნაყროვანების გრძნობა გიჩნდება – გგონია, რომ მაშინდელი დედაქალაქი უკიდეგანო იყო. არადა, მოქმედება სულ რამდენიმე ქუჩაზე ვითარდება და ლაგდება, როგორც ჭადრაკის დაფაზე. მერე იწყებ ფიქრს: ახლა, როცა თბილისი ბევრად ვრცელია, არის კი ისეთი მრავალფეროვანი, როგორც ადრე? ახლაც არაფერი უკვირთ ამ ქალაქში და, როგორ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდე, არაფრით გამოგარჩევენ სხვებისგან? ახლა რა დაფარულ ისტორიებს ინახავს თავის ნაკეცებში? და ეს ისტორიები იტევს კი მთელ მსოფლიოს, როგორც მაშინ?

აქვე, მინდა ნიკო ფიროსმანის "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა" და პ. ჩაიკოვსკის "არაბული ცეკვაც" დავლინკო – თუ წაიკითხავთ წიგნს, – კითხვისას გაჩენილი განწყობებისთვის :) 
 

Tuesday, December 1, 2015

კუნძულის შესაძლებლობა


სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ალბათ ყოველ მეორე, ყოფიერებისგან დაღლილ და გულგატეხილ ადამიანს მაინც უნატრია დაძინება და გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრების იმავე პოზიციიდან გაგრძელება, რომელზეც ძილამდე შეჩერდებოდა. როგორც ჩანს, უელბეკსაც. მისი გმირები კუნძულის შექმნის შესაძლებლობას უშვებენ, სადაც ნეო ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება ზუსტად ისე, ზემოთ რომ ვწერდი. ოღონდ მათი "ძილ-ღვიძილი" მუდმივობას ნიშნავს – უკვდავებას, როგორც ამას ჩვეულებრივი მოკვდავები ვუწოდებთ. ყველა, ვინც ახალ რელიგიას ეზიარება, მიიღებს ბილეთს უსასრულობაში, სადაც, უელბეკის აზრით, მტანჯველი ბავშვობისა და სიბერის პერიოდებზე აღარ დაიხარჯება დრო და ენერგია, ადამიანები შეძლებენ, ზრდასრულებმა და საკუთარ სურვილებსა და რაობაში გარკვეულებმა, განაგრძონ ცხოვრება დაპაუზება-სტარტის რეჟიმში. ამ სიზმარს იმდენად დამაჯერებლად აღწერს, რომ ფიქრობ, ემანდ შენს ირგვლივაც ხომ არ არსებობს ელოჰიმიტური ეკლესია, ხომ არ გაერთიანდე, აამო ხორცს და შესაბამისად სულს და თან თავად გადაწყვიტო, როდის აამოქმედო წასვლა-მოსვლის საკუთარი გრაფიკი. თან ფიქრობ: ასე თუ გაგრძელდა სამყაროს განვითარება, მართლაც რაღაც შეიცვლება, მაგალითად, არსებულ რელიგიებს – რაც ადამიანური ვნებების მამოძრავებელი ძალა და მიმართულებს მიმცემია დღეს, დაჯაბნის ახალი; ფიქრობ, რომ მოძველდა ის დოგმები, რასაც ჯიუტად მისდევენ ადამიანები, ვერ არგებენ თანამედროვე ყოფას და იტანჯებიან ამის გამო. 

