Showing posts with label რეი ბრედბერი. Show all posts
Showing posts with label რეი ბრედბერი. Show all posts

Tuesday, June 4, 2013

451° ფარენჰაიტით

წიგნის დამთავრების შემდეგ ერთი ფრაზა ამოვიჩემე: "ამერიკელი ვაჟა". მერე საკუთარ თავს ვეკამათებოდი, ბევრი ხომ არ მომდის, ასე რომ ვამბობ–მეთქი. რეი ბრედბერი ისე გაფიქრებს ბუნებაზე და იმდენად გამოხატავს მის სიყვარულს, რამდენადაც ეს მე-20 საუკუნის მწერალს შეუძლია – ზომიერი ემოციითა და ძალისხმევით.
ამ წიგნში SOS სიგნალია ჩართული და ბოლო ხმაზე გაჰკივის.
ამ წიგნში წიგნები იწვიან და მათთან ერთად – ადამიანებიც.
ამ წიგნში ადამიანები უსულგულო და გამოფიტულ თავებს ინადგურებენ, რომ ფენიქსივით აღდგნენ, დაიბრუნონ საწყისი მდგომარეობა, რომელიც აღარც კი ახსოვთ, როგორი იყო. მხოლოდ თითო–ოროლა, მოსიარულე წიგნებად ქცეულ მოხუცს თუ დაეჯერება რამე და დაეყრდნობა მომავალი...

მინდა, პატარა მონაკვეთი წიგნიდან ამ პოსტშიც დარჩეს:  
"– ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნადო, – იტყოდა ხოლმე პაპაჩემი. ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი... რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიაც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები. სულერთია, რას გააკეთებთო, – ამბობდა იგი, – ყველაფერი, რასაც შენი ხელი მიეკარება გადასაკეთებლად, შენვე დაგემსგავსებაო. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნამდვილი მებაღისგან ის ადამიანი, რომელიც ისე, უბრალოდ თიბავს ბალახს მინდორში. ბალახის მთიბავი შეიძლება სულაც გაქრეს, მებაღის სული კი მუდამ იქ იტრიალებს".

Wednesday, January 30, 2013

ბაბუაწვერას ღვინო

პირველი წიგნი, რომელზეც დავწერ, არ ამირჩევია, როგორც ყველა დროის საუკეთესო, თუმცა ჩემი საყვარელი წიგნია. მისი გახსენებისას დადებითი განწყობა მიჩნდება და, ვფიქრობ, ამიტომაც გამახსენა თავი პირველმა, როცა ამ  პოსტის საწერად დავჯექი. მისი ავტორი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ავტორია – ჯერჯერობით იმედი არ გაუცრუებია. ყოველთვის მიტოვებს განცდას, რომ რასაც წერს, სიყვარულით წერს, რომ  უყვარს ადამიანები და ბუნება; ეს უკანასკნელი – განსაკუთრებით.
მოკლედ, ეს წიგნია "ბაბუაწვერას ღვინო", რომელიც რეი ბრედბერიმ 1957 წელს გამოაქვეყნა. მთავარი მოქმედი გმირი დაგლას სპოლდინგია, პატარა ბიჭი, რომელიც გვიყვება თავის ოჯახსა და პატარა ქალაქზე. მჯერა, წიგნი არცერთ მკითხველს დაგტოვებთ გულგრილს და კითხვის დასრულებისას აუცილებლად თბილად გაგეღიმებათ.