Showing posts with label ქართველი ავტორები. Show all posts
Showing posts with label ქართველი ავტორები. Show all posts

Thursday, December 10, 2015

როიალ-მერი

ჯერ აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილმა ყდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მერე პირველივე გვერდზე ჩახუჭუჭებულმა წინადადებამ ჩამითრია და „ორ ნიმუტში“, როგორც წიგნის ერთი გმირი ამბობს, გადავწყვიტე, რომ ბოლომდე უნდა გავსულიყავი. არც მინანია.
აბო იაშაღაშვილის „როიალ-მერი“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ე
ს არის ოსმალურ-სპარსულ-რუსულ-ევროპულ-ქართული საკაზმით გაწყობილი, იმდროინდელი ქალაქელების ხასიათებისა და ჩვევების კარგად გადმომცემელი დეტექტიური ამბავი. წიგნის ენა ისევეა დაგვირისტებული, როგორც 125 წლის წინანდელი, შუკა-ბანდებიანი თბილისი, რომელზეც ავტორი გვიყვება. ძალიან მომხიბვლელია ეს აზიური და ალაგ-ალაგ ევროპაშემონაპარი, ფერადი ქალაქი. წიგნის თითქმის ყველა გმირი ძალიან ბევრს დადის – ფეხით, ეტლით, კონკით თუ ველოთი, მხოლოდ მათთვის ნაცნობი შესახვევებით თუ პროსპექტზე გამოსული და შენც, მათ ჩქარ ნაბიჯს ადევნებულს, ნაყროვანების გრძნობა გიჩნდება – გგონია, რომ მაშინდელი დედაქალაქი უკიდეგანო იყო. არადა, მოქმედება სულ რამდენიმე ქუჩაზე ვითარდება და ლაგდება, როგორც ჭადრაკის დაფაზე. მერე იწყებ ფიქრს: ახლა, როცა თბილისი ბევრად ვრცელია, არის კი ისეთი მრავალფეროვანი, როგორც ადრე? ახლაც არაფერი უკვირთ ამ ქალაქში და, როგორ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდე, არაფრით გამოგარჩევენ სხვებისგან? ახლა რა დაფარულ ისტორიებს ინახავს თავის ნაკეცებში? და ეს ისტორიები იტევს კი მთელ მსოფლიოს, როგორც მაშინ?

აქვე, მინდა ნიკო ფიროსმანის "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა" და პ. ჩაიკოვსკის "არაბული ცეკვაც" დავლინკო – თუ წაიკითხავთ წიგნს, – კითხვისას გაჩენილი განწყობებისთვის :) 
 

Wednesday, April 29, 2015

ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ქართულენოვანი გამოცემა უკეთესი ყდით ვერ ვნახე
"ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ორიგინ. სათაური "Anything Can Happen"), ქართველ ემიგრანტ ავტორს – გიორგი პაპაშვილსა და მის მეუღლეს – ჰელენ ვეით პაპაშვილს ეკუთვნით. წიგნი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „Harper and Brother"-ის მიერ გამოიცა და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა: მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1948 წლისთვის უკვე მე-15 გამოცემა დაისტამბა და 1,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც იმ დროისთვის არნახული რაოდენობა იყო; მოგვიანებით 20-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნის მიხედვით 1952 წელს ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს იგივე სახელწოდებით, ხოსე ფერერისა და კიმ ჰანთერის მონაწილეობით, ქართული სიმღერების თანხლებით (ბმულები იხ. პოსტის ბოლოში).

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებს  გვაცნობს. ქართულ ენაზე ეს წიგნი 1966 წელს გამოიცა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ანდუყაფარ ჭეიშვილის თარგმანი). სანამ წავიკითხავდი, ვფიქრობდი, როგორ მოხდა, რომ ემიგრანტულ-ამერიკული ბესტსელერი საბჭოეთმაც მიიღო და გამოსცა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი: ამერიკელები და საბჭოელები წიგნს უყურებდნენ მედლის ორი მხრიდან: წიგნში ნათლად ჩანს, როგორ შენდებოდა ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ახლა ვიცნობთ, საბჭოელები კი მასში ალბათ მხოლოდ კაპიტალიზმის სირთულეებს ხედავდნენ და ერთი სული ჰქონდათ, ყველასთვის ეთქვათ: აი, ჩვენი ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტი, რა დღეშია ლუკმა-პურისთვის მაშინ, როცა საბჭოთა მოქალაქეს ყველაფერი უფასოდ და უხვად აქვს. თუნდაც წიგნის სახელწოდებაში სიტყვა "ქვეყნის" ჩამატება უკვე სვამს გარკვეულ აქცენტს.

