Friday, May 17, 2013

ნება

ამ სრულიად მომხიბვლელი წიგნის კითხვა თითქმის ერთი თვე გამიგრძელდა. მიზეზი არ ყოფილა დაზარება ან უინტერესობა, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ საფიქრს აჩენს, აბზაც–აბზაც ვაგემოვნე და დღეს შემიძლია ვთქვა – ბედნიერი მკითხველი ვარ, თუმცა არ ვიცი, საიდან დავიწყო ან როგორ მოვახერხო მოკლედ მოყოლა.

მწერლით დავიწყებ:  ხოსე მარტინეს რუისი, იგივე ასორინი (1873–1967) ე. წ. "98-იანელთა თაობის" იმ ესპანელ მწერალთა ხუთეულში შედის (რამირო დე მაესტუ, პიო ბაროხა, ანტონიო მაჩადო, ასორინი, მიგელ დე უნამუნო), რომლებმაც ესპანელი ხალხის გამოღვიძებაზე იზრუნეს და ქვეყნის აღმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაესტუ წერდა: "ჩვენ, შეურაცხყოფილი ეროვნული ღირსების შვილები ვეძებდით ერთადერთს, ზუსტ სიტყვას, რომ განგვესაზღვრა ჩვენი უბადრუკობა". "98-იანელთა თაობამ" თავისი შემოქმედებით დაასახელა კომპონენტები, რომელთა ნაკლებობაც განვითარებას აფერხებდა: ადამიანი, სიკეთე, იდეალი, რწმენა და ნება. ეს უკანასკნელი ასორინს ეკუთვნის.

წიგნში ასორინის ორი ნაწარმოებია შესული: "ნება" და "ესპანეთი". "ნების" მთავარი მოქმედი გმირები ახალგაზრდა ასორინი და მისი მასწავლებელი იუსტე არიან. იუსტესა და ასორინის საუბრები ეხება თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას – ლიტერატურას, ჟურნალისტიკას, განათლებას, კრიტიკას, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, რელიგიას, დრამატურგიას და სხვ. მათ "თანამსმენელად" ყოფნისას მქონდა შეგრძნება, რომ ვუსმენდი მსჯელობას ჩემი ქვეყნის წარსულზე, დღევანდელობაზე და მის შესაძლო პერსპექტივებზე. თუნდაც მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და უფასო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ განათლებაზე გამოთქმული აზრი იქნებოდა საკმარისი, ეს წიგნი რომ მნიშვნელოვნად ჩამეთვალა. ასორინი ამბობს, რომ ნების უქონლობისას ყოველგვარ აზრს კარგავს განათლება. მისი გმირის, ასორინის შემთხვევაში ნების უქონლობამ გონების დაცემა გამოიწვია. ესპანელებზე კი წერს: "გარდაუვალ გაჩანაგებას ხედავენ, უკვე გაჩანაგებულები არიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, არაფერს მოიფიქრებენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ელიან! როგორც მისტიკოსი ელოდება ყველაფერს ციდან".
ძალიან მინდა პოსტში ციტატების გადმოტანა, მაგრამ შეუძლებელია: შეიძლება ითქვას, მთელი ნაწარმოები ერთი დიდი ციტატაა. ზუსტად ვიცი, რომ უკეთ შესაცნობად მას არაერთხელ გადავიკითხავ.
29 წლის იყო ასორინი, როდესაც ეს ნაწარმოები გამოაქვეყნა. მე მშურს ესპანელების, რომლებსაც ჰყავდათ 29 წლის მოაზროვნე, ვინც მათი ცნობიერების შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ვინც დღესაც თანამედროვეა; თუმცა მიხარია, რომ იგი მსოფლიოს ეკუთვნის – მთავარია, მკითხველმა იპოვოს. 

რაც შეეხება "ესპანეთს", ეს ჩანაწერების კრებულია, რომლებიც ესპანეთს მკითხველის ხელისგულზე გადაშლიან – თავისი პეიზაჟებითა თუ ადამიანთა პორტრეტებით. მადლობა მთარგმნელს, ზურაბ წიქარიძეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით და ხარჯით თარგმნა და გამოსცა წიგნი; მცირე ლაფსუსები სალაპარაკო აღარ არის.

Saturday, May 4, 2013

ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ

ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულებს ან მისით დაინტერესებულებს ალბათ ისევე გაახარებთ ამ წიგნის აღმოჩენა, როგორც თავის დროზე მე გამიხარდა. ეს არის მცირე ანთოლოგია, რომელიც მოიცავს ოქტავიო პასის, ხუან კარლოს ონეტის, ადოლფო ბიოი კასარესის, კარლოს ფუენტესის, ანტონიო გალას, ხუან მარსეს, მანუელ ვისენტის, არტურო პერეს–რევერტესა და გუსტავო მარტინ გარსოს მოთხრობებს, ესეებსა და ინტერვიუებს. მკითხველს საშუალება აქვს, ნაწარმოებების გარდა გაეცნოს ამ ავტორთა მსოფლმხედველობას, მოქალაქეობრივ პოზიციებს თუ, უბრალოდ, ხასიათის შტრიხებს, რის საშუალებასაც წიგნში შესული ესეები, წერილები და ინტერვიუები იძლევა.
საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი ავტორებიდან აქამდე ქართულ ენაზე მხოლოდ ფუენტესის ორი რომანი ითარგმნა, ისიც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ. იმედი მაქვს, წიგნში შესული მწერლები ფუენტესის "ბედს" გაიზიარებენ და ვინმე მადლიანი მათი ნაწარმოებების თარგმნასაც მოაბამს თავს.
წიგნიდან დამამახსოვრდა ოქტავიო პასის ესე მექსიკელებზე და მათ დამოკიდებულებაზე დღესასწაულებისა და სიკვდილის მიმართ, კერძოდ – "წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული", ასევე ონეტის, კასარესის, ფუენტესისა და ვისენტის მოთხრობები.

