Showing posts with label ორჰან ფამუქი. Show all posts
Showing posts with label ორჰან ფამუქი. Show all posts

Wednesday, September 10, 2014

სტამბოლის სევდა


ეს არის წიგნი სევდიან ქალაქზე, თუ ქალაქის სევდაზე; საკუთარი ქალაქის "უცხო თვალით" დანახვის მცდელობა; ისტორიული ფაქტები, ქალაქის განვითარების ეტაპები, ხედები, ხმები, სილუეტები ყველაზე ტკბილი ასაკის – ავტორის ბავშვობისა და მოზარდობის მოგონებებიდან. ფაქტობრივად, ეს არის ოჯახური პორტრეტი მშობლიური ქალაქის ფონზე. ზემოთ ფერები არ დავწერე – ცალკე უნდა გამოვყო: ფამუქის სტამბოლი შავ-თეთრია, როგორც სტრიქონებს შორის ჩატეული, ისე ვიზუალურად – წიგნი გაფორმებულია სტამბოლის ხედების შავ-თეთრი ფოტოებით, რომელთა ნაწილი ფამუქის მიერვეა გადაღებული მისი მოზარდობის დროს; ნაწილი კი ცნობილ თურქ ფოტოგრაფებს ეკუთვნით, რომლებსაც წიგნის ბოლოს გვაცნობს ავტორი. ეს ფოტოები უკეთ შეგვაგრძნობინებს როგორც მშობლიური ქალაქისადმი ფამუქის დამოკიდებულებას, ისე იმ სევდას, სტამბოლის ხასიათი რომ განუსაზღვრავს და ამ ტექსტსაც რეფრენად გასდევს (წიგნიდან ყველაზე მეტად სწორედ ის თავი დამამახსოვრდა, რომელსაც "ჰუზუნ" (hüzün), ანუ სევდა ჰქვია).

ფამუქი წერს: "მე მგონი, მკითხველმა უკვე შენიშნა, რომ როცა ჩემს თავზე ვსაუბრობ, მაშინ სტამბოლზე ვლაპარაკობ და პირიქით, როცა სტამბოლს ვახსენებ, აზრს საკუთარ თავზე გამოვთქვამ". მართლაც, ასეა, წაშლილია ზღვარი ამ ორ ხაზს შორის; არ გაბნევს უცებ ისტორიული ფაქტების მოყვანა იქ, სადაც ორჰანი თავის ოთახში ხატავს, ან მეგობრებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მანქანით დაჰქრის.

ვფიქრობ, გულახდილია ავტორი, როცა საუბრობს საკუთარ ოჯახზე, შიშებზე თუ ჩვევებზე. "სტამბოლმა" მიმახვედრა, რომ ფამუქის ყველა სხვა წიგნში, რომელიც წამიკითხავს, მთავარი მოქმედი გმირები მისი ოჯახის წევრები არიან და ავტორის ბავშვობა ყველგან ირეკლება. წიგნში განხილულია ყველა მნიშვნელოვანი წერილობითი მასალა, რაც კი სტამბოლზე შეუქმნიათ; და როცა საქმე ეხება უცხოელი ავტორების ჩანაწერებს, ჩემთვის მოულოდნელად, ფამუქი იმ მკითხველის როლში დგება, რომელშიც უამრავი ქართველი ჩადგა მისივე "თოვლის" კითხვისას. თუ წაკითხული გაქვთ "თოვლი", მაშინ ეს ამონარიდი მიგახვედრებთ, რასაც ვგულისხმობ:

"ყოველი ჩვენგანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვის აზრს. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რას ფიქრობენ ჩვენზე, ჩვენს ერსა და ქვეყანაზე. როცა სხვისი – უცნობის ან უცხოელის – აზრი მტკივნეული ხდება, გვირთულებს რეალობის აღქმას და მეტიც – უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე რეალობა, ეს ნიშნავს, რომ ამ სხვისი დამოკიდებულება პრობლემას გვიქმნის.
...დილემის წინაშე დგას განათლებული სტამბოლელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დასავლელის შეხედულება მის ქალაქზე. ერთი მხრივ, მას უკვე გათავისებული აქვს დასავლური ღირებულებები და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იქაური მწერლების აზრს; მეორე მხრივ კი, როგორც კი დასავლელი მწერალი მონიშნულ ზღვარს დაარღვევს, სტამბოლელ მკითხველს გული უკვდება. ვითარებას ის უფრო ართულებს, რომ არავინ იცის, სად გადის ეს ზღვარი."

