Monday, June 8, 2015

ელემენტარული ნაწილაკები

მიშელ უელბეკის ქართული თარგმანებიდან ამ დრომდე „ელემენტარული ნაწილაკებიღა“ მქონდა წაუკითხავი, უფრო სწორად გადადებული, რადგან ორი წლის წინ დავიწყე და მერე, როგორღაც, შევეშვი. მგონია, რომ ყველა წიგნს აქვს თავისი წაკითხვის დრო და ამას, მე პირადად, ქვეცნობიერად ვგრძნობ ხოლმე; ალბათ, თქვენც...

წავიკითხე და დავითრგუნე, როგორც „ბრძოლის ველის განვრცობის“ კითხვისას და გავბრაზდი, როგორც არასდროს უელბეკის წიგნების გამო. მგონია, რომ ამ წიგნში განსაკუთრებით გაშიშვლებულია მიზეზ-შედეგობრიობის ამბები: დიახ, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მთავარი გმირები ნახევარძმები, ბრუნო და მიშელი, სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილ ტვირთს მიათრევენ მთელი ცხოვრება.
მაგრამ რამაც გამაბრაზა, ქალებისადმი ავტორის დამოკიდებულებაა. პირველად გავხედე  უელბეკის რომანების ყველა გმირ ქალს ერთი რაკურსიდან და გული მომეწურა: ყველაზე ნათელ დროს, როცა ქალებს კაცებისთვის ბედნიერება მოაქვთ, როცა კაცები მშვიდდებიან და სრულიად კმაყოფილები ნამდვილი სიყვარულისთვის მზაობას გამოთქვამენ, როცა ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაშინ ხდება "კატასტროფა" და გადარჩენილი კაცები უხმოდ ეხლებიან სიცოცხლის კედლებს, მიილტვიან რომელიმე ბნელი, მათთვის კი განათებული კუთხისკენ (რომელსაც Sky Road შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნში მითითებული ქუჩის სახელწოდების მსგავსად), რომ იქ ჩამუხლულებმა ერთადერთ თანამგზავრად ზეცა აქციონ, რადგან ამქვეყნად ყველაზე მთავარი ზეცაა, ხოლო მასში განზავება – ზღვაში შებიჯების მსგავსი რამ.
თუმცა, უელბეკის თქმით, ყველაფერი კანონზომიერია: საშიშ სივრცეში, რომელიც ჩვენსავე ცნობიერებაში იშვება, სიცოცხლესა და სიკვდილს ვსწავლობთ. ამავე სივრცეში წარმოჩინდება განშორება, განკერძოება და ტკივილი. უელბეკის გმირები ყოველგვარი რელიგიისგან თავისუფლები სწავლობენ სიცოცხლესა და სიკვდილს და დგანან გზაზე, რომელსაც ზეცისკენ მიმავალი ჰქვია; ხოლო, რაც შეეხება ცხოვრებისგან გულგატეხილ, აუსრულებელოცნებებიან ქალებს, მათგან მხოლოდ მოგონებები რჩება, როგორც ფერფლი – ვარდებიან ბაღებში მიმოფანტული. და რაც მაღიზიანებს, ისაა, თითქოს მათ არ ცნობს ავტორი, თითქოს მათი გზა ზეცისკენ ბუნდოვანია, ქალების მისია მხოლოდ კაცების ამ გზაზე დაყენებაა. საბოლოო ჯამში კი, ვერდიქტი ორივე მხარისთვის გამოტანილია: ისინი უნდა გაქრნენ – კაცობრიობა არსებული სახით უნდა გადაშენდეს და გზა ახალ რასას დაუთმოს.

რატომ მიყვარს უელბეკი? ზუსტად ვიცი: არაფერს გილამაზებს, ცხოვრებას ისე აგიღწერს, როგორიც არის და გეგმაზომიერად, დაუნანებელ-დაუნდობლად გაჭერს ყველაზე მთავარ საფიქრალზე – სიცოცხლის აზრსა და სიკვდილის გარდაუვლობაზე. იმდენად დაუნანებლად, რომ მეც, როგორც რეალისტ ადამიანს, რომელიც თეთრს ყოველთვის თეთრს უწოდებს და შავს – შავს, ხანდახან მემძიმება მისი ძალისხმევა, ვბრაზდები და კონკრეტულ წიგნს უკანმოუხედავად ვემშვიდობები: ალბათ არასდროს მივუბრუნდები ზემოთხსენებულ ორ რომანს – მტკივნეულია. 

