Wednesday, January 28, 2015

მოგონებანი მონასტერზე

ჟოზე სარამაგუმ "მოგონებანი მონასტერზე" 1982 წელს გამოსცა, ხოლო 1998 წელს ამ რომანისთვის ნობელის პრემიაც მიიღო. აღმოვაჩინე, რომ 1995 წელს გამოცემული "სიბრმავის" მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში ჩაუდია ავტორს: "დღეს ისეთი დღეა, რომ უნდა იხილო, და არა უბრალოდ უყურო, ყურება დიდი საქმე არაა, ეს ყველას შეუძლია, ადამიანების უმეტესობას ხომ თვალები აქვთ, მაგრამ მაინც ბრმები არიან." საერთოდაც, სარამაგუ ყველა მის წიგნში, რაც წამიკითხავს, პირდაპირ თუ ირიბად, ამ სათქმელს ავითარებს.  

რომანში თანაბრად არის წარმოდგენილი როგორც "ერის" (მმართველთა თუ მათი ხელქვეითების), ისე "ბერის" (ასევე რანგების მიხედვით) მხარე. სარამაგუს არ ღალატობს ირონიანარევი იუმორის გრძნობა, რაც მიყვარს კიდეც მასთან. პირველივე გვერდიდან პრაქტიკულად კომედიის მაყურებელი ხდები, – ხედავ ნაკურთხ და ნალოლიავებ სიყვარულს და შემდეგ ინაცვლებ წყვილთან, რომელიც მათი დაულოცავი კავშირის და ურთულესი ცხოვრების მიუხედავად, სულის ამოსვლამდე "ერთ სულ და ერთ ხორც" რჩება.

რომანის მთავარი გმირები ერთგვარი შერეკილები არიან – ყოფილი ჯარისკაცი, ცალხელა ბალთაზარი და მისი ნათელმხილველი მეუღლე – ბლიმუნდა. ისინი ვერ ამბობენ, რა შესაძლებლობები აქვთ, რას მიაღწიეს; მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს ადამიანებს შორის და როგორც კი გაბედავენ სიმართლის გამჟღავნებას, ხალხისთვის ხდებიან კიდეც შერეკილები. ასეთების ადგილი კი კოცონზეა. შერეკილები შემთხვევით არ მიხსენებია – ბალთაზარი "პასაროლას" აგებს, პირველ მფრინავ მანქანას. როგორ შეიძლება მიაღწიო წარმოუდგენელს? გადადგა მთა? აიჭრა ცაში, სადაც მანამ მარტო ჩიტები და სულიწმინდა თუ ხვდებოდნენ? მხოლოდ და მხოლოდ თვალების და ნების დახმარებით: უნდა ხედავდე იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ და შეაგროვო საკუთარი თუ სხვების ნება (აქ კიდევ ერთხელ შემახსენა თავი ასორინის წიგნმა).

მეფე ჟუან მეხუთესაც ნება აშენებინებს პორტუგალიის ყველაზე დიდ ტაძარს. 1711-1730 წლებში მიმდინარე მშენებლობაზე 50 ათასამდე მუშა მუშაობდა, რომლებიც იძულებით ჩაჰყავდათ ქვეყნის ყველა კუთხიდან, რათა დათქმული თარიღისთვის სასახლე  და ტაძარი საზეიმოდ ეკურთხებინათ. ასობით მათგანი დასახიჩრდა ან დაიღუპა ამ მშენებლობაზე, დაშორდა ოჯახს, ვეღარ მიაგნო სახლს... მეფის ნების შედეგი დღესაც აღტაცებას იწვევს, თუმცა სარამაგუს მიერ დასმული კითხვა და მასზე გაცემული პასუხი არანაკლებ აღტაცებულს მტოვებს: "რაღატომ ვაშენებთ მიწაზე ეკლესიებსა და მონასტრებს? რადგანაც არ გვესმის, რომ მიწა უკვე ეკლესიაცაა და მონასტერიც."