უელბეკის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მის ბოლო რომანებში ქალ გმირებს ვეცნობი. ის წერს ორმოცს მიტანებულ ქალებზე, რომლებიც ამ ასაკს, როგორც ფინიშს, ისე აღიქვამენ და მყისიერად კარგავენ სიცოცხლის ინტერესს. მგონია, რომ უელბეკი აჭარბებს, რომ შეუძლებელია 37-ის იყო ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, რეალიზებული და უცებ, სამ წელიწადში, მოსიარულე ტომრად იქცე – თანაც, არა მხოლოდ ფიზიკურად. მაგრამ ბოლოს თითს ვკაკვავ. ცხადია, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ რეალურად, ამ სასტიკ სამყაროში, ერთია, შენ რას გრძნობ და მეორე – ბაზარი რა მოთხოვნებს აყენებს. სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზი მცენარეც იწყებს ჭკნობას, როგორც კი მზე და წყალი მოაკლდება, როგორც კი პატრონი – თანამედროვე საზოგადოება – ბნელ კუთხეში მიდგამს და ახალ მცენარეს აირჩევს ფავორიტად. საბოლოო ჯამში, ადამიანებს კლავს მღელვარე ცხოვრებიდან მათი ჩამოშორება, უცებ იმის გამოცხადება, რომ მათი თამაშის დრო ამოიწურა და ახალ სეანსზე აღარ დაიშვებიან.

რამდენიც უელბეკის ახალ რომანს ვკითხულობ, იმდენჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ახლობელია. მერე ხდება ისე, რომ მორიგი რომანი ყველა მანამდელს მავიწყებს. ასე დამემართა "კუნძულის შესაძლებლობის" კითხვისას. ყოფიერების აუტანლობა ყველაზე ნიჭიერად, დამაჯერებლად, სრულიად რეალისტურად, რა თქმა უნდა, მიშელს შეუძლია, აღწეროს. ტკივილამდე მართალია, როცა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, სავსე და ამავდროულად ცარიელ ცხოვრებაზე, გულგრლილობაზე, შიშებზე, სიყვარულზე, სიკვდილისკენ სწრაფვასა და მაინც, სიცოცხლის ვერ დათმობაზე. ალბათ აქედან მოდის უკვდავების უშრეტი სურვილიც, აქედან მოდის ძალა, რომელიც მოაფიქრებინებს უელბეკის გმირებს გამოსავალს – თუ როგორ წავიდნენ ისე, რომ არა მეორედ, არამედ მრავალგზის დაბრუნდნენ და თან, გვერდით იყოლიონ ყველაზე ერთგული არსებები. ამავე დროს კი, ჩაუკეტონ კარი და გაერიყონ მათ, ვინც არ იწამეს მათი რელიგია, არ იწამეს ახალი გზა და მხოლოდ წარსულისკენ იყურებოდნენ.

ერთგული არსებები ვახსენე და უცნაურია, ბოლოს წაკითხულ სამ წიგნში, მიყოლებით, ძაღლებზე მხვდებოდა ოდები: რომ ყველაზე ახლობელი და ადამიანისთვის ნამდვილი, უანგარო სიყვარულის გრძნობის განმაცდეველი ძაღლია. ამას წერდა ბეკეტი "მოლოიში",  უელბეკი – "კუნძულის შესაძლებლობაში" და  ქსავიერ დე მესტრიც, რომელმაც თავისი წიგნის ერთი თავი მიუძღვნა ერთგულ მეგობარს.

წიგნიდან დასამახსოვრებელი იყო წერილის, როგორც დამაკავშირებელი ძაფის, ეპოქებს შორის გადებული ხიდის, როლი. წერილების – წმინდა წერილების – წერა თითოეულ ნეო ადამიანს შეუძლია, სადაც ყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობებზე, ტოვებენ გზის მანიშნებლებს მეორედ, მეოცედ თუ მეორასედ მოსასვლელი "მესთვის". უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობაც" ასეთი წერილია – თანამედროვე ადამიანის გადაძახილი მომავალში, მისსავე თავთან. მინდა ვურჩიო ამ წერილის გაცნობა მას, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ცხოვრების არსზე, თავის როლზე, საკუთარ სურვილებზე და თვალი გაუსწორებია მკაცრი რეალობისთვის; მას, ვინც არ დადის ვარდისფერი სათვალით და არც ჩანთაში მოეძებნება ის; ვინც მამაცია, როცა საქმე მიწაზე დგომას ეხება.

