Showing posts with label José Saramago. Show all posts
Showing posts with label José Saramago. Show all posts

Saturday, December 19, 2015

იესოს სახარება

ჟოზე სარამაგუ რომ ათეისტი იყო, მისი მკითხველებისათვის უცხო ამბავი არ არის, თუმცა მის რომანებში, შესაძლოა, იმაზე მეტად ცხოვრობს მორწმუნეთათვის ნაცნობი ღმერთი, ვიდრე რომელიმე სხვა ავტორის ნაწარმოებში. ის ხუმრობს, ამიწიერებს ღმერთსაც და ეშმასაც, აკრიტიკებს ღვთისმსახურებს და ღვთისმსახურებას, მაგრამ არასდროს ცინიკურად. „იესოს სახარებაც“ ამის დასტურია – შეიძლება ითქვას, მისი შექმნისას მწერალმა ბეწვის ხიდზე იარა და წარმატებით. თუ ვინმე ელის სკანდალურ ტექსტს (როგორი საქმეა – იესოს ცხოვრებაზე ათეისტი წერს), კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. თუმცა, მკითხველსაც გააჩნია. მე მაინც მგონია, რომ მორწმუნე ადამიანი არ უნდა დარჩეს შეურაცხყოფილი ამ მშვენიერი წიგნით, სადაც აღწერილია იოსებისა და მარიამის ოჯახური ცხოვრება, იესოს ჩასახვის ამბავი, მისი ბავშვობა და სიყმაწვილე (რაც გამოტოვებულია სახარებაში), მიწიერი ცხოვრება ვიდრე გაღმერთებამდე – როგორც ჩვეულებრივი, ახალგაზრდა კაცისა, რომელიც  უშვებს შეცდომებს, ვისთვისაც უცხო არ არის ურჩობა ან ბრაზი, განიცდის ვნებას და შეყვარებულია ისე, როგორც ამას რიგითი ადამიანი შეძლებდა. რაც ამ წიგნში დამაკლდა, ქალების გრძნობების, აზრების მეტად წარმოჩენაა – მაგალითად, მარიამის. თუმცა, მეორე მარიამის – მაგდალინელის – სახე გაცილებით გახსნილია.

„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და გამოცემისთანავე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები. ვატიკანის გაზეთმა "L'Osservatore Romano" სარამაგუს ვრცელი კრიტიკული წერილი მიუძღვნა, მის ნაწარმოებს „მკრეხელური“ უწოდა და სარამაგუ მწვალებლად შერაცხა. გარდა ვატიკანისა, მწერლის წინააღმდეგ ქვეყნის ხელისუფლებაც გამოვიდა – სახელმწიფო მდივანმა კულტურის დარგში სარამაგუ ევროპის ლიტერატურული პრემიის პორტუგალიელი კანდიდატების სიიდან ამოიღო. თავის მხრივ, მწერალმა სახელმწიფო ცენზურაში დაადანაშაულა და მეუღლესთან ერთად კანარის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად. ეკლესიას და სახელმწიფოს არც შემდეგში დაუკვლია კრიტიკა: 1998 წელს, როცა სარამაგუმ ნობელის პრემია მიიღო (მიიჩნევა, რომ სწორედ ამ წიგნის გამო მიანიჭეს სარამაგუს ნობელის პრემია ლიტერატურაში), ვატიკანმა კვლავ მიუძღვნა გამოხმაურება, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გამოაქვეყნა ნეკროლოგი, სადაც მწერალს "პოპულისტ ექსტრემისტსა" და "ანტირელიგიურ იდეოლოგს" უწოდებდნენ, ხოლო პორტუგალიის პრეზიდენტი მის დაკრძალვაზე არ მივიდა და განაცხადა, რომ ასეთ მწერალს არ იცნობდა, რამაც ათეულ ათასობით პორტუგალიელის გულისწყრომა გამოიწვია.   
თუმცა
, ცხადია, მისი რომანის ირგვლივ განსხვავებული აზრიც ჟღერდა: კრიტიკოსებმა "იესოს სახარებას" "ღრმად ფილოსოფიური და პროვოკაციური" უწოდეს, აგრეთვე ჩათვალეს, რომ სარამაგუმ თავისი მხატვრული ტალანტი ყველაზე უკეთ ამ ნაწარმოებში წარმოაჩინა და წიგნი მაგიური რეალიზმისა და სოციალურ-ისტორიული პროზის შესანიშნავი ნიმუშია; სხვათა შორის, კათოლიკურ ეკლესიაშიც ჰქონდათ დადებითი შეფასება. მაგალითად, ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“. 