ამონარიდები:
>1,  >2,  >3

>

Friday, January 2, 2015

რუკა და ტერიტორია

ეს წიგნი ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში წავიკითხე; და შევიყვარე უკანმოუხედავად. თუმცა მხოლოდ ახლა, ერთი წლის დაგვიანებით, ვწერ მასზე:

ვიდრე "რუკა და ტერიტორიას" წავიკითხავდი, მიშელ უელბეკის წიგნებიდან ყველაზე მეტად "პლატფორმას" გამოვარჩევდი. მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ენაზე უელბეკის ამ, ჯერჯერობით უკანასკნელმა, თარგმანმა ჩემთვის ყველა მისი წიგნი გადაფარა. მან მითხრა სად ვცხოვრობ, როგორ სამყაროში, რატომ მიჭირს ან მილხინს, რას შეიძლება ველოდო მომავალში. თუ უელბეკის რომელიმე რომანი მაინც წაგიკითხავთ, მასთან შედარებით "რუკა და ტერიტორია" ნაკლებდეპრესიულად მოგეჩვენებათ, თუმცა ამავე დროს, ყველაზე მეტად წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის რაობას, მის აწმყოს თუ ხვალინდელ დღეს. როგორია დღეს სიყვარული, შემოქმედება და შემოქმედის მდგომარეობა, რა როლი აქვს ფულს, ძალადობას... ავტორის თქმით, წიგნი მამა–შვილის ურთიერთობაზეა; არც უამისობაა, დიდი ადგილი უჭირავს მშობლისა და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი მაინც მარტოობაზე დაწერილი საგაა; პირში მოხლილი სიმართლე, რომელსაც თუ თვალს გაუსწორებთ, ამ რომანის შეყვარებაც გარანტირებული გექნებათ.

რომანში თავად ავტორსაც შეხვდებით, როგორც მოქმედ გმირს – უკიდურესი თვითირონიით სავსეს. ზოგადად, "რუკა და ტერიტორია" ირონიით სავსე წიგნია, ფინალითურთ, საიდანაც ვიგებთ, რომ თურმე "აქ გამოთქმულ აზრებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პერსონაჟებს ეკისრებათ; მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია."

ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლე, მთავარი გმირის, ჟედის ცხოვრებას აქ არ განვიხილავ; არც იმ არაერთ ეპიზოდს, უზომოდ რომ იმოქმედა ჩემზე.

ამონარიდები: > 1,  > 2


Thursday, December 11, 2014

სიბრმავე

როდესაც შევიტყვე, რომ ჟოზე სარამაგუ "სიბრმავეშიც" საყოველთაოდ გავრცელებული უცნაურობის ამბავს ჰყვებოდა, მისი წაკითხვის სურვილი გამიქრა. ვიფიქრე, ოდესმე შეიძლება წამეკითხა ეს წიგნი, ოღონდ არა ახლა. თუმცა, ისე მოხდა, რომ წიგნმა თავად მომნახა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

წიგნი გვიამბობს მოულოდნელად გავრცელებული ეპიდემიის ამბავს – მეგაპოლისის მაცხოვრებლები ერთი-მეორის მიყოლებით ბრმავდებიან. თვალხილული რჩება მხოლოდ თვალის ექიმის ცოლი, რომლის ირგვლივაც ვითარდება წიგნში მოთხრობილი მთელი ისტორია. თავდაპირველად  სახელმწიფო ე. წ. გეტოებში განათავსებს დაბრმავებულ ადამიანებს, თუმცა მალე სიტუაცია უკონტროლო ხდება. ავტორი კი ერთ–ერთ გეტოში განვითარებულ ამბავს გვიყვება, სადაც ზემოთხსენებული მხედველი ქალი ცხოვრობს – ჩვენ სწორედ მისი თვალებით ვხედავთ, მისი ყნოსვით ვგრძნობთ, მისი ხელებით ვეხებით... და სული გვეკვრის.