ამასობაში უელბეკის ახალი თარგმანი აღმოჩნდა ჩემს მაგიდაზე – „კუნძულის შესაძლებლობა“ და არ ვიცი, ისევ უელბეკის კითხვა გადავაბა თუ მარიო ვარგას ლიოსას  „ცუდი გოგოს ოინებს“ მივხედო. ორივეს წაკითხვა უზომოდ მინდა. ასე თუ ისე, უახლოეს პერიოდში, რომელიმეს შესახებ გაჩნდება აქ ჩანაწერი:)

ამონარიდები:  >1,  >2,  >3


Wednesday, April 29, 2015

ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ქართულენოვანი გამოცემა უკეთესი ყდით ვერ ვნახე
"ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ორიგინ. სათაური "Anything Can Happen"), ქართველ ემიგრანტ ავტორს – გიორგი პაპაშვილსა და მის მეუღლეს – ჰელენ ვეით პაპაშვილს ეკუთვნით. წიგნი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „Harper and Brother"-ის მიერ გამოიცა და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა: მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1948 წლისთვის უკვე მე-15 გამოცემა დაისტამბა და 1,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც იმ დროისთვის არნახული რაოდენობა იყო; მოგვიანებით 20-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნის მიხედვით 1952 წელს ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს იგივე სახელწოდებით, ხოსე ფერერისა და კიმ ჰანთერის მონაწილეობით, ქართული სიმღერების თანხლებით (ბმულები იხ. პოსტის ბოლოში).

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებს  გვაცნობს. ქართულ ენაზე ეს წიგნი 1966 წელს გამოიცა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ანდუყაფარ ჭეიშვილის თარგმანი). სანამ წავიკითხავდი, ვფიქრობდი, როგორ მოხდა, რომ ემიგრანტულ-ამერიკული ბესტსელერი საბჭოეთმაც მიიღო და გამოსცა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი: ამერიკელები და საბჭოელები წიგნს უყურებდნენ მედლის ორი მხრიდან: წიგნში ნათლად ჩანს, როგორ შენდებოდა ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ახლა ვიცნობთ, საბჭოელები კი მასში ალბათ მხოლოდ კაპიტალიზმის სირთულეებს ხედავდნენ და ერთი სული ჰქონდათ, ყველასთვის ეთქვათ: აი, ჩვენი ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტი, რა დღეშია ლუკმა-პურისთვის მაშინ, როცა საბჭოთა მოქალაქეს ყველაფერი უფასოდ და უხვად აქვს. თუნდაც წიგნის სახელწოდებაში სიტყვა "ქვეყნის" ჩამატება უკვე სვამს გარკვეულ აქცენტს.

კრებული ოც მოთხრობას მოიცავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამბავი, რომელიც ამერიკულ სასამართლოს ეხება. ამ მოთხრობაში ჩანს, როგორ ყალიბდება კანონზე დამოკიდებული საზოგადოება ისე, რომ ადამიანის ღირსება დაფასებული იყოს და არასდროს დაკნინდეს. ამერიკული ჯარის შესახებ ბევრისმთქმელია 80 წლის ქართველის ფრაზა: "მინდა იმ არმიის რიგებში ჩავდგე, სადაც კაცს შეუძლია ჯარისკაციც იყოს და ადამიანიც". მოთხრობების გმირებს თუ გადავხედავთ, თითო შტრიხითაც გასაგები ხდება, ვის რა ღირებულებები მიჰყვება თავისი ქვეყნიდან, რა "ბარგით" ჩადის ამ დიდ ქვეყანაში, რა უშლის ხელს ან რა ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ კეთილამბებიანი წიგნის დახურვის შემდეგ კი ერთმა კითხვამ შემახსენა თავი: "გვეშველება რამე?" :) პ. ს. წიგნში არაერთ კულინარიულ რეცეპტს იპოვით. აი, მაგალითად, ჩვენებური "საწყალი კაცის ხიზილალა" (გსმენიათ?), რის გარეშეც იმდროინდელი ქართული ქორწილის სუფრა არ იქნებოდა.
მაშ ასე: "კანიანად შემწვარ ბადრიჯანს კოვზით ამოფხეკენ და კარგად მოსრესენ. მერე წვრილად დაჭრილ ქორფა ხახვს დააყრიან, ლიმონის წვენს და ზეთს დაასხამენ და მერე ტარხუნას, ძმარსა და ოხრახუშს უზამენ."
გემრიელად მიირთვით :) ფილმის ბმულები: >1,  >2,  >3,  <4

