Monday, September 2, 2013

ფარული სახე

ამ წიგნის წაკითხვის სურვილი მეგობრის ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ორჰან ფამუქი წინასიტყვაობაში წერს, რომ მკითხველები სცენარებს ნაკლებად წყალობენ და თავადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მე პიესებისგან განსხვავებით, აქამდე კინოსცენარები არც ხელთ ჩამვარდნია და არც  წასაკითხად მიძებნია. პირველივე გვერდებიდან გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამახსენდა: ამ წიგნში ადამიანთა სახეებს ჩასცქერიან და მათი დარდებისა და სიზმრების ამოცნობას ცდილობენ. უამრავი ფოტოა მოფენილი ლუპამომარჯვებული ქალის ოთახში. "ჩვენი სახე რუკაა, ამბავი კი – მაგიდაზე დადებული ჩვენი სული" – ეუბნება ქალი ფოტოგრაფს. ქალს ცისფერი მანქანა აქვს და თავისი მანქანიანად იმ ცხენს ჰგავს, რომელიც ფოტოგრაფს ხელიდან არ უნდა გაუსხლტეს, თორემ მისი ძებნა და მასზე ფიქრი უსასრულოდ მოუწევს – ქალაქთა ქალაქში, უცხოთა ქალაქში, მკვდართა თუ გულთა ქალაქებში. ეს ცხენი არ ჰგავს ამავე სცენარის ერთ კადრში ყასბის გვერდით მიმავალ, სიკვდილის წინ თვალებახვეულ ცხენს. ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი (და არა უბრალო რეკვიზიტი) საათია – იქნება ეს მამისეული, კედლის, მელოდიური, ქალაქის კოშკის, მაგიდის, გაფუჭებული თუ ამუშავებული; კიდევ ერთ მთავარ გმირს, მესაათეს, წიგნის დასარულს ოცნება უსრულდება – ადამიანები საათის საიდუმლოებას იგებენ, თავს აღწევენ დარდებს და საკუთარი ამბების მოყოლას ახერხებენ. მთავარია, სიზმრები არ დაავიწყდეთ, თორემ იმედებს ვეღარ დაისახავენ. თხრობისას კი საათი გულთან ახლოს უნდა ეჭიროთ – მის გარეშე ფარული სახე ვერ მჟღავნდება.
სცენარში თითქმის ყველაფერი სიმბოლურია: მოქმედი გმირები თუ ნივთები. მათი ჩამოთვლა ალბათ შორს წამიყვანს. ფილმის ნახვას არ ვაპირებ, თანაც წიგნი ფილმის კადრებით არის გაფორმებული და მგონი ამიტომაც დამეკარგა ნახვის სურვილი.

Wednesday, August 28, 2013

არასოდეს გამიშვა

თვეების ან წლების წინ წაკითხულ წიგნზე წერა ძნელი აღმოჩნდა, ამიტომაც შემიმცირდა პოსტები. არადა, არაერთი წიგნი დგას კუთვნილი პოსტის რიგში, მათ შორის საყვარელი წიგნებიც. რაც არის, არის: დღეს ერთ მათგანზე დავწერ, მით უმეტეს, რომ მასზე ჩანაწერი კითხვის პროცესშივე გავაკეთე სხვა ბლოგისთვის, სადაც ვამბობდი:

"ხანდახან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს მოვლენები. მაგალითად, კითხულობ წიგნს, რომლის სათაურიც უცებ მთელ შენს აწმყოს ერგება ქუდად. შეგიძლია ყველაფერს მიუსადაგო – ყველა სიტუაციას, ყველა სურვილს, ყველა სათქმელს. მარტოდ დატოვების შიში ალბათ ყველაზე დიდი შიშია, რაც კი არსებობს. გეშინია, რომ გაგიშვებს ხელს სიზმარი, დღე, ჯანმრთელობა, წარმატება, ადამიანი, სიყვარული. და თუ ღმერთი სიყვარულია, ღმერთიც. გგონია, მერე აღარაფერი დაგაკავებს, უწონო გახდები, ვერ მიმაგრდები ნიადაგზე თავიდან აღმოსაცენებლად, რადგან არ იარსებებს ნიადაგი. გგონია, ყველაფერი ხელის გაშვებით მთავრდება. ყველაზე დიდ ხელის გაშვებად კი გარდაცვალება მიგაჩნია, რადგან ამ ამბის გაგრძელებისა მიახლოებითაც არაფერი იცი – გარდმოცვლილები არ გინახავს. არავის ჰქონია შენს ირგვლივ უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
წიგნი ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე. ზუსტად ვიცი, მყავს ადამიანები და მაქვს გრძნობები, რომლებსაც მინდა ვუთხრა: ”არასოდეს გამიშვა”.

"არასოდეს გამიშვა" კაზუო იშიგუროს წიგნია, რომელიც სხვადასხვა უცხოური  გამოკითხვებით დასახელდა 21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაულ წიგნსა და ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნს შორის. იშიგურო იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალია, ბუკერის პრემიის მფლობელი. წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს ვეღარ ვუყურე – პირველივე კადრებიდან მივხვდი, რომ ჩემი წარმოსახვის დამსხვრევა არ მინდოდა და გამოვრთე :) ეს არის წიგნი ადამიანებზე, რომლებიც გარკვეული მიზნის გამო არიან შექმნილები. ქართულად ერთი საინტერესო სერიისთვის ითარგმნა, თუმცა, მგონი ამ წიგნით შეწყდა კიდეც მისი გამოცემა.

Wednesday, August 14, 2013

ლურჯწვერა

წიგნის სათაური ბავშვობაში დაგაბრუნებთ, თუკი იმხანად შარლ პეროს ზღაპრებს კითხულობდით. ამელი ნოტომმა სწორედ ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ზღაპრიდან გამოადნო თავისი უახლესი რომანი.
წიგნის ფაბულა ისეთია, როგორც ზღაპარში: მდიდარი, ასკეტი მამაკაცი ეძებს თანამობინადრე ქალებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მის სასახლეში უგზო–უკვლოდ უჩინარდებიან. დგება მეცხრე, ოქროსფერი ქალის რიგი, თუმცა ის კოლექციონერზე მოხერხებული აღმოჩნდება.

ტექსტი მასში აღწერილი საღამოების აუცილებელი ატრიბუტის – საუკეთესო ფრანგული შამპანურის მსგავსად შუშხუნაა და თითქმის მთლიანად აგებულია სხარტი და ირონიული დიალოგებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ავტორი რომანის წერისას თავადაც შამპანურს წრუპავდა.

ეს არის წიგნი მარტოობის და ვალდებულებების შიშზე, ზღვარზე, რომელიც შეიძლება გადიოდეს სიყვარულსა და პირად მეს შორის, ცნობისმოყვარეობის დასაშვებ დოზაზე და ნდობის გამოცდაზე. აქ მამაკაცი ამტკიცებს, რომ მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს "საკუთარი ოთახი" – სივრცე, რომელსაც თავად ქმნის და სადაც უმყოფობას შეძლებს; კაცი თავს ღმერთად მიიჩნევს და აწესებს აკრძალულ ხილსა და სასჯელს მისი მოწყვეტისათვის. ის შეუდარებელი კულინარია და თერძი: ანუ ქმნის და რასაც ქმნის – მთელი გულით და მონდომებით. წიგნის მთავარი გმირი თვლის, რომ პირველად იყო კვერცხი, რომელშიც სამყარო ფეთქავდა და ოცნებობს, თავად იყოს ეს კვერცხი-სამყარო. კვერცხისგულისფერია ეს წიგნიც.