ამ რომანში მოქმედ გმირებს არ აქვთ სახელები. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ვასხვავებთ ასე: ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, შავსათვალიანი ქალიშვილი... და ეს ფაქტი გვეხმარება, ადვილად დავინახოთ თითოეულ მათგანში ჩვენი თავი, დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვინც "ბრმები ვიყავით და ახლაც ბრმები ვართ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ". აკი, სიბრმავეც ისეა აღწერილი, რომ ექიმის გამოცდილი მზერაც კი ვერ ამჩნევს რაიმე განსხვავებას დაავადებულ და ჯანმრთელ თვალებს შორის. და რა აბრმავებს ადამიანებს, სად არის საწყისი? სარამაგუს ამაზეც აქვს პასუხი – შიშია ყველაფრის თავი და თავი და შიში არ გვაძლევს თვალის ახელის საშუალებას. ეს წიგნი შეშინებულ, ბრმა ადამიანებს სიცოცხლის შეყვარებისკენ მოუწოდებს; მასში არაერთხელ ჟღერდება აზრი, რომ ადამიანები სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ; იცოცხლონ მანამ, ვიდრე რაიმე სასარგებლოს მოტანა შეუძლიათ სამყაროსთვის; რომ იმაზე უარესი არაფერია – არ გინდოდეს დანახვა; რომ უკეთ დავინახავდით, ჩვენ ირგვლივ მეტი თვალხილული რომ იყოს; რომ უსინათლო  ადამიანები სიბრმავეს წარმოქმნიან.

Monday, November 24, 2014

წასვლა

დიდიე ვან კოველერტი ფრანგი მწერალია (დ. 1960), რამდენიმე რომანის, პიესისაა და კინოსცენარის ავტორი, არაერთი პრემიის მფლობელი. ქართულ ენაზე მისი მხოლოდ ერთი რომანია ნათარგმნი – "წასვლა" – რომელმაც ავტორს გონკურის პრემია მოუტანა (1994).

მთავარ გმირს სასაცილო (სატირალი რომ არა) ისტორია აქვს: მარსელელი ბოშები მას ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მშობლებთან ერთად პოულობენ მანქანაში, ზრდიან, არქმევენ ამი-6–ს იმ მანქანის მარკის შესაბამისად, რომელშიც იპოვეს, აძლევენ ექვსი კლასის განათლებას და ასწავლიან ავტორადიოების მოპარვას. მოგვიანებით, როცა იდენტიფიკაციისთვის პირადობის მოწმობა დასჭირდება, ამი-6 იღებს ყალბ საბუთს არაბული სახელ-გვარით, რომელშიც წარმოშობის ქალაქად გამოგონილი სიტყვა უწერია და ნელ-ნელა იჯერებს თავის არაბულ წარმომავლობას (მიუხედავად იმისა, რომ იცის ნამდვილი ისტორია). სულ მალე, საკუთარი ქორწილიდანვე ხვდება პოლიციის განყოფილებაში, სადაც, როგორც არალეგალ ემიგრანტს, გამოუტანენ განაჩენს – სახელმწიფოს ხარჯით გაამგზავრონ და დააფუძნონ მის "მშობლიურ" მაროკოში, კერძოდ, პირადობის მოწმობაში მითითებულ გამოგონილ ქალაქში.

რომანის მეორე მთავარი გმირის, ჟან-პიერის საშუალებით, რომლის მისიაც აზიზის, იგივე ამი-6–ის მაროკოში გაცილებაა, ავტორი უკვე ე. წ. ლუზერის ტრაგიკურ ცხოვრებას გვიჩვენებს.

კოველერტი იუმორითა და მსუბუქი ირონიით გვიამბობს ამ აბსურდულ ისტორიას, დასცინის ფრანგულ პოლიციასა და ბიუროკრატიას, პრესას თუ უბრალოდ საზოგადოებას. გვიყვება მეგობრობაზე, სიყვარულზე, ანგარებასა და უანგარობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ახლობლებისგან თუ სახელმწიფოსგან გარიყულმა, მარტოსულმა ადამიანებმა ერთმანეთს ცხოვრების მიზანი აპოვნინონ.