და ბოლოს, თუ სტამბოლში მოგზაურობას გეგმავთ, განსაკუთრებით გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას (ჩემი მიზანიც ეს იყო – მინდოდა, მეტი გამეგო ქალაქზე, რომლის ნახვაც ძალიან მსურს): ტურისტებს ძირითადად სტამბოლის მრავალფეროვნება და ხმაური იზიდავთ და ამ დროს, ფამუქი სარჩულის მხრიდან აბრუნებს ქალაქს – ჩუმსა და სევდიანად შავ-თეთრს.

აქვე ამონარიდი, რომელმაც, როგორც ცეცხლის ალების ცქერაზე შეყვარებული ადამიანი, ძალიან გამაღიმა.

Friday, March 7, 2014

თოვლი


ორჰან ფამუქის წიგნებს შორის, რაც ჯერჯერობით წამიკითხავს, „თოვლი“ ყველაზე მეტად მომეწონა. ეს არის ისლამის გაფეტიშების, სეკულარიზმის, დასავლეთისკენ სწრაფვის, სომეხთა გენოციდის, ქალთა მდგომარეობის და, უბრალოდ, ადამიანების შესახებ დაწერილი ძალიან კარგი წიგნი. სომხების და ქურთების თემის წამოწევის გამო ფამუქს სამშობლოში, შეიძლება ითქვას, ომი გამოუცხადეს. 2005 წელს თურქეთის სახელმწიფომ მის წინააღმდეგ სარჩელიც კი აღძრა. 2007 წლიდან მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, თუმცა მის მიმართ გამოვლენილი საყოველთაო ზიზღის მიუხედავად, მალევე დაბრუნდა თურქეთში.

„თოვლი“ 1999-2001 წლებშია დაწერილი და სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით ჩვენი საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო რომანად ითვლება. წიგნს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სტენდალის სიტყვები: "პოლიტიკა ლიტერატურულ ნაწარმოებში ისეთივე უხამსობაა, როგორც შუა კონცერტში გასროლილი ტყვია, მაგრამ მისი იგნორირებაც შეუძლებელია. ახლა კი საშინელ სიმახინჯეებზე ვისაუბრებთ..." ეს ეპიგრაფი ზუსტად გამოხატავს "თოვლს" – რომანში პოლიტიკის "საშინელი სიმახინჯეებია" თავმოყრილი და მეტიც, ერთ ეპიზოდში სწორედ რომ სცენიდან ცვივა ტყვიები.

რომანში მოქმედება აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ ყარსში იშლება. პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული თორმეტწლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება პოეტი, სახელად კა (აქვე, საინტერესოა სახელებით თამაში: მთავარი გმირი – კა, სიტყვა თოვლი, რომელიც თურქულად გამოითქმის, როგორც „კარ“ და ქალაქი, სახელად ყარსი (კარს)). წიგნში აღწერილია კას სამდღიანი მოგზაურობა დიდთოვლობისას გარესამყაროს მოწყვეტილ ყარსში. თუმცა, ეს სამი დღე იმდენად ბევრ მოვლენას იტევს, რომ გგონია, გმირების მთელ ცხოვრებას მიადევნე თვალი. ეს არის წიგნი გულუბრყვილო ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჰგვანან გულუბრყვილოებს, რადგან შეუძლიათ ამაზრზენადაც მოიქცნენ. ამიტომ წიგნის დახურვისას არც კი ბრაზდები მათზე, მით უმეტეს, არ გძულს. მათ უფრო  გარემოებების მსხვერპლები (ან ქმნილებები) შეიძლება ეწოდოთ. 

წიგნში მოთხრობილია სისხლიანი სამხედრო გადატრიალების ამბავი, რომელიც მთავარი გმირის ყარსში ჩასვლას დაემთხვა. პოეტი კა, ნებით თუ უნებურად, პოლიტიკურ ორომტრიალში ერთვება. ამ ფონზე ახალ სიცოცხლეს იძენს მისი სასიყვარულო რომანი; ცოცხლდება მისი წლების მანძილზე მიძინებული მუზაც და 19 ახალ ლექსად იქცევა. რომანში განსაკუთრებით საინტერესოა ქალების თემა – თუ როგორია მათი უფლებები, სურვილები და გადაწყვეტილებები მუსულმანურ საზოგადობაში. გარდა ამ თემისა, ჩემთვის გამორჩეული იყო რამდენიმე ეპიზოდი: პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის უკანასკნელი დიალოგი მის მკვლელთან, ყარსის თეატრის სცენიდან მაყურებლების დახვრეტა, ყარსელების შეკრება დასავლეთისადმი მიმართვის შესადგენად, ტერორისტის, მისი საყვარლის და კას საუბარი ევროპის  შესახებ გერმანული ოჯახის მაგალითზე. 