Wednesday, January 28, 2015

მოგონებანი მონასტერზე

ჟოზე სარამაგუმ "მოგონებანი მონასტერზე" 1982 წელს გამოსცა, ხოლო 1998 წელს ამ რომანისთვის ნობელის პრემიაც მიიღო. აღმოვაჩინე, რომ 1995 წელს გამოცემული "სიბრმავის" მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში ჩაუდია ავტორს: "დღეს ისეთი დღეა, რომ უნდა იხილო, და არა უბრალოდ უყურო, ყურება დიდი საქმე არაა, ეს ყველას შეუძლია, ადამიანების უმეტესობას ხომ თვალები აქვთ, მაგრამ მაინც ბრმები არიან." საერთოდაც, სარამაგუ ყველა მის წიგნში, რაც წამიკითხავს, პირდაპირ თუ ირიბად, ამ სათქმელს ავითარებს.  

რომანში თანაბრად არის წარმოდგენილი როგორც "ერის" (მმართველთა თუ მათი ხელქვეითების), ისე "ბერის" (ასევე რანგების მიხედვით) მხარე. სარამაგუს არ ღალატობს ირონიანარევი იუმორის გრძნობა, რაც მიყვარს კიდეც მასთან. პირველივე გვერდიდან პრაქტიკულად კომედიის მაყურებელი ხდები, – ხედავ ნაკურთხ და ნალოლიავებ სიყვარულს და შემდეგ ინაცვლებ წყვილთან, რომელიც მათი დაულოცავი კავშირის და ურთულესი ცხოვრების მიუხედავად, სულის ამოსვლამდე "ერთ სულ და ერთ ხორც" რჩება.

რომანის მთავარი გმირები ერთგვარი შერეკილები არიან – ყოფილი ჯარისკაცი, ცალხელა ბალთაზარი და მისი ნათელმხილველი მეუღლე – ბლიმუნდა. ისინი ვერ ამბობენ, რა შესაძლებლობები აქვთ, რას მიაღწიეს; მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს ადამიანებს შორის და როგორც კი გაბედავენ სიმართლის გამჟღავნებას, ხალხისთვის ხდებიან კიდეც შერეკილები. ასეთების ადგილი კი კოცონზეა. შერეკილები შემთხვევით არ მიხსენებია – ბალთაზარი "პასაროლას" აგებს, პირველ მფრინავ მანქანას. როგორ შეიძლება მიაღწიო წარმოუდგენელს? გადადგა მთა? აიჭრა ცაში, სადაც მანამ მარტო ჩიტები და სულიწმინდა თუ ხვდებოდნენ? მხოლოდ და მხოლოდ თვალების და ნების დახმარებით: უნდა ხედავდე იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ და შეაგროვო საკუთარი თუ სხვების ნება (აქ კიდევ ერთხელ შემახსენა თავი ასორინის წიგნმა).

მეფე ჟუან მეხუთესაც ნება აშენებინებს პორტუგალიის ყველაზე დიდ ტაძარს. 1711-1730 წლებში მიმდინარე მშენებლობაზე 50 ათასამდე მუშა მუშაობდა, რომლებიც იძულებით ჩაჰყავდათ ქვეყნის ყველა კუთხიდან, რათა დათქმული თარიღისთვის სასახლე  და ტაძარი საზეიმოდ ეკურთხებინათ. ასობით მათგანი დასახიჩრდა ან დაიღუპა ამ მშენებლობაზე, დაშორდა ოჯახს, ვეღარ მიაგნო სახლს... მეფის ნების შედეგი დღესაც აღტაცებას იწვევს, თუმცა სარამაგუს მიერ დასმული კითხვა და მასზე გაცემული პასუხი არანაკლებ აღტაცებულს მტოვებს: "რაღატომ ვაშენებთ მიწაზე ეკლესიებსა და მონასტრებს? რადგანაც არ გვესმის, რომ მიწა უკვე ეკლესიაცაა და მონასტერიც."