Tuesday, November 3, 2015

მოლოი


რა შემიძლია, სემუელ ბეკეტზე ვთქვა? ან ძალიან ბევრი, ან არაფერი, რადგან შეიძლება ისე შეგბოჭოს, რომ მონდომების მიუხედავად, სიტყვა ვერ გამოტყუო კალამს თუ კლავიატურას. მრავალფეროვანი ორგანიზმებით სავსე ღრმა წყალს ჰგავს ბეკეტი, შენ კიდევ მყვინთავსჩადიხარ ფსკერისკენ, აკვირდები, აღმოაჩენ, სწავლობ... მთავარია, სუნთქვა გეყოს. მის ერთ არაჩვეულებრივ წიგნზე, რომელშიც გოდოს მოლოდინში, პირველი სიყვარული და თამაშის დასასრულია შესული, დიდი ხანია, მინდა დავწერო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა „მოლოის“ „შევეჭიდები“:

ამ წიგნს უცებ ვერ წაიკითხავ, საკმაოდ მძიმეა, თუ შესაბამისი მოთმინებითა და, ცოტაც, ზემოთ ნახსენებ ღრმა წყლებში ჩაყვინთვის სურვილით არ ხარ შეპყრობილი. ზოგადად, ბეკეტის წიგნები არ არის მარტივი საკითხავი. „მოლოი“ კი განსაკუთრებულია – თავად გმირია განსაკუთრებული და, როგორც რეალურ ცხოვრებაშია რთული შიგნით ჩაბრუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა, ასეა ამ შემთხვევაშიც. ასე მგონია, ექსტრავერტი მკითხველები მოიწყენენ მოლოისთან.

მოლოი გზაზე დამდგარი კაცია – დანიშნულების ადგილი დედის სახლია და უფრო კი დედის წიაღი. მოლოი არაფერზე ფიქრობს და მსჯელობს და, ამავე დროს, ყველაფერზე. საკუთარი სხეული, საგნები თუ ადამიანები, რომლებიც მისი ხედვისა და შეგრძნებათა არეალში ხვდებიან, მოლოის ფიქრებში იფილტრებიან და ამ ფილტრაციის პროცესს ჩვენ ვადევნებთ თვალს. ეს არის საკუთარ თავთან გაბმული დიალოგი. მოლოი, მისივე თქმით, არც მხეცად მოევლინა ქვეყანას და არც კაცად; ისიც არ იცის დანამდვილებით, მისი გვარი მოლოია თუ არა. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა თავად არიან მოლოი. სად ნაცვლდება სინამდვილე ბუნდოვანებით, ძნელი გასარჩევია. ასეც უნდა იყოს – ეს აბსურდის თეატრია, რომლის სცენაზე გათამაშებული ყველაზე გაუგებარი ქმედებაც კი სინამდვილეს ასახავს.

წიგნი ორნაწილიანია, მეორე ნაწილი გაცილებით მსუბუქი საკითხავია. მისი მთავარი გმირი ჟაკ მორანია, რომელიც მოზარდ ვაჟთან ერთად სამსახურებრივ მოგზაურობას იწყებს. მოლოის მსგავსად, ისიც მუდმივად აკვირდება გარემოსა თუ ადამიანებს და იმდენად იმეორებს მოლოის, რომ კითხვის დასრულებისას თითქმის დარწმუნებული ხარ – ჟაკი მოლოია – სარკისებურად შებრუნებული მოლოი.

საბოლოო ჯამში, ეს ძიებათა – საკუთარ თავში მოგზაურობისა და აღმოჩენების წიგნია. კითხვის დასრულებისას შემშურდა მოლოის, რომელიც საოცრად თავისუფალია, საითაც უნდა იქით წავა, რამდენსაც უნდა იმდენს შეიმეცნებს და ისიც ზუსტად იცის, სად მიდის.