კრებული ოც მოთხრობას მოიცავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამბავი, რომელიც ამერიკულ სასამართლოს ეხება. ამ მოთხრობაში ჩანს, როგორ ყალიბდება კანონზე დამოკიდებული საზოგადოება ისე, რომ ადამიანის ღირსება დაფასებული იყოს და არასდროს დაკნინდეს. ამერიკული ჯარის შესახებ ბევრისმთქმელია 80 წლის ქართველის ფრაზა: "მინდა იმ არმიის რიგებში ჩავდგე, სადაც კაცს შეუძლია ჯარისკაციც იყოს და ადამიანიც". მოთხრობების გმირებს თუ გადავხედავთ, თითო შტრიხითაც გასაგები ხდება, ვის რა ღირებულებები მიჰყვება თავისი ქვეყნიდან, რა "ბარგით" ჩადის ამ დიდ ქვეყანაში, რა უშლის ხელს ან რა ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ კეთილამბებიანი წიგნის დახურვის შემდეგ კი ერთმა კითხვამ შემახსენა თავი: "გვეშველება რამე?" :) პ. ს. წიგნში არაერთ კულინარიულ რეცეპტს იპოვით. აი, მაგალითად, ჩვენებური "საწყალი კაცის ხიზილალა" (გსმენიათ?), რის გარეშეც იმდროინდელი ქართული ქორწილის სუფრა არ იქნებოდა.
მაშ ასე: "კანიანად შემწვარ ბადრიჯანს კოვზით ამოფხეკენ და კარგად მოსრესენ. მერე წვრილად დაჭრილ ქორფა ხახვს დააყრიან, ლიმონის წვენს და ზეთს დაასხამენ და მერე ტარხუნას, ძმარსა და ოხრახუშს უზამენ."
გემრიელად მიირთვით :) ფილმის ბმულები: >1,  >2,  >3,  <4

ამერიკული პირველი გამოცემის გარეკანი

Sunday, March 30, 2014

ნავიგატორი

"ნავიგატორის" შესახებ ორიოდე წლის წინ გავიგე, როცა გამოცხადდა, რომ ლაშა ბუღაძის რადიოპიესა "ბიბისის" რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებული გახდა და დიდ ბრიტანეთში დაიდგა. ისე მოხდა, რომ პიესა მხოლოდ ამ გამარჯვების შემდეგ გამოიცა ქართულ ენაზე; მე კი, მიუხედავად ინტერესისა (და ზოგადად, რადიოპიესების მიმართ სიყვარულისა), მხოლოდ დღეს მოვახერხე მისი წაკითხვა.

პიესის მთავარი გმირია როსტომი – არაფრით გამორჩეული ცხოვრების მქონე და თავადაც  შეუმჩნეველი, 45 წლის მარტოხელა (და როგორც თანდათანობით ჩნდება, მარტოსულიც) მამაკაცი, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი. როსტომს მოხუცი მამაც კი კბენს მისი მარტოხელობის გამო, რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის დირექტორზე. როსტომის მცდელობა, ააწყოს ურთიერთობა თანამშრომელ კლარასთან, ჩვენ თვალწინ კრახით სრულდება. 

მთავარი გმირის ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა კომპანია მას ნავიგატორიან მანქანას გამოუყოფს და საქართველოს რეგიონებში, კონფლიქტურ საზღვრებთან მიმდინარე მშენებლობებზე მეთვალყურე–"შემფუცხუნებლად" მიავლენს. ნავიგატორს ქალის ხმა აქვს. ეს–ესაა სიყვარულში იმედგაცრუებულ როსტომს ნავიგატორი მხსნელად, მეგობრად, ერთადერთ საყრდენად, ნარკოტიკად, მოკლედ რომ ვთქვა, საბედისწერო ქალად ევლინება.

პიესაში თითქოს გაკვრით დასმული აქცენტები მკითხველს/მსმენელს ახსენებს, რომ მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის ლოკალურ სივრცეში ჩაკეტილი გმირების ამბავი. ბუღაძის სხარტი, იუმორით სავსე ტექსტის უმთავრესი გზავნილი თანამედროვე ადამიანის (მიუხედავად მისი მოქალაქეობისა) მარტოობაა.

პიესა ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მე ზუსტად 45 წუთი დამჭირდა ამისთვის – ერთი გზა, ვიდრე სხვა ქალაქში ჩავიდოდი და ახლა მგონია, რომ "ნავიგატორი" არასდროს დამავიწყდება.