ამონარიდები:
>1,  >2,  >3

>

Thursday, December 11, 2014

სიბრმავე

როდესაც შევიტყვე, რომ ჟოზე სარამაგუ "სიბრმავეშიც" საყოველთაოდ გავრცელებული უცნაურობის ამბავს ჰყვებოდა, მისი წაკითხვის სურვილი გამიქრა. ვიფიქრე, ოდესმე შეიძლება წამეკითხა ეს წიგნი, ოღონდ არა ახლა. თუმცა, ისე მოხდა, რომ წიგნმა თავად მომნახა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

წიგნი გვიამბობს მოულოდნელად გავრცელებული ეპიდემიის ამბავს – მეგაპოლისის მაცხოვრებლები ერთი-მეორის მიყოლებით ბრმავდებიან. თვალხილული რჩება მხოლოდ თვალის ექიმის ცოლი, რომლის ირგვლივაც ვითარდება წიგნში მოთხრობილი მთელი ისტორია. თავდაპირველად  სახელმწიფო ე. წ. გეტოებში განათავსებს დაბრმავებულ ადამიანებს, თუმცა მალე სიტუაცია უკონტროლო ხდება. ავტორი კი ერთ–ერთ გეტოში განვითარებულ ამბავს გვიყვება, სადაც ზემოთხსენებული მხედველი ქალი ცხოვრობს – ჩვენ სწორედ მისი თვალებით ვხედავთ, მისი ყნოსვით ვგრძნობთ, მისი ხელებით ვეხებით... და სული გვეკვრის.

ამ რომანში მოქმედ გმირებს არ აქვთ სახელები. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ვასხვავებთ ასე: ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, შავსათვალიანი ქალიშვილი... და ეს ფაქტი გვეხმარება, ადვილად დავინახოთ თითოეულ მათგანში ჩვენი თავი, დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვინც "ბრმები ვიყავით და ახლაც ბრმები ვართ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ". აკი, სიბრმავეც ისეა აღწერილი, რომ ექიმის გამოცდილი მზერაც კი ვერ ამჩნევს რაიმე განსხვავებას დაავადებულ და ჯანმრთელ თვალებს შორის. და რა აბრმავებს ადამიანებს, სად არის საწყისი? სარამაგუს ამაზეც აქვს პასუხი – შიშია ყველაფრის თავი და თავი და შიში არ გვაძლევს თვალის ახელის საშუალებას. ეს წიგნი შეშინებულ, ბრმა ადამიანებს სიცოცხლის შეყვარებისკენ მოუწოდებს; მასში არაერთხელ ჟღერდება აზრი, რომ ადამიანები სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ; იცოცხლონ მანამ, ვიდრე რაიმე სასარგებლოს მოტანა შეუძლიათ სამყაროსთვის; რომ იმაზე უარესი არაფერია – არ გინდოდეს დანახვა; რომ უკეთ დავინახავდით, ჩვენ ირგვლივ მეტი თვალხილული რომ იყოს; რომ უსინათლო  ადამიანები სიბრმავეს წარმოქმნიან.

Friday, March 8, 2013

სიკვდილი ისვენებს

სარამაგუ ამ წიგნში წერს: "ყველაფერი, რასაც ღმერთსა და სიკვდილზე ამბობენ, ლაზღანდარობაა და მეტი არაფერი, მათ შორის – ჩვენი ისტორიაც". მე კი ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე კარგი ლაზღანდარობაა სიკვდილზე, რაც ოდესმე გამიგია; იმდენად კარგი, რომ მისი "ბუნდოვანი ნახაზი" ლამის გვერდით, ან უარესი – ლამის ჩემში ვიგრძენი. ავტორის თქმით, სიკვდილის დაჟინებულ მზერას გამუდმებით ვგრძნობთ, რაშიც ძალიან ვეთანხმები – უბრალოდ, ახლა გაცილებით მხიარული დავუბრუნებ მზერას.