Thursday, July 23, 2015

თვითმკვლელი ქალწულები

მინდა, გაგიმხილოთ, როგორი წიგნების კითხვა მიყვარს: ისეთების, რომლებშიც მხოლოდ მშრალად ნაამბობი ისტორია არ წერია ბედნიერი ან უბედური დასასრულით; როცა ავტორი ფლობს ენას და შეუძლია, კარგად დაწურული წინადადებების სიღრმეებიდან შემოგყვიროს, შეგაფხიზლოს, აგამოქმედოს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა მეათეხარისხოვანი გმირიც კი ორი სიტყვით იმდენად საინტერესოდ არის დახასიათებული, რომ მასზე ამბის ცალკე ხაზის შექმნის საშუალებას იძლევა. სწორედ ასეთი წიგნი აღმოჩნდა ჯეფრი იუჯინიდისის "თვითმკვლელი ქალწულები", რომელიც წელს ითარგმნა ქართულ ენაზე.  თუ სათაური გეცნოთ, ე. ი. კინომოყვარული ხართ და სწორ გზაზეც დგახართ – ამ წიგნის მიხედვით სოფია კოპოლას ცნობილი ფილმია გადაღებული.

ჯეფრი იუჯინიდისი (დ. 1960) ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ხოლო წიგნი, ასე რომ მომხიბლა – 1993 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი, რომელმაც ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში, მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ გროს-პოინტში ვითარდება. წიგნში მოთხრობილია ხუთი თინეიჯერი დის თვითმკვლელობის ისტორია და აღწერილია ის გზა და გარემოებები, რამაც გოგონები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მე არ ვიტყვი, რომ ეს პოეტური პროზაა, მაგრამ ჩემთვის სტრიქონებს შორის ბევრი პოეზიაა ჩამალული: მეტაფორებს, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს, კიდევ უფრო ახლოს მოაქვს მთავარი გმირების სულიერი მდგომარეობა და, ზოგადად, იმ პატარა ქალაქის სული, სადაც ტრაგედია მოხდა.

წიგნში მონაწილეობს (არ შემშლია, ვფიქრობ, ეს სიტყვა შეეფერება) ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა და არა მხოლოდ მოსახლეობა; ჩვენ მათ ვეცნობით სახელებით და გვარებით და მარჯვედ ნათქვამი თითო-ოროლა ფრაზით ვიგებთ ლამის თითოეულის ცხოვრების შესახებ. მაგალითად, ავიღოთ მისტერ ბუელი, რომელსაც სადად მოწყობილ საძინებელში ედო პირველი ცოლის ფოტოსურათი, რომელიც განქორწინების შემდეგ შეუყვარდა; ან დაუვიწყარი მოხუცი მისის კარაფილისი, რომელიც თავისი ტრაგიკული ცხოვრებისეული გამოცდილების საპირწონედ მხოლოდ სესილიას სუიციდს თვლიდა, რაც მკითხველს კიდევ უფრო შეაგრძნობინებს ამბის სიმძიმეს.

ლისბონების ქუჩის თელებზე ცალკე, ვრცლად წერაც შეიძლება. მე ვიტყოდი, ეს ერთ-ერთი შესანიშნავი მეტაფორაა, რაც რეფრენად გასდევს მთელ ტექსტს. ხეებს, რომლებსაც ავადმყოფობის მიზეზით ყოველწლიურად ჭრიდა ქალაქის საპარკო სამსახური, საუკეთესოდ "გამოსდით" დებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების გადმოცემა. მუდმივად კავშირზე გამოსული გოგონების ხმა არავის ესმოდა: "ხის ტანის გაშიშვლების შემდეგ მუშები მომდევნო სიკვდილმისჯილისკენ მიემართებოდნენ, დანაღვლიანებული ხე კი ცდილობდა, ტოტების უბადრუკი  ნარჩენები აეწია. მხოლოდ მისი იძულებითი მდუმარება გვახვედრებდა, რომ უწინ ის განუწყვეტლივ გვესაუბრებოდა".

