Showing posts with label Michel Houellebecq. Show all posts
Showing posts with label Michel Houellebecq. Show all posts
Tuesday, December 1, 2015
კუნძულის შესაძლებლობა
სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ალბათ ყოველ მეორე, ყოფიერებისგან დაღლილ და გულგატეხილ ადამიანს მაინც უნატრია დაძინება და გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრების იმავე პოზიციიდან გაგრძელება, რომელზეც ძილამდე შეჩერდებოდა. როგორც ჩანს, უელბეკსაც. მისი გმირები კუნძულის შექმნის შესაძლებლობას უშვებენ, სადაც ნეო ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება ზუსტად ისე, ზემოთ რომ ვწერდი. ოღონდ მათი "ძილ-ღვიძილი" მუდმივობას ნიშნავს – უკვდავებას, როგორც ამას ჩვეულებრივი მოკვდავები ვუწოდებთ. ყველა, ვინც ახალ რელიგიას ეზიარება, მიიღებს ბილეთს უსასრულობაში, სადაც, უელბეკის აზრით, მტანჯველი ბავშვობისა და სიბერის პერიოდებზე აღარ დაიხარჯება დრო და ენერგია, ადამიანები შეძლებენ, ზრდასრულებმა და საკუთარ სურვილებსა და რაობაში გარკვეულებმა, განაგრძონ ცხოვრება დაპაუზება-სტარტის რეჟიმში. ამ სიზმარს იმდენად დამაჯერებლად აღწერს, რომ ფიქრობ, ემანდ შენს ირგვლივაც ხომ არ არსებობს ელოჰიმიტური ეკლესია, ხომ არ გაერთიანდე, აამო ხორცს და შესაბამისად სულს და თან თავად გადაწყვიტო, როდის აამოქმედო წასვლა-მოსვლის საკუთარი გრაფიკი. თან ფიქრობ: ასე თუ გაგრძელდა სამყაროს განვითარება, მართლაც რაღაც შეიცვლება, მაგალითად, არსებულ რელიგიებს – რაც ადამიანური ვნებების მამოძრავებელი ძალა და მიმართულებს მიმცემია დღეს, დაჯაბნის ახალი; ფიქრობ, რომ მოძველდა ის დოგმები, რასაც ჯიუტად მისდევენ ადამიანები, ვერ არგებენ თანამედროვე ყოფას და იტანჯებიან ამის გამო.
უელბეკის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მის ბოლო რომანებში ქალ გმირებს ვეცნობი. ის წერს ორმოცს მიტანებულ ქალებზე, რომლებიც ამ ასაკს, როგორც ფინიშს, ისე აღიქვამენ და მყისიერად კარგავენ სიცოცხლის ინტერესს. მგონია, რომ უელბეკი აჭარბებს, რომ შეუძლებელია 37-ის იყო ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, რეალიზებული და უცებ, სამ წელიწადში, მოსიარულე ტომრად იქცე – თანაც, არა მხოლოდ ფიზიკურად. მაგრამ ბოლოს თითს ვკაკვავ. ცხადია, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ რეალურად, ამ სასტიკ სამყაროში, ერთია, შენ რას გრძნობ და მეორე – ბაზარი რა მოთხოვნებს აყენებს. სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზი მცენარეც იწყებს ჭკნობას, როგორც კი მზე და წყალი მოაკლდება, როგორც კი პატრონი – თანამედროვე საზოგადოება – ბნელ კუთხეში მიდგამს და ახალ მცენარეს აირჩევს ფავორიტად. საბოლოო ჯამში, ადამიანებს კლავს მღელვარე ცხოვრებიდან მათი ჩამოშორება, უცებ იმის გამოცხადება, რომ მათი თამაშის დრო ამოიწურა და ახალ სეანსზე აღარ დაიშვებიან.
