Wednesday, April 29, 2015

ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ქართულენოვანი გამოცემა უკეთესი ყდით ვერ ვნახე
"ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ორიგინ. სათაური "Anything Can Happen"), ქართველ ემიგრანტ ავტორს – გიორგი პაპაშვილსა და მის მეუღლეს – ჰელენ ვეით პაპაშვილს ეკუთვნით. წიგნი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „Harper and Brother"-ის მიერ გამოიცა და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა: მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1948 წლისთვის უკვე მე-15 გამოცემა დაისტამბა და 1,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც იმ დროისთვის არნახული რაოდენობა იყო; მოგვიანებით 20-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნის მიხედვით 1952 წელს ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს იგივე სახელწოდებით, ხოსე ფერერისა და კიმ ჰანთერის მონაწილეობით, ქართული სიმღერების თანხლებით (ბმულები იხ. პოსტის ბოლოში).

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებს  გვაცნობს. ქართულ ენაზე ეს წიგნი 1966 წელს გამოიცა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ანდუყაფარ ჭეიშვილის თარგმანი). სანამ წავიკითხავდი, ვფიქრობდი, როგორ მოხდა, რომ ემიგრანტულ-ამერიკული ბესტსელერი საბჭოეთმაც მიიღო და გამოსცა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი: ამერიკელები და საბჭოელები წიგნს უყურებდნენ მედლის ორი მხრიდან: წიგნში ნათლად ჩანს, როგორ შენდებოდა ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ახლა ვიცნობთ, საბჭოელები კი მასში ალბათ მხოლოდ კაპიტალიზმის სირთულეებს ხედავდნენ და ერთი სული ჰქონდათ, ყველასთვის ეთქვათ: აი, ჩვენი ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტი, რა დღეშია ლუკმა-პურისთვის მაშინ, როცა საბჭოთა მოქალაქეს ყველაფერი უფასოდ და უხვად აქვს. თუნდაც წიგნის სახელწოდებაში სიტყვა "ქვეყნის" ჩამატება უკვე სვამს გარკვეულ აქცენტს.

კრებული ოც მოთხრობას მოიცავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამბავი, რომელიც ამერიკულ სასამართლოს ეხება. ამ მოთხრობაში ჩანს, როგორ ყალიბდება კანონზე დამოკიდებული საზოგადოება ისე, რომ ადამიანის ღირსება დაფასებული იყოს და არასდროს დაკნინდეს. ამერიკული ჯარის შესახებ ბევრისმთქმელია 80 წლის ქართველის ფრაზა: "მინდა იმ არმიის რიგებში ჩავდგე, სადაც კაცს შეუძლია ჯარისკაციც იყოს და ადამიანიც". მოთხრობების გმირებს თუ გადავხედავთ, თითო შტრიხითაც გასაგები ხდება, ვის რა ღირებულებები მიჰყვება თავისი ქვეყნიდან, რა "ბარგით" ჩადის ამ დიდ ქვეყანაში, რა უშლის ხელს ან რა ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ კეთილამბებიანი წიგნის დახურვის შემდეგ კი ერთმა კითხვამ შემახსენა თავი: "გვეშველება რამე?" :) პ. ს. წიგნში არაერთ კულინარიულ რეცეპტს იპოვით. აი, მაგალითად, ჩვენებური "საწყალი კაცის ხიზილალა" (გსმენიათ?), რის გარეშეც იმდროინდელი ქართული ქორწილის სუფრა არ იქნებოდა.
მაშ ასე: "კანიანად შემწვარ ბადრიჯანს კოვზით ამოფხეკენ და კარგად მოსრესენ. მერე წვრილად დაჭრილ ქორფა ხახვს დააყრიან, ლიმონის წვენს და ზეთს დაასხამენ და მერე ტარხუნას, ძმარსა და ოხრახუშს უზამენ."
გემრიელად მიირთვით :) ფილმის ბმულები: >1,  >2,  >3,  <4

ამერიკული პირველი გამოცემის გარეკანი

Tuesday, April 21, 2015

პატრიარქის შემოდგომა

წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, სტუდენტობისას წავიკითხე, მაგრამ მას მერე ბევრმა წელმა თუ წყალმა ჩაიარა და ჩემი ახლანდელი შთაბეჭდილება ისეთივე მძაფრია, როგორიც შეიძლება პირველად წაკითხვისას მიმეღო. ბოლო წლებში ჩვენში საკმაოდ პოპულარულია ორუელის "ცხოველების ფერმა", რომელიც ერთი-ორჯერ გამახსენდა კითხვისას. მინდა, ეს წიგნი იყოს ძალიან პოპულარული – გაბრიელ გარსია მარკესის ალბათ ერთ-ერთი (ყველაზე თუ არა) საუკეთესო წიგნი – "პატრიარქის შემოდგომა". წაიკითხეთ და ამოიცანით. წაიკითხეთ, რომ ამოცნობა შეძლოთ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მხატვრული ტექსტის კითხვისას იშვიათად მინდება ეპიზოდების ვიზუალურად გამოხატვა, მაგალითად, დახატვა ან ფოტოგადაღება; ამ იშვიათობის ფონზე კი, მარკესის ტექსტების კითხვისას – ხშირად. თანდართულ ამონარიდებში ერთ ასეთ ეპიზოდსაც ნახავთ, ვიზუალიზაციის სურვილი რომ გამიჩინა. ამონარიდები:  >1,  >2,  >3