ზემოთ კოლექციონერი ტყუილად არ მიხსენებია. კითხვის დაწყებისთანავე ჯონ ფაულზის წიგნით განცდილი უსიამოვნო გრძნობა ამომიტივტივდა. ნოტომის და ფაულზის გმირებს ბევრი რამ აკავშირებთ, მათ შორის ფოტოგრაფია, როგორც სიყვარულის შეჩერებულ წამად ქცევის საშუალება.

Tuesday, July 2, 2013

სიყვარული ჟამიანობის დროს

რამდენიმე წლის წინ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნით ერთ-ერთი კარგი სერიის გამოცემა დაიწყო. "სიყვარული ჟამიანობის დროს" ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიისთვის ითარგმნა.

როგორც ცნობილია, წიგნს ორი ისტორია დაედო საფუძვლად: გაბრიელ მარკესის მშობლების ქორწინება და გაზეთში ამოკითხული ცნობა მოხუც შეყვარებულ წყვილზე, რომელთა საიდუმლო სიყვარულს ფარდა მხოლოდ მათი მკვლელობის შემდეგ აეხადა. მარკესი მისთვის დამახასიათებელი უნარით – წეროს ისე, რომ არ გაექცეს მკითხველი, –  წიგნის მთავარი გმირის, ფლორენტინო არისას, ცხოვრების თანამგზავრად და მისი წარმოუდგენელი სიყვარულის გულშემატკივრად გაქცევთ. მახსოვს, როცა ვკითხულობდი, შეჩერება არ მინდოდა. ეს არის ლათინური ამერიკის მთელი ხიბლით, მარკესის ჩვეული სატირით და მაგიით, ფერადი და ვნებით სავსე წიგნი; ისეთი, რომ თუ გიყვართ გაბოს შემოქმედება, კიდევ უფრო შეგაყვარებთ, თუ ჯერ არ იცნობთ – "ერთი ნახვით" მოგხიბლავთ და მწერლის უკეთ გაცნობის სურვილს გაგიჩენთ.


Tuesday, June 4, 2013

451° ფარენჰაიტით

წიგნის დამთავრების შემდეგ ერთი ფრაზა ამოვიჩემე: "ამერიკელი ვაჟა". მერე საკუთარ თავს ვეკამათებოდი, ბევრი ხომ არ მომდის, ასე რომ ვამბობ–მეთქი. რეი ბრედბერი ისე გაფიქრებს ბუნებაზე და იმდენად გამოხატავს მის სიყვარულს, რამდენადაც ეს მე-20 საუკუნის მწერალს შეუძლია – ზომიერი ემოციითა და ძალისხმევით.
ამ წიგნში SOS სიგნალია ჩართული და ბოლო ხმაზე გაჰკივის.
ამ წიგნში წიგნები იწვიან და მათთან ერთად – ადამიანებიც.
ამ წიგნში ადამიანები უსულგულო და გამოფიტულ თავებს ინადგურებენ, რომ ფენიქსივით აღდგნენ, დაიბრუნონ საწყისი მდგომარეობა, რომელიც აღარც კი ახსოვთ, როგორი იყო. მხოლოდ თითო–ოროლა, მოსიარულე წიგნებად ქცეულ მოხუცს თუ დაეჯერება რამე და დაეყრდნობა მომავალი...

მინდა, პატარა მონაკვეთი წიგნიდან ამ პოსტშიც დარჩეს:  
"– ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნადო, – იტყოდა ხოლმე პაპაჩემი. ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი... რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიაც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები. სულერთია, რას გააკეთებთო, – ამბობდა იგი, – ყველაფერი, რასაც შენი ხელი მიეკარება გადასაკეთებლად, შენვე დაგემსგავსებაო. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნამდვილი მებაღისგან ის ადამიანი, რომელიც ისე, უბრალოდ თიბავს ბალახს მინდორში. ბალახის მთიბავი შეიძლება სულაც გაქრეს, მებაღის სული კი მუდამ იქ იტრიალებს".