რამდენიც უელბეკის ახალ რომანს ვკითხულობ, იმდენჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ახლობელია. მერე ხდება ისე, რომ მორიგი რომანი ყველა მანამდელს მავიწყებს. ასე დამემართა "კუნძულის შესაძლებლობის" კითხვისას. ყოფიერების აუტანლობა ყველაზე ნიჭიერად, დამაჯერებლად, სრულიად რეალისტურად, რა თქმა უნდა, მიშელს შეუძლია, აღწეროს. ტკივილამდე მართალია, როცა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, სავსე და ამავდროულად ცარიელ ცხოვრებაზე, გულგრლილობაზე, შიშებზე, სიყვარულზე, სიკვდილისკენ სწრაფვასა და მაინც, სიცოცხლის ვერ დათმობაზე. ალბათ აქედან მოდის უკვდავების უშრეტი სურვილიც, აქედან მოდის ძალა, რომელიც მოაფიქრებინებს უელბეკის გმირებს გამოსავალს – თუ როგორ წავიდნენ ისე, რომ არა მეორედ, არამედ მრავალგზის დაბრუნდნენ და თან, გვერდით იყოლიონ ყველაზე ერთგული არსებები. ამავე დროს კი, ჩაუკეტონ კარი და გაერიყონ მათ, ვინც არ იწამეს მათი რელიგია, არ იწამეს ახალი გზა და მხოლოდ წარსულისკენ იყურებოდნენ.
ერთგული არსებები ვახსენე და უცნაურია, ბოლოს წაკითხულ სამ წიგნში, მიყოლებით, ძაღლებზე მხვდებოდა ოდები: რომ ყველაზე ახლობელი და ადამიანისთვის ნამდვილი, უანგარო სიყვარულის გრძნობის განმაცდეველი ძაღლია. ამას წერდა ბეკეტი "მოლოიში", უელბეკი – "კუნძულის შესაძლებლობაში" და ქსავიერ დე მესტრიც, რომელმაც თავისი წიგნის ერთი თავი მიუძღვნა ერთგულ მეგობარს.
წიგნიდან დასამახსოვრებელი იყო წერილის, როგორც დამაკავშირებელი ძაფის, ეპოქებს შორის გადებული ხიდის, როლი. წერილების – წმინდა წერილების – წერა თითოეულ ნეო ადამიანს შეუძლია, სადაც ყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობებზე, ტოვებენ გზის მანიშნებლებს მეორედ, მეოცედ თუ მეორასედ მოსასვლელი "მესთვის". უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობაც" ასეთი წერილია – თანამედროვე ადამიანის გადაძახილი მომავალში, მისსავე თავთან. მინდა ვურჩიო ამ წერილის გაცნობა მას, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ცხოვრების არსზე, თავის როლზე, საკუთარ სურვილებზე და თვალი გაუსწორებია მკაცრი რეალობისთვის; მას, ვინც არ დადის ვარდისფერი სათვალით და არც ჩანთაში მოეძებნება ის; ვინც მამაცია, როცა საქმე მიწაზე დგომას ეხება.
Monday, June 8, 2015
ელემენტარული ნაწილაკები
მიშელ უელბეკის ქართული თარგმანებიდან ამ
დრომდე „ელემენტარული ნაწილაკებიღა“ მქონდა წაუკითხავი, უფრო სწორად გადადებული, რადგან ორი წლის წინ დავიწყე და მერე, როგორღაც, შევეშვი. მგონია, რომ ყველა წიგნს აქვს თავისი წაკითხვის დრო და ამას, მე პირადად, ქვეცნობიერად ვგრძნობ ხოლმე; ალბათ, თქვენც...
წავიკითხე და დავითრგუნე, როგორც „ბრძოლის
ველის განვრცობის“ კითხვისას და გავბრაზდი, როგორც არასდროს უელბეკის წიგნების
გამო. მგონია, რომ ამ წიგნში განსაკუთრებით გაშიშვლებულია მიზეზ-შედეგობრიობის
ამბები: დიახ, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მთავარი გმირები ნახევარძმები,
ბრუნო და მიშელი, სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილ ტვირთს მიათრევენ მთელი ცხოვრება.