Friday, November 14, 2014

საჩუმათო ამბავი

ყველა წიგნი არ აჩენს მოლოდინის განცდას – როცა ცდილობ, გამონახო დრო და გააგრძელო კითხვა (რადგან ერთ ღამეში წიგნებს არასდროს ვამთავრებდი); როცა, უბრალოდ, გენატრება წიგნის გმირი და გაინტერესებს მისი მომავალი. რა ხანია, ეს განცდა არ მქონია და ნიძიოს "საჩუმათო ამბავის" წყალობით კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.
 

"საჩუმათო ამბავი" მე-14 საუკუნის დასაწყისში შექმნა იაპონელმა სეფექალმა ნიძიომ. შემდეგ კი, 7 საუკუნის მანძილზე, მის შესახებ არავინ უწყოდა. ხელნაწერი მხოლოდ 1940 წელს აღმოაჩინეს სასახლის წიგნსაცავში, თუმცა მის გამოქვეყნებამდე კიდევ 20 წელი გავიდა, რადგან იმხანად იაპონიაში არსებული ვითარება წიგნის გამოსაცემად ხელსაყრელი არ იყო. 

წიგნი ავტობიოგრაფიულია – ერთგვარი დღიური. შედგება 5 გრაგნილისგან და მოიცავს ავტორის ცხოვრების 35 წელს (1271–1306 წწ.). თხრობის დასაწყისში ნიძიო 15 წლის არის. მართალია, წიგნში დაკონკრეტებულია თარიღები (დღეებიც კი), მაგრამ ეს არ არის უშუალოდ ამ დღეებში გაკეთებული ჩანაწერები – სავარაუდოდ, ნიძიომ ის ერთბაშად, 1300-იან წლებში დაწერა.

წიგნი იწყება ამბით, თუ როგორ ხდება 15 წლის ნიძიო იმპერატორ გო–ფუკაკუსას (იაპონიის 89-ე იმპერატორი, 1243–1304 წწ.) სეფე-ქალი. ეს ცერემონიალი ნიძიოს ოჯახში იმართება. ავტორი დაწვრილებით აღწერს თავის გრძნობებს და ტრადიციის ყველა ნიუანსს. შემდეგ კი ვეცნობით მის საერო თუ ეკლესიურ ცხოვრებას. ამ ხნის მანძილზე ნიძიომ ოთხი შვილი გააჩინა,
თუმცა მათი აღზრდა ვერ შეძლო (თუ არ ჩავთვლით ნაბოლარას, ისიც მხოლოდ ჩვილობის ასაკში). წიგნში უხვად არის მოცემული არაჩვეულებრივი ტანკები, რითაც კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იაპონიაში პოეზიას. ასევე აღწერილია ტრადიციული სამოსი, რელიგიური თუ საერო ცერემონიალები, სამეფო კარის წევრებსა თუ მათ ქვეშევრდომთა შორის არსებული ურთიერთობები. განსაკუთრებული გრძნობებით გადმოცემულია ნიძიოს სიყვარული მისი მამის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობებიდან კი იმპერატორისა და წინამძღვრის სიყვარულს გამოვყოფდი, რომლებიც ავტორისთვისაც გამორჩეული აღმოჩნდა. მეხუთე გრაგნილი მთლიანად ეძღვნება ნიძიოს, როგორც ბუდისტი მონაზვნის, ცხოვრებას.

თუ იაპონური ლიტერატურა გიყვართ, განსაკუთრებით ისიამოვნებთ ამ წიგნით, ხოლო ვინც ახლა იწყებთ გაცნობას, "საჩუმათო ამბავი" ალბათ საუკეთესო ნიადაგს მოგიმზადებთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნისა და მისი ლიტერატურის შესაყვარებლად.