ამერიკული პირველი გამოცემის გარეკანი

Tuesday, April 21, 2015

პატრიარქის შემოდგომა

წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, სტუდენტობისას წავიკითხე, მაგრამ მას მერე ბევრმა წელმა თუ წყალმა ჩაიარა და ჩემი ახლანდელი შთაბეჭდილება ისეთივე მძაფრია, როგორიც შეიძლება პირველად წაკითხვისას მიმეღო. ბოლო წლებში ჩვენში საკმაოდ პოპულარულია ორუელის "ცხოველების ფერმა", რომელიც ერთი-ორჯერ გამახსენდა კითხვისას. მინდა, ეს წიგნი იყოს ძალიან პოპულარული – გაბრიელ გარსია მარკესის ალბათ ერთ-ერთი (ყველაზე თუ არა) საუკეთესო წიგნი – "პატრიარქის შემოდგომა". წაიკითხეთ და ამოიცანით. წაიკითხეთ, რომ ამოცნობა შეძლოთ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მხატვრული ტექსტის კითხვისას იშვიათად მინდება ეპიზოდების ვიზუალურად გამოხატვა, მაგალითად, დახატვა ან ფოტოგადაღება; ამ იშვიათობის ფონზე კი, მარკესის ტექსტების კითხვისას – ხშირად. თანდართულ ამონარიდებში ერთ ასეთ ეპიზოდსაც ნახავთ, ვიზუალიზაციის სურვილი რომ გამიჩინა. ამონარიდები:  >1,  >2,  >3



Tuesday, March 24, 2015

მოწყენილობა

ალბერტო მორავიას "მოწყენილობა" პირველად 1960 წელს გამოიცა და ავტორის შემოქმედებაში ერთგვარ საზღვრადაც იქცა – "მოწყენილობამდე" და "მოწყენილობის" შემდეგ. წიგნში შესანიშნავად არის დახატული მთავარი გმირის ფსიქო-ემოციური პორტრეტი და, ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ინდიფერენტული განწყობა აწმყოსა და მომავლისადმი; თუმცა, ეს ნეორეალისტური ნაწარმოები ალბათ მისი ეროტიულობის გამოც გახდა სკანდალური. საქმე ხომ 60-იანი წლების ტრადიციულ იტალიას ეხება. წიგნში საკმაოდ ღია ეროტიული (თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან უწყინარი) სცენებია მოცემული, რომლებსაც გასული საუკუნის ევროპული კინოს სურნელიც დაჰკრავს (ან პირიქით, ევროპულ კინოს ეტყობა მორავიას კვალი). კინო ვახსენე და ბარემ ვიტყვი, რომ "მოწყენილობის" მიხედვით ორი ფილმია გადაღებული – 1963 (The Empty Canvas) და 1998 (La noia) წლებში. მე კი მგონია, რომ ამ რომანიდან მშვენიერი სპექტაკლი გამოდნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში სულ რამდენიმე მოქმედი გმირია, თხრობა ძირითადად დიალოგებზე დგას, მოქმედებაც სამიოდე მიზანსცენაში შეიძლება გადანაწილდეს...