მაგრამ რამაც გამაბრაზა, ქალებისადმი
ავტორის დამოკიდებულებაა. პირველად გავხედე
უელბეკის რომანების ყველა გმირ ქალს ერთი რაკურსიდან და გული მომეწურა:
ყველაზე ნათელ დროს, როცა ქალებს კაცებისთვის ბედნიერება მოაქვთ, როცა კაცები
მშვიდდებიან და სრულიად კმაყოფილები ნამდვილი სიყვარულისთვის მზაობას გამოთქვამენ,
როცა ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაშინ ხდება "კატასტროფა" და გადარჩენილი კაცები
უხმოდ ეხლებიან სიცოცხლის კედლებს, მიილტვიან რომელიმე ბნელი, მათთვის კი
განათებული კუთხისკენ (რომელსაც Sky
Road შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნში მითითებული ქუჩის სახელწოდების მსგავსად), რომ იქ ჩამუხლულებმა
ერთადერთ თანამგზავრად ზეცა აქციონ, რადგან ამქვეყნად ყველაზე მთავარი ზეცაა, ხოლო
მასში განზავება – ზღვაში შებიჯების მსგავსი რამ.
თუმცა, უელბეკის თქმით, ყველაფერი
კანონზომიერია: საშიშ სივრცეში, რომელიც ჩვენსავე ცნობიერებაში იშვება, სიცოცხლესა
და სიკვდილს ვსწავლობთ. ამავე სივრცეში წარმოჩინდება განშორება, განკერძოება და
ტკივილი. უელბეკის გმირები ყოველგვარი რელიგიისგან თავისუფლები სწავლობენ სიცოცხლესა და
სიკვდილს და დგანან გზაზე, რომელსაც ზეცისკენ მიმავალი ჰქვია; ხოლო, რაც შეეხება
ცხოვრებისგან გულგატეხილ, აუსრულებელოცნებებიან ქალებს, მათგან მხოლოდ
მოგონებები რჩება, როგორც ფერფლი – ვარდებიან ბაღებში მიმოფანტული. და რაც
მაღიზიანებს, ისაა, თითქოს მათ არ ცნობს ავტორი, თითქოს მათი გზა ზეცისკენ
ბუნდოვანია, ქალების მისია მხოლოდ კაცების ამ გზაზე დაყენებაა. საბოლოო ჯამში კი,
ვერდიქტი ორივე მხარისთვის გამოტანილია: ისინი უნდა გაქრნენ – კაცობრიობა არსებული სახით
უნდა გადაშენდეს და გზა ახალ რასას დაუთმოს.
რატომ მიყვარს უელბეკი? ზუსტად ვიცი:
არაფერს გილამაზებს, ცხოვრებას ისე აგიღწერს, როგორიც არის და გეგმაზომიერად,
დაუნანებელ-დაუნდობლად გაჭერს ყველაზე
მთავარ საფიქრალზე – სიცოცხლის აზრსა და სიკვდილის გარდაუვლობაზე. იმდენად
დაუნანებლად, რომ მეც, როგორც რეალისტ ადამიანს, რომელიც თეთრს ყოველთვის თეთრს
უწოდებს და შავს – შავს, ხანდახან მემძიმება მისი ძალისხმევა, ვბრაზდები და
კონკრეტულ წიგნს უკანმოუხედავად ვემშვიდობები: ალბათ არასდროს მივუბრუნდები ზემოთხსენებულ
ორ რომანს – მტკივნეულია.
