ამელი ნოტომს, როგორც ავტორს, გააჩნია შარმი, რის გამოც მის ახალ თარგმანებს უყურადღებოდ არ ვტოვებ ხოლმე და, ცხადია, "ტკბილი ნოსტალგიაც" დავიმგზავრე. მით უმეტეს, რომ თემა იაპონია იყო და ქენძაბურო ოეს მოთხრობების დამსახურებით იაპონურ ტალღაზე მომართულს, ისევ მსურდა ამ ქვეყნის შეგრძნება. თუმცა წიგნმა ბევრი ვერაფერი მომცა; ერთგვარი დღიური-რეპორტაჟია მწერალ ამელი ნოტომის იაპონიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც ის ტელეგადამღებ ჯგუფთან ერთად ჩადის და ბავშვობისა და პირველი სიყვარულის მოგონებებს აცოცხლებს: ხვდება თავის აღმზრდელს, ყოფილ შეყვარებულს; ეძებს ადგილებს, რომლებსაც იცნობდა, შეგრძნებებს, რომლებიც განუცდია... და საბოლოოდ ასკვნის, რომ მიუხედავად სურვილისა და ამ ქვეყანასთან ბავშვობაში გაბმული დამაკავშირებელი ძაფებისა, ვერასდროს გახდება იაპონელი. თხრობა მშრალია, ისეთი, როგორიც რეპორტაჟს შეეფერება – ეს არის წიგნში ნახსენები სავარაუდო ტელეგადაცემის წერილობითი ვერსია.
Showing posts with label ამელი ნოტომი. Show all posts
Showing posts with label ამელი ნოტომი. Show all posts
Monday, March 2, 2015
Wednesday, August 14, 2013
ლურჯწვერა
წიგნის სათაური ბავშვობაში დაგაბრუნებთ, თუკი იმხანად შარლ პეროს ზღაპრებს კითხულობდით. ამელი ნოტომმა სწორედ ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ზღაპრიდან გამოადნო თავისი უახლესი რომანი.წიგნის ფაბულა ისეთია, როგორც ზღაპარში: მდიდარი, ასკეტი მამაკაცი ეძებს თანამობინადრე ქალებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მის სასახლეში უგზო–უკვლოდ უჩინარდებიან. დგება მეცხრე, ოქროსფერი ქალის რიგი, თუმცა ის კოლექციონერზე მოხერხებული აღმოჩნდება.
ტექსტი მასში აღწერილი საღამოების აუცილებელი ატრიბუტის – საუკეთესო ფრანგული შამპანურის მსგავსად შუშხუნაა და თითქმის მთლიანად აგებულია სხარტი და ირონიული დიალოგებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ავტორი რომანის წერისას თავადაც შამპანურს წრუპავდა.
ეს არის წიგნი მარტოობის და ვალდებულებების შიშზე, ზღვარზე, რომელიც შეიძლება გადიოდეს სიყვარულსა და პირად მეს შორის, ცნობისმოყვარეობის დასაშვებ დოზაზე და ნდობის გამოცდაზე. აქ მამაკაცი ამტკიცებს, რომ მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს "საკუთარი ოთახი" – სივრცე, რომელსაც თავად ქმნის და სადაც უმყოფობას შეძლებს; კაცი თავს ღმერთად მიიჩნევს და აწესებს აკრძალულ ხილსა და სასჯელს მისი მოწყვეტისათვის. ის შეუდარებელი კულინარია და თერძი: ანუ ქმნის და რასაც ქმნის – მთელი გულით და მონდომებით. წიგნის მთავარი გმირი თვლის, რომ პირველად იყო კვერცხი, რომელშიც სამყარო ფეთქავდა და ოცნებობს, თავად იყოს ეს კვერცხი-სამყარო. კვერცხისგულისფერია ეს წიგნიც.
ზემოთ კოლექციონერი ტყუილად არ მიხსენებია. კითხვის დაწყებისთანავე ჯონ ფაულზის წიგნით განცდილი უსიამოვნო გრძნობა ამომიტივტივდა. ნოტომის და ფაულზის გმირებს ბევრი რამ აკავშირებთ, მათ შორის ფოტოგრაფია, როგორც სიყვარულის შეჩერებულ წამად ქცევის საშუალება.
Sunday, March 24, 2013
მოკალი მამა
ამელი ნოტომის, თუ არ ვცდები, ყველა ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული. უცნაური ის არის, რომ ნოტომს ჩემს საყვარელ მწერალს არ ვუწოდებ, თუმცა მორიგი წიგნის წასაკითხად ის ყოველთვის "მიტყუებს".ეს ალბათ ნოტომის ყველაზე ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც დაფუძნებულია ფროიდისეულ თეორიაზე – ჩვენს ქვეცნობიერში მცხოვრები მამის მოკვლის აუცილებლობაზე. წიგნს წაწერილი აქვს: "მოდი და გაიგე, სინამდვილეში რა ტრიალებს მოთამაშის თავში". ასეც არის – გარშემომყოფებისთვის14 წლის ჯო უიპის ფიქრებიც გამოუცნობია. პრინციპში, ცხოვრების ამ ეტაპზე არც არავის აინტერესებს მისი ფიქრები. ერთადერთი, რაც ჯომ იცის, ფოკუსების კეთებაა. ეს არ არის უბრალო გატაცება – მიზანმიმართულად სწავლობს და ხვეწს ილეთებს. თითები ვირტუოზის აქვს, თუმცა ამას მაშინ იჯერებს, როდესაც ხვდება მას, ვინც ბედს გადაუწყვეტს. ამ შეხვედრის შემდეგ ჯოს ცხოვრებაში ჩნდება ნორმან ტერენსი, რომელიც გაზრდის და ფეხზე დააყენებს, თავს ჯოს მამად მიიჩნევს, რითაც თავისსავე განაჩენს მოაწერს ხელს.
"ბავშვები, რომლებსაც საკუთარი მამები არ აღიარებენ, იტანჯებიან. მაგრამ არსებობს უფრო დიდი ტანჯვაც: ტანჯვა მამისა, რომელსაც საკუთარი შვილი არ სცნობს". ნორმანის მოლოდინი გოდოს მოლოდინს ჰგავს. ძნელი ამოსაცნობია, რა დატრიალდება "გოდოს" თავში.
Subscribe to:
Posts (Atom)