Tuesday, March 24, 2015

მოწყენილობა

ალბერტო მორავიას "მოწყენილობა" პირველად 1960 წელს გამოიცა და ავტორის შემოქმედებაში ერთგვარ საზღვრადაც იქცა – "მოწყენილობამდე" და "მოწყენილობის" შემდეგ. წიგნში შესანიშნავად არის დახატული მთავარი გმირის ფსიქო-ემოციური პორტრეტი და, ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ინდიფერენტული განწყობა აწმყოსა და მომავლისადმი; თუმცა, ეს ნეორეალისტური ნაწარმოები ალბათ მისი ეროტიულობის გამოც გახდა სკანდალური. საქმე ხომ 60-იანი წლების ტრადიციულ იტალიას ეხება. წიგნში საკმაოდ ღია ეროტიული (თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან უწყინარი) სცენებია მოცემული, რომლებსაც გასული საუკუნის ევროპული კინოს სურნელიც დაჰკრავს (ან პირიქით, ევროპულ კინოს ეტყობა მორავიას კვალი). კინო ვახსენე და ბარემ ვიტყვი, რომ "მოწყენილობის" მიხედვით ორი ფილმია გადაღებული – 1963 (The Empty Canvas) და 1998 (La noia) წლებში. მე კი მგონია, რომ ამ რომანიდან მშვენიერი სპექტაკლი გამოდნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში სულ რამდენიმე მოქმედი გმირია, თხრობა ძირითადად დიალოგებზე დგას, მოქმედებაც სამიოდე მიზანსცენაში შეიძლება გადანაწილდეს...

ასე თუ ისე, წიგნმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მთავარი გმირი 35 წლის მხატვარი დინოა, მდიდარი დედის ერთადერთი ვაჟი, რომელიც სიმდიდრეს გაურბის და ფსევდოღარიბის ცხოვრებით ცხოვრობს; გამუდმებით მიილტვის დედისკენ, თუმცა მიაღწევს თუ არა მასთან, გული ერევა შეგრძნებაზე, რომელიც დედის წიაღში დაბრუნებას აგონებს და ისევ ელდანაკრავივით ტოვებს მშობლიურ სახლს. დინო დედის კმაყოფაზე ცხოვრობს, თავადვე იწესებს საარსებოდ საჭირო თანხის მინიმალურ რაოდენობას. მისთვის ცხოვრებას სიამოვნება არ მოაქვს, მოწყენილობა სტანჯავს – არაფრის მიმართ განიცდის რაიმე სახის კავშირს, სანამ მის ცხოვრებაში სესილია – ღარიბი ნიმფომანი გოგო არ გამოჩნდება. სესილიაც  მოწყენილობით არის შეპყრობილი, ერთადერთ სიამოვნებას სხეულისგან იღებს, არ აინტერესებს მშობლები, საკუთარი მომავალი, ინდიფერენტულია გარემოს თუ ფულის მიმართ, არავითარი მიზანი გააჩნია. დინო, სესილიას გაცნობიდან მალევე, ცხოვრებაში პირველად განიცდის რაიმეს დასაკუთრების სურვილს, რაც მისთვის უჩვეულო და აუტანელია. იმდენად, რომ გამუდმებით ეძებს გზას ამ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ რაც მეტად "მოძრაობს", ჭაობიც მეტად ითრევს. დინო დასაკუთრებას გათავისუფლებას უკავშირებს – მოწყენილობის ჩვეულ კლაპოტში ჩაბრუნების ერთადერთ გზად აღიქვამს, რისთვისაც სრულიად შეგნებულად დგამს ყველაზე დამამცირებელ ნაბიჯებს, რაც შეიძლება ადამიანმა პირად ურთიერთობებში გადადგას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა ამაოა.

ცალკე საინტერესოა მშობლების თაობა – დინოს დედა და მისი გარემოცვა, სესილიას მშობლები; მათი ყოფა თუ მიზნები ფაშიზმგამოვლილ ქვეყანაში, დამოკიდებულება შვილებისადმი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჩემთვის სესილიას ბინაში განვითარებული მოვლენები იყო – იმდენად ნატურალისტურად არის აღწერილი გარემო და ადამიანების პორტრეტები ამ ინტერიერში, იმდენად კადრირებულია თითოეული ქმედება. საერთოდაც, მარქსისა და ფროიდის თეორიებით გატაცებული ავტორის გმირების ქმედებებში ბევრის ამოკითხვა შეიძლება. თუნდაც დედის საწოლზე სესილიას დაუფლება ავიღოთ.