ამასობაში უელბეკის ახალი თარგმანი
აღმოჩნდა ჩემს მაგიდაზე – „კუნძულის შესაძლებლობა“ და არ ვიცი, ისევ უელბეკის
კითხვა გადავაბა თუ მარიო ვარგას ლიოსას
„ცუდი გოგოს ოინებს“ მივხედო. ორივეს წაკითხვა უზომოდ მინდა. ასე თუ ისე, უახლოეს
პერიოდში, რომელიმეს შესახებ გაჩნდება აქ ჩანაწერი:)
ამონარიდები: >1, >2, >3
Friday, January 2, 2015
რუკა და ტერიტორია
ვიდრე "რუკა და ტერიტორიას" წავიკითხავდი, მიშელ უელბეკის წიგნებიდან ყველაზე მეტად "პლატფორმას" გამოვარჩევდი. მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ენაზე უელბეკის ამ, ჯერჯერობით უკანასკნელმა, თარგმანმა ჩემთვის ყველა მისი წიგნი გადაფარა. მან მითხრა სად ვცხოვრობ, როგორ სამყაროში, რატომ მიჭირს ან მილხინს, რას შეიძლება ველოდო მომავალში. თუ უელბეკის რომელიმე რომანი მაინც წაგიკითხავთ, მასთან შედარებით "რუკა და ტერიტორია" ნაკლებდეპრესიულად მოგეჩვენებათ, თუმცა ამავე დროს, ყველაზე მეტად წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის რაობას, მის აწმყოს თუ ხვალინდელ დღეს. როგორია დღეს სიყვარული, შემოქმედება და შემოქმედის მდგომარეობა, რა როლი აქვს ფულს, ძალადობას... ავტორის თქმით, წიგნი მამა–შვილის ურთიერთობაზეა; არც უამისობაა, დიდი ადგილი უჭირავს მშობლისა და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი მაინც მარტოობაზე დაწერილი საგაა; პირში მოხლილი სიმართლე, რომელსაც თუ თვალს გაუსწორებთ, ამ რომანის შეყვარებაც გარანტირებული გექნებათ.
რომანში თავად ავტორსაც შეხვდებით, როგორც მოქმედ გმირს – უკიდურესი თვითირონიით სავსეს. ზოგადად, "რუკა და ტერიტორია" ირონიით სავსე წიგნია, ფინალითურთ, საიდანაც ვიგებთ, რომ თურმე "აქ გამოთქმულ აზრებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პერსონაჟებს ეკისრებათ; მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია."
ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლე, მთავარი გმირის, ჟედის ცხოვრებას აქ არ განვიხილავ; არც იმ არაერთ ეპიზოდს, უზომოდ რომ იმოქმედა ჩემზე.
ამონარიდები: > 1, > 2
Tuesday, October 29, 2013
პლატფორმა
2001 წელს მიშელ უელბეკმა რომან "პლატფორმის" სახით მკითხველებს თავისი პლატფორმა წარუდგინა და სკანდალიც
მაშინვე აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პირველი პუბლიკაციიდან ათ წელზე მეტია გასული, წიგნი აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. რომანი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიის, "მსოფლიო კლასიკის",
ფარგლებში
გამოიცა. მთარგმნელი ირმა ტაველიძეა.
შეიძლება ითქვას, "პლატფორმა" თანამედროვე სამყაროს სარკედ იქცა. ის ალბათ ერთ–ერთი ყველაზე რეალისტური რომანია, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ასახავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ წიგნის სკანდალური იმიჯი მასში ჭარბად არსებულმა სექსუალურმა სცენებმა განაპირობა. რატომღაც მგონია, პურიტან მკითხველსაც არ შეაწუხებს წიგნის ეს მონაკვეთები, რადგან ისინი ძირითადი სათქმელის და სინამდვილის აღქმაში გვეხმარება.