ქუჩის მაცხოვრებლების მოჭრილ ხეებთან გამომშვიდობებაც ლისბონების გოგონებთან გამომშვიდობებას ჰგავდა. ხალხი მხოლოდ ხეების მოჭრის შემდეგ ხვდებოდა, რომ მათ ქუჩებზე დარგული თელები ქალაქს ეკუთვნოდა, "რომელიც თავისი ნება-სურვილის მიხედვით წყვეტდა მათ ბედ-იღბალს". რა იქნებოდა, რომ ქალაქის ნება დების მიმართ განსხვავებული ყოფილიყო? რომ ის ადამიანები, ვინც კისრებწაგრძელებულები აკვირდებოდნენ ლისბონთა სახლს ("როგორც ცნობისმოყვარე ბრბო ათვალიერებს ხოლმე ავარიის ადგილს") დახმარებოდნენ მათ?

გამორჩეულია მონაკვეთი, სადაც ოთხი და ისე ებღაუჭება მათი სახლის წინ მდგარი თელის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. "უკვე გვიანაა, ხე მკვდარია", – ამბობს ბრიგადირი, რომელიც მზად არის ხის მოსაჭრელად. "მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე", – ეპასუხება მერი.

თხრობა გამორჩეულია იმითაც, რომ ავტორი არა მხოლოდ დებისა და არსებული სიტუაციის მიმართ თანაგანცდას აღვივებს მკითხველში, არამედ მის ხუთ ძირითად გრძნობაზეც მოქმედებს: შეუძლებელია, არ დაინახოთ, არ ჩაგესმათ, არ შეეხოთ, არ იყნოსოთ და ჩააყოლოთ გემო ფურცლებზე გაფანტულ სიტყვებს. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სუნები იყო: განუმეორებელია "გამძაფრებული სიყვარულის" სუნის აგებულება, რომელსაც ამბის მთხრობელი ბიჭები აღწერენ. ჰო, ამბავს ის ბიჭები ყვებიან, ვინც ლისბონთა გოგონებთან ერთად იზრდებოდნენ, – უკვე ასაკში შესულებმაც რომ ვერ დაივიწყეს მათი მზის ათინათებივით მშვენიერი ხატება და ბოლომდე მაინც ვერ გასცეს პასუხი კითხვას "რატომ?"

ძალიან მინდა, ამ წიგნს განსაკუთრებით დები ლისბონების ასაკის გოგონები (მომავალი დედები) და დედები (მალე თინეიჯერების მშობლები რომ გახდებიან ან არიან კიდეც) გაეცნონ; ასევე – უსიტყვო და შვილების აღზრდას ჩამოშორებული მამები. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და რელიგია ხშირად აღმზრდელობით პოლიტიკას განსაზღვრავს, სადაც არც თუ იშვიათია ოჯახის უფროსი წევრის დომინანტობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ რა მოაქვს დაუბალანსებელ, უთანასწორო ურთიერთობებს ოჯახში, რელიგიურობის თუ სხვა ფაქტორების გამო პირადი სივრცის შეზღუდვას, საზოგადოების მიერ მხოლოდ ყოვლისმცოდნე კრიტიკოსის ან დამკვირვებლის როლის მორგებას, იმ ადამიანების გარიყვას, ვისიც არ გვესმის და ამის გამო გვეშინია კიდეც, ხელის ჩაქნევასა და საკუთარ სამყაროში შეკეტვას. 

"ჩვენ, უბრალოდ, სიცოცხლე გვინდა, თუ ამის საშუალებას მოგვცემენ", – ამბობს ტერეზა ლისბონი. მივცეთ ერთმანეთს სიცოცხლის საშუალება. ეს ხომ მარტივია, თუ მოვინდომებთ.