და ბოლოს, ალბერტო მორავიას გაცნობა "მოწყენილობით" არ დამიწყია – წლების წინ, მისი "ზიზღი" ჩემი გზის ერთ-ერთი პირველი თანამგზავრი იყო. მაშინ "გზაში წაკითხული წიგნები" არ არსებობდა და მოგვიანებით მის შესახებ დაწერას თავი ვეღარ მოვაბი. იმედია, ოდესმე ამ წიგნსაც მივუბრუნდები. > ამონარიდი
 

Monday, March 2, 2015

ნაცუკაშიი, ანუ ტკბილი ნოსტალგია

ამელი ნოტომს, როგორც ავტორს, გააჩნია შარმი, რის გამოც მის ახალ თარგმანებს უყურადღებოდ არ ვტოვებ ხოლმე და, ცხადია, "ტკბილი ნოსტალგიაც" დავიმგზავრე. მით უმეტეს, რომ თემა იაპონია იყო და ქენძაბურო ოეს მოთხრობების დამსახურებით იაპონურ ტალღაზე მომართულს, ისევ მსურდა ამ ქვეყნის შეგრძნება. თუმცა წიგნმა ბევრი ვერაფერი მომცა; ერთგვარი დღიური-რეპორტაჟია მწერალ ამელი ნოტომის იაპონიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც ის ტელეგადამღებ ჯგუფთან ერთად ჩადის და ბავშვობისა და პირველი სიყვარულის მოგონებებს აცოცხლებს: ხვდება თავის აღმზრდელს, ყოფილ შეყვარებულს; ეძებს  ადგილებს, რომლებსაც იცნობდა, შეგრძნებებს, რომლებიც განუცდია... და საბოლოოდ ასკვნის, რომ მიუხედავად სურვილისა და ამ ქვეყანასთან ბავშვობაში გაბმული დამაკავშირებელი ძაფებისა, ვერასდროს გახდება იაპონელი. თხრობა მშრალია, ისეთი, როგორიც რეპორტაჟს შეეფერება –  ეს არის წიგნში ნახსენები სავარაუდო ტელეგადაცემის წერილობითი ვერსია.

Thursday, February 26, 2015

აღუ – ზეციური ზმანება

ქენძაბურო ოეს მოთხრობების პირველად წაკითხვა საგნების დანისლული სათვალით თვალიერებას ჰგავს: ყველაფერი თავის ადგილზე დევს, რაკურსი ოპტიმალურად შერჩეულია, გულისა და გონებისკენ მიმავალი გზები აღსაქმელად – ღია, მაგრამ მაინც, ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ მსურს წაკითხვა. ამიტომ, გარემოს უკეთ შესაცნობად თუ გმირების ტყავის კარგად მოსარგებად სათვალის მინებს გულმოდგინედ ვაპრიალებ და ვიწყებ:

პირველი მოთხრობა, რომლის სახელწოდებაც კრებულის გარეკანზეა გამოტანილი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია – მთავარი გმირის პროტოტიპი წიგნის ავტორის შვილია. ამ ფაქტის გამო ამბავი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. ქენძაბურო ოეს ვაჟი გონებრივად ჩამორჩენილი დაიბადა. ის მუსიკის ენით მეტყველებს, მუსიკას კი ფრინველებისგან იწერს. მოთხრობის მთავარ გმირში გაზავებულია მამაც და შვილიც – ქენძაბუროც და მისი ხიკარიც.

"ატომის საუკუნის სული – მფარველი", "ტვირთის გადატანა", "ატომის საუკუნის ტყის განდეგილი" ამ კრებულდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოთხრობებია. თითოეულ მათგანზე ალბათ ცალკე ჩანაწერის გაკეთებაც შეიძლება – მათზე ბევრის თქმას შევძლებდი. "ტვირთის გადატანაში" იმდენად ნატურალურია თხრობა, რომ ხბოს თანთალა, ახალგატყავებულ ხორცს ჩემი ხელებიც ეხებოდნენ, სუნიც მძაფრად მცემდა, სიმძიმეც წელს მწყვეტდა, ძაღლებსაც გავურბოდი... საერთოდაც, ეს, ფიზიკურობამდე დასული თანაგანცდა არაერთხელ გამიჩნდა ამ წიგნის კითხვისას, რაც იშვიათია ჩემთვის. აუცილებლად უნდა ავღნიშნო მკვეთრი, ოსტატურად მოსმული შტრიხებით გამოსახული ფსიქოლოგიური პორტრეტები, რომლებსაც ამ პატარა მოთხრობებში ქმნის ავტორი.

ქენძაბურო ოე სანობელო ლექციაში ამბობს: "ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: "მე ისევ ადამიანი ვარ!" ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს." და მართლაც, ოეს ყოველი მოთხრობის ბოლოს მთავარი გმირ(ებ)ი სტრიქონებს შორის ტოვებენ გზავნილს: – მიუხედავად ამ ყველაფრისა, "მე ისევ ადამიანი ვარ!" ამონარიდები: > 1,   > 2