კითხვის დასაწყისში მიღებული შოკი მალევე იცვლება სიუჟეტის განვითარებისადმი უზომო ინტერესით და კითხვას გულდამძიმებული და ფიქრით სავსე ამთავრებ. საფიქრალი კი არაერთი მიმართულებით ჩნდება: იქნება ეს თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ბიზნესი და თამაშის წესები, კულტურა და მისი კომერციალიზაცია, პირადი ურთიერთობები, რელიგია, რასიზმი თუ, უბრალოდ, ცხოვრების არსი. უელბეკი თანამედროვე ცივილიზაციას სარჩულის მხრიდან გვაჩვენებს და ამბობს: "ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ". ამ სისტემას "მსოფლიოს სხვა ნაწილში"გაურბის რომანის მთავარი გმირიც.
მიშელი 40 წლის მარტოსული მამაკაცია, "ზომიერი სოციალიზმის" ქვეყნიდან. აქვს არაფრით გამორჩეული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უღიმღამოც. მისი გაცნობა მამისეულ სახლში გვიწევს – მამის სიკვდილის შემდეგ მიშელი საკმაო მემკვიდრეობის პატრონი ხდება და რამდენიმე დღეში ტურისტული საგზურით ტაილანდში მიემგზავრება. მისი უღიმღამო ცხოვრებაც სწორედ ტაილანდში იცვლება.
"შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვარულის მოპოვებას უნდა ახერხებდე" – მიშელს უმართლებს – სამივეს მოიპოვებს, თუმცა დროებით. რომანის მეორე მთავარ (და ჩემ ფავორიტ) გმირს, ვალერის, მიშელი ტურისტული მოგზაურობისას ხვდება და სწორედ მისი დამსახურებით ამოუბრუნდება აწმყო."მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე", – ამბობს მიშელი ვალერისთან გატარებულ ერთობლივ პერიოდზე და ამატებს, რომ ესაც კარგია, რადგან ამის თქმა ყველას არ შეუძლია. ბედნიერების მოულოდნელად დასრულება სიცოცხლის სურვილს აქრობს; რაც, თავის მხრივ, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაჩნდეს. რჩება მხოლოდ მოვაჭრეებთან ურთიერთობა და მიშელი ისევ ტაილანდს უბრუნდება, სადაც ცხოვრების თავიდან დაწყება კი არა, ასატან პირობებში დასრულება სურს; თუმცა მიდის დარწმუნებული, რომ "ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად" დარჩება.
ერთ–ერთი თემა, რომელზეც ავტორი მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის ფონზე საუბრობს, რელიგიაა. უელბეკი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ, რაც პრობლემადაც ექცა – მას საფრანგეთის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება მოუხდა. 2002 წელს "პლატფორმა" დაჯილდოვდა პარიზის კინოფესტივალის პრიზით "კინორომანი". ამ პრიზით ის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აღინიშნება, რომელთა ეკრანიზაციაც რეკომენდირებულია. ფილმი ჯერაც არავის გადაუღია, თუმცა "პლატფორმა" ესპანური თეატრის სცენაზე უკვე დაიდგა.
და ბოლოს, რომანში წამოწეული თემების სიუხვის მიუხედავად, რომლებზეც ავტორი ჩვეული პირდაპირობით და ცინიზმით მიგვითითებს, მაინც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა და იმაზე, რომ ასეთ გაუსაძლის თანამედროვე სამყაროში ჯერაც არსებობს ის.
Sunday, September 29, 2013
სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
"სიცოცხლის გაგრძელება და სხვა
ტექსტები"
ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის, იმ ესეების კრებულია, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ორ წიგნად გამოიცა. იმ პერიოდისთვის უელბეკი ჯერაც არ არის ის მწერალი, ვისთანაც სიტყვა სკანდალს აკავშირებენ; შორია 2010 წლამდეც, როცა გონკურის პრემიის მიღების შემდეგ მას "ჩვენი სამყაროს მთავარ მოწმეს" უწოდებენ; თუმცა მისთვის დამახასიათებელი
დამთრგუნველი
პირდაპირობა
ამ ტექსტებშიც სახეზეა. გამოქვეყნებიდან
თითქმის ორი ათეული წლის გასვლის მიუხედავად
კითხვისას
არ ფიქრობთ, რომ ესეებში წარმოდგენილი თემები მოძველდა და წარსულს ჩაბარდა.
ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ესემ, რომელსაც "სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო" ეწოდება. ესე ოთხნაწილიანია. ამ ტექსტით ყველაზე მეტად ალბათ ის მკითხველი დაინტერესდება, ვინც თავადაც წერს, ან სურს, გაერკვეს პოეტის რაობაში. უელბეკის ტონი შეუვალია, მკაცრი. თითოეული აბზაცის დასაწყისში იქნებ გონგის ხმაც კი ჩაგესმათ. შეიძლება ითქვას, ეს სახელმძღვანელო ციტატებისგან შედგება.
თავიდან ტანჯვაა – ყველაფერი ტანჯვით ევლინება ქვეყანას. ყოველივე, რაც სამყაროს შეადგენს – საგანი თუ სულიერი – მხოლოდ კივილის ხმას გამოსცემს. ადამიანი? სწორედ ადამიანს ეხება პირველი ტექსტი. "სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია", წერს უელბეკი. ყველაფერი რაც დაბადებას აპირებს, იტანჯება და დაბადების შემდეგ, ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე, თავზე წისქვილის ქვის ტრიალიც იწყება. ყველანაირი ტანჯვა ნაბიჯია პოეტად ქცევის გზაზე. ესეს კითხვის დროს ხვდები, რომ ის ავტორის განცდებისა და გამოცდილების დაწურვის შედეგია და გჯერა მისი სიტყვების, მით უმეტეს, რომ რაღაც მსგავსი შენც გამოგივლია. უელბეკი ტკივილსა და სიძნელეებში გასაგნებ გზებს გვაჩვენებს.
მას შემდეგ, რაც პოეტობის გზაზე შედგებით, იწყება დანაწევრებული მეტყველების ხანა. საჭირო ხდება ტანჯვის გამოხატვა, რასაც მკაფიოდ გამოკვეთილი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. თუ ვერ მოახერხებთ ამას, ტკივილი შიგნიდან დაგხრავთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ამოთქვათ სიტყვები. რჩევები ამ ტექსტიდან პოეტს ფორმის ძიების გზაზე გამოადგება. ფორმის ძიებას და პოვნას კი ცოცხალი პოეტი სჭირდება.
რაკი დანაწევრებული სიტყვები ამოთქვით, ახლა გადარჩენის დროა, რაც ამ სამყაროში უკიდურესად ძნელია. თუმცა ცდად ღირს, რადგან ხანდაზმულობის დროს განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური პროცესები ღირებულის შექმნას შეგაძლებინებთ. ესეს მეოთხე ნაწილში კი არის რჩევები მათთვის, ვინც გადარჩა: ისინი ყველაზე მტკივნეულ ადგილას მიღებული დარტყმის ატანაში დაგეხმარებათ.
კრებულში შესულ დანარჩენ ტექსტებში გაეცნობით უელბეკის ხედვას ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რომლითაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ევროპული საზოგადოება ხასიათდებოდა. ეს არის ევროპელი ადამიანის პორტრეტი "მკვდარ დროში", უფრო დაწვრილებით: ევროპელი და პორნოგრაფია, პენსიონერი ევროპელი, ევროპელი დღესასწაულზე და ა.შ. ავტორი ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა კლონირება, არქიტექტურა, კინოხელოვნება, რეკლამა, ინფორმატიკა, ლიტერატურა და სხვ. ტექსტში, რომელსაც "სამყარო, როგორც სუპერმარკეტი და დაცინვა" ეწოდება, უელბეკი ნების ნაკლებობაზე წერს, რასაც ინდივიდუალობის ნაკლებობა მოსდევს. ამ საკითხმა ასორინის წიგნი "ნება" გამახსენა, რომელიც ბევრად ადრინდელ ევროპულ საზოგადოებაში არსებულ იგივე პრობლემას ეხება. როგორც ჩანს, დრომ ამ მხრივ არაფერი შეცვალა. ესეებში ჩამოყალიბებული ხედვა მომდევნო წლებში გამოცემულ, უელბეკის გახმაურებულ რომანებში ვრცლად არის გაშლილი.