Monday, October 28, 2013

SMS

ჩემს ბლოგზე პირველი ქართველი ავტორიც გამოჩნდა:

გიო
მგელაძის შესახებ პირველად გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შევიტყვე, როდესაც მისი ფილმი "არა, მეგობარო" ვნახე. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ჩაბნელებულ წლებში, თინეიჯერი მესთვის ის განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ჩანდა. გასულ წელს, გიო მგელაძის სადებიუტო კრებულის გამოცემის გამო, ისევ გამიჩნდა მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ პროზას თითქმის არ ვეცნობი, ამ ნოველების წაკითხვა გადავწყვიტე. კრებული გამომცემლობა "საუნჯემ" დასტამბა; სახელწოდებაც ისეთი აქვს, რომ მოგინდება "გახსნა" და ავტორის გზავნილს გაეცნო. წიგნში შესულია 29 ნოველა და 2 პიესა.

ვიდრე კრებულის შესახებ შთაბეჭდილებას მივუბრუნდები, ცოტა რამ გიო მგელაძის შესახებ: დაიბადა 1969 წელს, პროფესიით კინოოპერატორია, გადაღებული აქვს 6 ფილმი, არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და დამდგმელი ოპერატორი, მიღებული აქვს არაერთი კინოფესტივალის პრიზი, თავადაც მონაწილეობს ფილმებში. მოკლედ, კინოს ადამიანია და ეს მის ლიტერატურაზეც აისახა.

პირველი, რასაც მკითხველი წიგნის გადაშლისას ხედავს, ავტორის უსახო ფოტოა, მორიგ გვერდზე კი მისივე წინასიტყვაობის მაგიერი – პირადი გზავნილი თითოეულ მკითხველთან. მასში გიო მგელაძე ჩიტის ამბავს ყვება, რომელიც მისი ერთ–ერთი ფილმის პირველი მაყურებელი ყოფილა. გზავნილის დახმარებით ავტორთან საერთო შტრიხი ვიპოვე – ჩიტები ჩემს ცხოვრებაშიც საინტერესოდ ჩნდებიან ხოლმე. ამ წიგნში კი ისინი არაერთხელ აფრინდებიან მისტიკური ირაოს შესაკვრელად.

"გაპიკოება" კრებულის პირველი და ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მოთხრობაა 15 წლის ლილიზე, რომლის თვალებიც პროექტორად არის ქცეული. ლილი ნებისმიერ ზედაპირზე "უშვებს" კინოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის, პიკოს, მონაწილეობით. სხვა მოთხრობებში ცოცხლდება ოთხმოცდაათიანი და მომდევნო წლების თბილისი, აფხაზეთის ომის ფონზე გამკვეთრებული სახეები და ისტორიები; აქ არის ამბები ცარცის გოგოზე, ჩვეულებრივ მუსიკოსზე, რომელსაც ჩიტები უწერდნენ მუსიკას, დუელში მოკლულ ბაბუაზე, თბილისელ გოგოებსა და მათებურ "ლავ სთორიზე", სასიყვარულო სამკუთხედებსა თუ შვილისგან მოსმენილი სლენგით შეძრულ მამაზე.

წიგნის ყდაზე აღნიშვნაა: +16. ტექსტი საკმაოდ ბევრ სექსუალურ სცენასა და სკაბრეზს შეიცავს. წიგნში არც გამართული ლიტერატურული ქართული დაგხვდებათ. თუმცა სინამდვილის შეგრძნებას, რაც მკითხველს რჩება, სწორედ ეს ენა და გამოთქმის თავისუფლება ამყარებს – გიო მგელაძე ისე წერს, როგორც ჩვენ ირგვლივ ადამიანების დიდი ნაწილი ლაპარაკობს (მათ შორის ალბათ თვითონაც, რადგან ძალიან ბუნებრივია მისი თხრობა და დიალოგები). საერთოდ კი, ალბათ ეს არის წიგნი, რომლის მთავარი მოქმედი გმირი ავტორია. უბრალოდ, ასე მჯერა, რადგან მოთხრობები სიყალბისაგან დაცლილია; იმდენად, რომ კითხვისას გგონია, ეს ისტორიები შენ გვერდით ან შენი მონაწილეობით ვითარდებოდა. ამ ფონზე კი თითქოს წარმოუდგენელიცაა, ეს ყველაფერი ავტორს თავს არ გადახდენოდა, ვიდრე საპროექციო ეკრანზე გასაშვებად შეულამაზებლად მოგიტანდა.