Tuesday, April 23, 2013

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები

სერიული გამოცემების ბუმი, თუ არ ვცდები მესამე წელია, რაც საქართველოში გრძელდება. ერთ-ერთი სერია, რომლის გამოცემებსაც ვიძენდი, "მსოფლიოს რჩეული მოთხრობები" იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო თუ საყვარელი მწერლების წიგნებს ვყიდულობდი  – ზოგ მოთხრობას ვიხსენებდი, ზოგსაც პირველად ვკითხულობდი. დღეს რატომღაც ამ სერიით გამოცემულ ჩეხოვის წიგნზე მომინდა წერა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ჩემთვის უცნობი მოთხრობები არ დამხვედრია, მაინც სიამოვნებით წავიკითხე და გავიხსენე. ყოველთვის მომწონდა ჩეხოვი. წიგნში შესულია მოთხრობები: "ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს", "მონადირე", "კუდიანი", "შურისმგებელი", "ტრამალი" და "ანა კისერზე".

Wednesday, April 17, 2013

მფარველი ანგელოზი

ფრანსუაზ საგანი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვის თარგმანებსაც აუცილებლად ვკითხულობ. მომწონს მათში მოთხრობილი ამბები, ავტორის უნარი – ადამიანური ურთიერთობების სიმძიმეებიც მსუბუქად გადმოსცეს და ფრანგული შარმი, რაც საგანის ნაწარმოებებს ყოველთვის დაჰყვება. "მფარველი ანგელოზი" გვიამბობს ორმოც წელს გადაცილებულ კინოვარსკვლავ ქალზე და მის ახალგაზრდა თაყვანისმცემელზე, რომელიც მზად არის ქალისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, თუნდაც მკვლელობის ჩასადენად. წიგნის დამთავრებისას დამრჩა შეგრძნება, რომ ვნახე ჰოლივუდური ფილმი ფრანგების მონაწილეობით. არ ვიცი, არსებობს თუ არა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, მაგრამ თავისუფლად კი იქნებოდა შესაძლებელი მისი შექმნა, – თითქმის სცენარია.


Tuesday, April 9, 2013

პასკუალე დუარტეს ოჯახი

ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ესპანურენოვან მწერლებს ეკუთვნით. ისე მოხდა, რომ ჯერ მათზე არ დამიწერია – ვფიქრობდი, განწყობა მჭირდებოდა. დასაწერი კი ბევრი მაქვს – არაერთი კარგი ავტორია  ქართულად ნათარგმნი, მათ შორის, კამილო ხოსე სელა.
"პასკუალე დუარტეს ოჯახი" გვიამბობს სიკვდილმისჯილის ისტორიას, რომელსაც თავად სიკვდილმისჯილი პირველ პირში წერს. დუარტე თხრობას ბავშვობიდან იწყებს, გვიამბობს ყველაფერს, რაც თავიდან არ ამოვარდნია და "რისი დაწერაც ხელმა არ იუარა". თავის აღსარებას მსხვერპლ ხესუსს უძღვნის – იესოს მოსახელეს, რომელმაც "ავტორს – ვისი ხელითაც კვდებოდა, საყვარელოო, უთხრა და გაუღიმა" და სწამს, რომ ხესუსმა შეუნდო. მიძღვნამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ადამიანებზე, რომლებსაც ადამიანური სითბო აკლიათ ან არასდროს მიუღიათ.
პირველი მკვლელობა, რომელსაც დუარტე აღწერს, ძაღლისაა. მიზეზი – "მოძღვრის ამოხედვა ჰქონდა" და ვერ გაუძლო. "გაჩენის დღიდან სისხლი გაცხია შუბლზე" – ეუბნება ცოლი პასკუალეს, რასაც ცხოვრების ბოლომდე ვერ ივიწყებს და ნაწარმოების მანძილზე ვხედავთ, როგორ მიიწევს ადამიანამდე, ვინც სიცოცხლე აჩუქა – მისი ბოლო მსხვერპლი დედაა.
თხრობის დასაწყისში პასკუალე ამბობს, რომ ყველა ერთნაირი იბადება, მხოლოდ მერე ხდებიან ადამიანები ბედისწერის სათამაშო საგნები. ეს წიგნი ბედისწერის, უფრო კი კონტრეტული ადამიანების ქმედების შედეგზეა: პასკუალე დუარტე სოციუმის ზემოქმედებამ შექმნა.
წიგნში შესულია სელას 20-მდე მოთხრობაც.  დამამახსოვრდა 86 წლის მისის ჯონსონის ამბავი, რომელმაც თოჯინა მოიპარა. ალბათ ხშირად გსმენიათ (ან იზიარებთ კიდეც აზრს), რომ მოხუცები ბავშვებს ემსგავსებიან. მისის ჯონსონსაც ასე დაემართა – "ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით" დაუბრუნდა ბავშვობას.