ასე თუ ისე, წიგნმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მთავარი გმირი 35 წლის მხატვარი დინოა, მდიდარი დედის ერთადერთი ვაჟი, რომელიც სიმდიდრეს გაურბის და ფსევდოღარიბის ცხოვრებით ცხოვრობს; გამუდმებით მიილტვის დედისკენ, თუმცა მიაღწევს თუ არა მასთან, გული ერევა შეგრძნებაზე, რომელიც დედის წიაღში დაბრუნებას აგონებს და ისევ ელდანაკრავივით ტოვებს მშობლიურ სახლს. დინო დედის კმაყოფაზე ცხოვრობს, თავადვე იწესებს საარსებოდ საჭირო თანხის მინიმალურ რაოდენობას. მისთვის ცხოვრებას სიამოვნება არ მოაქვს, მოწყენილობა სტანჯავს – არაფრის მიმართ განიცდის რაიმე სახის კავშირს, სანამ მის ცხოვრებაში სესილია – ღარიბი ნიმფომანი გოგო არ გამოჩნდება. სესილიაც  მოწყენილობით არის შეპყრობილი, ერთადერთ სიამოვნებას სხეულისგან იღებს, არ აინტერესებს მშობლები, საკუთარი მომავალი, ინდიფერენტულია გარემოს თუ ფულის მიმართ, არავითარი მიზანი გააჩნია. დინო, სესილიას გაცნობიდან მალევე, ცხოვრებაში პირველად განიცდის რაიმეს დასაკუთრების სურვილს, რაც მისთვის უჩვეულო და აუტანელია. იმდენად, რომ გამუდმებით ეძებს გზას ამ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ რაც მეტად "მოძრაობს", ჭაობიც მეტად ითრევს. დინო დასაკუთრებას გათავისუფლებას უკავშირებს – მოწყენილობის ჩვეულ კლაპოტში ჩაბრუნების ერთადერთ გზად აღიქვამს, რისთვისაც სრულიად შეგნებულად დგამს ყველაზე დამამცირებელ ნაბიჯებს, რაც შეიძლება ადამიანმა პირად ურთიერთობებში გადადგას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა ამაოა.

ცალკე საინტერესოა მშობლების თაობა – დინოს დედა და მისი გარემოცვა, სესილიას მშობლები; მათი ყოფა თუ მიზნები ფაშიზმგამოვლილ ქვეყანაში, დამოკიდებულება შვილებისადმი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჩემთვის სესილიას ბინაში განვითარებული მოვლენები იყო – იმდენად ნატურალისტურად არის აღწერილი გარემო და ადამიანების პორტრეტები ამ ინტერიერში, იმდენად კადრირებულია თითოეული ქმედება. საერთოდაც, მარქსისა და ფროიდის თეორიებით გატაცებული ავტორის გმირების ქმედებებში ბევრის ამოკითხვა შეიძლება. თუნდაც დედის საწოლზე სესილიას დაუფლება ავიღოთ.

და ბოლოს, ალბერტო მორავიას გაცნობა "მოწყენილობით" არ დამიწყია – წლების წინ, მისი "ზიზღი" ჩემი გზის ერთ-ერთი პირველი თანამგზავრი იყო. მაშინ "გზაში წაკითხული წიგნები" არ არსებობდა და მოგვიანებით მის შესახებ დაწერას თავი ვეღარ მოვაბი. იმედია, ოდესმე ამ წიგნსაც მივუბრუნდები. > ამონარიდი
 

Monday, March 2, 2015

ნაცუკაშიი, ანუ ტკბილი ნოსტალგია

ამელი ნოტომს, როგორც ავტორს, გააჩნია შარმი, რის გამოც მის ახალ თარგმანებს უყურადღებოდ არ ვტოვებ ხოლმე და, ცხადია, "ტკბილი ნოსტალგიაც" დავიმგზავრე. მით უმეტეს, რომ თემა იაპონია იყო და ქენძაბურო ოეს მოთხრობების დამსახურებით იაპონურ ტალღაზე მომართულს, ისევ მსურდა ამ ქვეყნის შეგრძნება. თუმცა წიგნმა ბევრი ვერაფერი მომცა; ერთგვარი დღიური-რეპორტაჟია მწერალ ამელი ნოტომის იაპონიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც ის ტელეგადამღებ ჯგუფთან ერთად ჩადის და ბავშვობისა და პირველი სიყვარულის მოგონებებს აცოცხლებს: ხვდება თავის აღმზრდელს, ყოფილ შეყვარებულს; ეძებს  ადგილებს, რომლებსაც იცნობდა, შეგრძნებებს, რომლებიც განუცდია... და საბოლოოდ ასკვნის, რომ მიუხედავად სურვილისა და ამ ქვეყანასთან ბავშვობაში გაბმული დამაკავშირებელი ძაფებისა, ვერასდროს გახდება იაპონელი. თხრობა მშრალია, ისეთი, როგორიც რეპორტაჟს შეეფერება –  ეს არის წიგნში ნახსენები სავარაუდო ტელეგადაცემის წერილობითი ვერსია.