მე ვაფასებ ფამუქის გამბედაობას, იყოს კრიტიკული საკუთარის მიმართ ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიტიკას შეიძლება ფიზიკური ლიკვიდაცია დაუპირისპირონ; ისაუბროს რელიგიაზე იქ, სადაც ფუნდამენტალისტები ცხოვრობენ; ისაუბროს სახელმწიფოს უსუსურობაზე და მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენილ მოსახლეობაზე – კაცებზე, რომლებიც თავს რელიგიას უძღვნიან და ქალებზე, რომლებიც თავს რელიგიის სახელით იკლავენ. ამ წიგნში არაერთი პარალელი ვიპოვე ჩემს ქვეყანასთან: ძალიან ჰგავს ჩვენი ქრისტიანი მოსახლეობა თურქ მუსლიმ მოსახლეობას; ჩვენი სოციალური ფონი მათსას, ჩვენი რელიგიის და დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება მათსას (კითხვისას არაერთხელ გამახსენდა ცნობილი გამონათქვამი "ქართველობას გვართმევენ!"). სხვათა შორის, ფამუქს არც ჩვენ ვავიწყდებით – ქართველი გმირებიც არიან „თოვლში“ ჩარჩენილები; მართალია, არც თუ საამაყო კუთხით, მაგრამ ესაც ჩვენი მწარე სიმართლეა. 

და ბოლოს, ფამუქის წიგნების სათაურებს თუ დავალაგებთ, სამი ფერის გამად იქცევა. შავზე ვერაფერს ვიტყვი – არ წამიკითხავს, წითელმა და თეთრმა კი კარგი შთაბეჭდილება და, ამავე დროს, კითხვა დამიტოვეს საკუთარ თავთან: ის შინაგანი პროტესტი (როგორც ძალიან პოპულარული მწერლის მიმართ), რამდენიმე წლით რომ დამიგვიანა ფამუქის გაცნობა, რატომ მქონდა. 


აქვე ამონარიდები:  1, 2, 3, 4

Monday, September 2, 2013

ფარული სახე

ამ წიგნის წაკითხვის სურვილი მეგობრის ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ორჰან ფამუქი წინასიტყვაობაში წერს, რომ მკითხველები სცენარებს ნაკლებად წყალობენ და თავადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მე პიესებისგან განსხვავებით, აქამდე კინოსცენარები არც ხელთ ჩამვარდნია და არც  წასაკითხად მიძებნია. პირველივე გვერდებიდან გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამახსენდა: ამ წიგნში ადამიანთა სახეებს ჩასცქერიან და მათი დარდებისა და სიზმრების ამოცნობას ცდილობენ. უამრავი ფოტოა მოფენილი ლუპამომარჯვებული ქალის ოთახში. "ჩვენი სახე რუკაა, ამბავი კი – მაგიდაზე დადებული ჩვენი სული" – ეუბნება ქალი ფოტოგრაფს. ქალს ცისფერი მანქანა აქვს და თავისი მანქანიანად იმ ცხენს ჰგავს, რომელიც ფოტოგრაფს ხელიდან არ უნდა გაუსხლტეს, თორემ მისი ძებნა და მასზე ფიქრი უსასრულოდ მოუწევს – ქალაქთა ქალაქში, უცხოთა ქალაქში, მკვდართა თუ გულთა ქალაქებში. ეს ცხენი არ ჰგავს ამავე სცენარის ერთ კადრში ყასბის გვერდით მიმავალ, სიკვდილის წინ თვალებახვეულ ცხენს. ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი (და არა უბრალო რეკვიზიტი) საათია – იქნება ეს მამისეული, კედლის, მელოდიური, ქალაქის კოშკის, მაგიდის, გაფუჭებული თუ ამუშავებული; კიდევ ერთ მთავარ გმირს, მესაათეს, წიგნის დასარულს ოცნება უსრულდება – ადამიანები საათის საიდუმლოებას იგებენ, თავს აღწევენ დარდებს და საკუთარი ამბების მოყოლას ახერხებენ. მთავარია, სიზმრები არ დაავიწყდეთ, თორემ იმედებს ვეღარ დაისახავენ. თხრობისას კი საათი გულთან ახლოს უნდა ეჭიროთ – მის გარეშე ფარული სახე ვერ მჟღავნდება.
სცენარში თითქმის ყველაფერი სიმბოლურია: მოქმედი გმირები თუ ნივთები. მათი ჩამოთვლა ალბათ შორს წამიყვანს. ფილმის ნახვას არ ვაპირებ, თანაც წიგნი ფილმის კადრებით არის გაფორმებული და მგონი ამიტომაც დამეკარგა ნახვის სურვილი.