თუ უელბეკი მოგწონთ და ჩემსავით ინტერესდებით მისი ახალი ქართულენოვანი გამოცემებით, ან ახლა იწყებთ მის გაცნობას, გეტყვით, რომ "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" უახლესი თარგმანია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შემოგვთავაზა. თარგმანი უელბეკის ერთ–ერთ საუკეთესო მთარგმნელს, ირმა ტაველიძეს, ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ამ მომცრო წიგნის გვერდებზე საკუთარ (ევროპელ) თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამოიცნობთ.

Friday, February 1, 2013
სექსი, ფილოსოფია, ფანტაზია – უელბეკის ქვაბში, სახელად "ლანსაროტე"
დღეს უელბეკის "ლანსაროტე" დავამთავრე. თუ წაკითხული გაქვთ "პლატფორმა", აუცილებლად გაგახსენდებათ – ის "ლანსაროტეს" ერთგვარი სიქუელია. ალბათ ამიტომაც, მსგავსი თემატიკის "ლანსაროტე" ჩემთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მთავარი გმირი შვებულების გასატარებლად კანარის ერთ–ერთ კუნძულზე მიემგზავრება, აქვს სექსთავგადასავალი; ამ ისტორიაში ჩართული უელბეკისეული ფილოსოფია და ცხოვრების მიმართ მისი დამოკიდებულება საკმარისია, რომ კითხვა დათრგუნულმა დავასრულო.გამორჩეული გმირი აქ რუდია – ბელგიელი პოლიციელი, რომელსაც დეპრესია აქვს. ამ ფონზე ხდება სექტის (რაელიზმი, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობას და მმართველობას აღიარებს, კლონირებასა და თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს) წევრი და ბოლოს ასამართლებენ, როგორც პედოფილს. საინტერესოა მისი წერილი, რომელსაც წიგნის მთავარ, უსახელო გმირს სწერს. ამ უკანასკნელის პასუხ–გამოსავალში (არა წერილის სახით დაბრუნებულში) კარგად ჩანს საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილი თანამედროვე ადამიანი:
"ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ისე, რომ ცხოვრებისგან არაფერს ელოდოს. ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან. სხედან ადამიანები თავიანთ სახლებში და უხარიათ, მათი ტელეფონი რომ არასდროს რეკავს და თუ რაღაც ეშმაკის მანქანით მაინც აწკარუნდა, ყურმილს არ იღებენ, ავტომოპასუხეს რთავენ. თუ ახალი ამბავი არ არის, მათთვის ეს უკვე კარგი ამბავია. ასე განსჯის მოსახლეობის უმრავლესობა. არც მე ვარ გამონაკლისი."
და მაინც, ყველას სურს უკვდავება: რუდი კანის მცირე ნაწილს გასცემს კლონირებისთვის, მთავარ გმირს კი თვალები უბრწყინავს, როცა ლესბოსელის შვილის დონორობის შესაძლებლობა უჩნდება.
კითხვის დამთავრების შემდეგ გუგლში ლანსაროტეს ფოტოები მოვძებნე – უცნაურია, გარემო თითქმის ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც წარმომესახა. ახლა ვფიქრობ, უელბეკს (და მის გმირებს) ყველაზე მეტად ეს პეიზაჟი ჰგავს: ვულკანური მთები, გავერანებული ლანდშაფტი, ცა, რომელზეც შავი ღრუბლებია, თუმცა არ წვიმს.
Subscribe to:
Posts (Atom)