Friday, June 26, 2015

ცუდი გოგოს ოინები

ვარგას ლიოსასთან ჩემი პირველი შეხვედრა კრახით დასრულდა – ეს იყო "დეიდა ხულია", რომელიც ვერ დავამთავრე და სანიშნეჩადებული დევს ჩემს წიგნის თაროზე ოდესმე მიბრუნების პერსპექტივით. "ცუდი გოგოს ოინებს" რაც შეეხება – არ ვიცი, სათაურმა მიმიზიდა თუ ყიდვამდე წიგნის გადათვალიერებამ, მაგრამ დიდი მოლოდინით შევიძინე. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის" – ავანტიურისტი ქალისა და მასზე ავადმყოფურად შეყვარებული კაცის ისტორია, რომელიც ამ ადამიანების მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოიცავს და გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სამ კონტინენტზე და სამზე ბევრად მეტ ქვეყანაში ვითარდება.
თხრობა მსუბუქია; ავტორს სხვადასხვა ქვეყანაში მკითხველის გიდობაც კარგად გამოსდის – პოლიტიკური თუ კულტურული პროცესები სინქრონულად გასდევს მოქმედი გმირების პირადი ცხოვრების ხაზს. თუ ფლობერის "მადამ ბოვარი" გაქვთ წაკითხული, აუცილებლად გაგახსენდებათ ის. "ცუდი გოგო", რომელიც არაერთ სახელს ატარებს ცხოვრების მანძილზე, ფლობერის პატარა ფრანგი ქალბატონით შთაგონებული გმირია. ცნობილია, რომ ვარგას ლიოსა, მას შემდეგ, რაც 1959 წელს ფლობერის აღნიშნული წიგნი წაიკითხა, მოხიბლულია ამ გმირით, რაც აისახა კიდეც მის მწერლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვის მანძილზე სიუჟეტს ვერ მოწყდება მკითხველი, წიგნის დასრულების შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რა მომცა ამ წიგნმა? თუნდაც "მადამ ბოვარი" რომ ავიღოთ (რომელმაც ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე), მის გვერდით ლიოსას "ცუდი გოგო" სიახლეს  უკვე ვერ მთავაზობს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მაფიქრებს ამ ტიპის ადამიანებზე, აღზრდის, ბავშვობაში არსებული გარემოპირობების შედეგებზე, ღია და დაფარულ სურვილებზე, რომლებიც სხვადასხვა დოზით ალბათ ყველა ადამიანშია. ერთი მოსაზრებაც გამახსენდა, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა თავისი არსით – ის, რომ წყვილში ერთს უყვარს გამეტებით და მეორე ნებას რთავს ან იყენებს. "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის", "ცუდი გოგოსა" და მისი იაპონელი საყვარლის წყვილები ამაგრებს ამ მოსაზრებას. "ცუდი გოგოს" ცხოვრება აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი ავანტიურისტი და მღელვარე ცხოვრების მქონე ადამიანი სიცოცხლის მეორე ნახევარში სტაბილურობასა და საყრდენს ეძებს. რამაც უკმარისობის განცდა დამიტოვა, სტრიქონებს შორის ჩაუმალელი სათქმელი იყო – აქ თითქმის ყველაფერი ზედაპირზე დევს, თუ არ ჩავთვლით რომანის ბოლოს მოთხრობილ ამბავს ზვირთმჭრელებზე, რომელიც გამორჩეულია. სიუჟეტში ბევრი დამთხვევაა – ისეთი პატარა სასწაულები, როგორებიც ლათინურ სერიალებში ხდება ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნში მრავლად შეხვდებით სექსუალურ სცენებს, რომლებიც, ცოტა არ იყოს, მოუქნელად არის გადმოთარგმნილი (მაგ., "ლოგინი ჰქონდათ" და ა.შ.).