წიგნში მოთხრობილია ამბავი ქვეყნისა, რომელშიც ახალი წლის ღამეს სიკვდილი (უბნის რწმუნებული, რადგან ყველა ქვეყანას თავისი "სიკვდილუკა და სიკვდილუნა" ჰყავს მიმაგრებული) გართობის ხასიათზე დგება და გადაწყვეტს, დაისვენოს თავისი ერთადერთი მოვალეობისგან. სარამაგუ დაწვრილებით და იუმორით აღწერს, თუ რა ხდება ქვეყანაში ამ ამბის გაცხადების შემდეგ. ერთხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება გამორჩენოდა–მეთქი და არაფერი – მოვლენების განვითარების ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტი გვიამბო. იგივე გააკეთა მას შემდეგ, რაც სიკვდილმა გადაწყვიტა, რომ მისი არდადეგები დასრულდა. და აქ იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელმაც ვრცლად წერა მომანდომა, ჰოდა, ვაგრძელებ:

შეიძლება ითქვას, სარამაგუს სიკვდილი არქივის თანამშრომელია (ოღონდ არა "კანცელარიის ვირთხა" – ავტორის აზრით), გნებავთ – კატალოგისტ-ბიბლიოთეკარი (ეს – მე მირჩევნია), ბალზაკის ასაკშია, მიმზიდველია, იდუმალი და აქ ვიფიქრე, სარამაგუც ხომ არ იზიარებს პოპულარულ აზრს ბიბლიოთეკარ ქალებზე და ამიტომ ხომ არ დაამსგავსა-მეთქი სიკვდილის სამუშაო ოთახი ბიბლიოთეკის შემადგენელ ნაწილს. ასეა თუ ისე, სარამაგუს სიკვდილი – ბუნებით თუ განხორციელებული – ქალია, მისი ერთგული თანაშემწე ცელი კი, ჩემი ფიქრით, მამრი უნდა იყოს. მუყაით და სკრუპულოზურ სიკვდილს, რომელსაც არავინ უმოწმებს სამუშაოს, უჩნდება ყოვლის მფლობელის სინდრომი და აწესებს როგორც სამუშაოს შესრულების ვადებს, ისე ნოვატორულ მეთოდებს. 

ეს ამბავი მკვლელის და მისი მსხვერპლის სიყვარულის ამბავია, ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითით – კატის და თაგვისა, სადაც კატა, რა თქმა უნდა, სიკვდილია, თაგვი კი – 50 წლის ვიოლონჩელისტი, რომელიც აუცილებლად უნდა მომკვდარიყო  მანამ, ვიდრე 49 წლის იყო, თუმცა არ მოკვდა. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდა სიკვდილს მსხვერპლის მიმართ დაუცხრომელი ინტერესი. ალბათ აქ უნდა გავჩერდე და არ ვთქვა, თუ რა მოჰყვა ამ ინტერესს და სიკვდილის მიერ ჩადენილ ისეთ იშვიათ ქმედებას, მის ცელსაც რომ არ ახსოვს.

ბოლოს, მინდა წიგნის ერთი პასაჟი ავახმიანო პირდაპირი გაგებით: ერთხელ ორკესტრანტებს შორის ნახევრად ხუმრობით საკუთარ მუსიკალურ პორტრეტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ვიოლონჩელისტმა თავისი პორტრეტად შოპენის ეტიუდი დაასახელა. მან თქვა, რომ "ორმოცდათვრამეტ წამში შოპენმა ყველაფრის თქმა მოახერხა, რისი თქმაც შეიძლება ადამიანზე, ვისაც საერთოდ არ იცნობ". როდესაც სიკვდილმა ეს ეტიუდი მოისმინა, მან ამ 58 წამში "ყველა და თითოეული ადამიანის ცხოვრების, როგორც არაფრით გამორჩეულის, ისე არაჩვეულებრივის, რიტმული და მელოდიური ტრანსპორირების ჟღერადობა გაიგონა". ჰოდა მინდა, პოსტი სწორედ ამ ეტიუდით დავამთავრო და ვიკითხო – ეთანხმებით სიკვდილს?