Thursday, July 23, 2015

თვითმკვლელი ქალწულები

მინდა, გაგიმხილოთ, როგორი წიგნების კითხვა მიყვარს: ისეთების, რომლებშიც მხოლოდ მშრალად ნაამბობი ისტორია არ წერია ბედნიერი ან უბედური დასასრულით; როცა ავტორი ფლობს ენას და შეუძლია, კარგად დაწურული წინადადებების სიღრმეებიდან შემოგყვიროს, შეგაფხიზლოს, აგამოქმედოს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა მეათეხარისხოვანი გმირიც კი ორი სიტყვით იმდენად საინტერესოდ არის დახასიათებული, რომ მასზე ამბის ცალკე ხაზის შექმნის საშუალებას იძლევა. სწორედ ასეთი წიგნი აღმოჩნდა ჯეფრი იუჯინიდისის "თვითმკვლელი ქალწულები", რომელიც წელს ითარგმნა ქართულ ენაზე.  თუ სათაური გეცნოთ, ე. ი. კინომოყვარული ხართ და სწორ გზაზეც დგახართ – ამ წიგნის მიხედვით სოფია კოპოლას ცნობილი ფილმია გადაღებული.

ჯეფრი იუჯინიდისი (დ. 1960) ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ხოლო წიგნი, ასე რომ მომხიბლა – 1993 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი, რომელმაც ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში, მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ გროს-პოინტში ვითარდება. წიგნში მოთხრობილია ხუთი თინეიჯერი დის თვითმკვლელობის ისტორია და აღწერილია ის გზა და გარემოებები, რამაც გოგონები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მე არ ვიტყვი, რომ ეს პოეტური პროზაა, მაგრამ ჩემთვის სტრიქონებს შორის ბევრი პოეზიაა ჩამალული: მეტაფორებს, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს, კიდევ უფრო ახლოს მოაქვს მთავარი გმირების სულიერი მდგომარეობა და, ზოგადად, იმ პატარა ქალაქის სული, სადაც ტრაგედია მოხდა.

წიგნში მონაწილეობს (არ შემშლია, ვფიქრობ, ეს სიტყვა შეეფერება) ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა და არა მხოლოდ მოსახლეობა; ჩვენ მათ ვეცნობით სახელებით და გვარებით და მარჯვედ ნათქვამი თითო-ოროლა ფრაზით ვიგებთ ლამის თითოეულის ცხოვრების შესახებ. მაგალითად, ავიღოთ მისტერ ბუელი, რომელსაც სადად მოწყობილ საძინებელში ედო პირველი ცოლის ფოტოსურათი, რომელიც განქორწინების შემდეგ შეუყვარდა; ან დაუვიწყარი მოხუცი მისის კარაფილისი, რომელიც თავისი ტრაგიკული ცხოვრებისეული გამოცდილების საპირწონედ მხოლოდ სესილიას სუიციდს თვლიდა, რაც მკითხველს კიდევ უფრო შეაგრძნობინებს ამბის სიმძიმეს.

ლისბონების ქუჩის თელებზე ცალკე, ვრცლად წერაც შეიძლება. მე ვიტყოდი, ეს ერთ-ერთი შესანიშნავი მეტაფორაა, რაც რეფრენად გასდევს მთელ ტექსტს. ხეებს, რომლებსაც ავადმყოფობის მიზეზით ყოველწლიურად ჭრიდა ქალაქის საპარკო სამსახური, საუკეთესოდ "გამოსდით" დებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების გადმოცემა. მუდმივად კავშირზე გამოსული გოგონების ხმა არავის ესმოდა: "ხის ტანის გაშიშვლების შემდეგ მუშები მომდევნო სიკვდილმისჯილისკენ მიემართებოდნენ, დანაღვლიანებული ხე კი ცდილობდა, ტოტების უბადრუკი  ნარჩენები აეწია. მხოლოდ მისი იძულებითი მდუმარება გვახვედრებდა, რომ უწინ ის განუწყვეტლივ გვესაუბრებოდა".

ქუჩის მაცხოვრებლების მოჭრილ ხეებთან გამომშვიდობებაც ლისბონების გოგონებთან გამომშვიდობებას ჰგავდა. ხალხი მხოლოდ ხეების მოჭრის შემდეგ ხვდებოდა, რომ მათ ქუჩებზე დარგული თელები ქალაქს ეკუთვნოდა, "რომელიც თავისი ნება-სურვილის მიხედვით წყვეტდა მათ ბედ-იღბალს". რა იქნებოდა, რომ ქალაქის ნება დების მიმართ განსხვავებული ყოფილიყო? რომ ის ადამიანები, ვინც კისრებწაგრძელებულები აკვირდებოდნენ ლისბონთა სახლს ("როგორც ცნობისმოყვარე ბრბო ათვალიერებს ხოლმე ავარიის ადგილს") დახმარებოდნენ მათ?

გამორჩეულია მონაკვეთი, სადაც ოთხი და ისე ებღაუჭება მათი სახლის წინ მდგარი თელის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. "უკვე გვიანაა, ხე მკვდარია", – ამბობს ბრიგადირი, რომელიც მზად არის ხის მოსაჭრელად. "მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე", – ეპასუხება მერი.

თხრობა გამორჩეულია იმითაც, რომ ავტორი არა მხოლოდ დებისა და არსებული სიტუაციის მიმართ თანაგანცდას აღვივებს მკითხველში, არამედ მის ხუთ ძირითად გრძნობაზეც მოქმედებს: შეუძლებელია, არ დაინახოთ, არ ჩაგესმათ, არ შეეხოთ, არ იყნოსოთ და ჩააყოლოთ გემო ფურცლებზე გაფანტულ სიტყვებს. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სუნები იყო: განუმეორებელია "გამძაფრებული სიყვარულის" სუნის აგებულება, რომელსაც ამბის მთხრობელი ბიჭები აღწერენ. ჰო, ამბავს ის ბიჭები ყვებიან, ვინც ლისბონთა გოგონებთან ერთად იზრდებოდნენ, – უკვე ასაკში შესულებმაც რომ ვერ დაივიწყეს მათი მზის ათინათებივით მშვენიერი ხატება და ბოლომდე მაინც ვერ გასცეს პასუხი კითხვას "რატომ?"

ძალიან მინდა, ამ წიგნს განსაკუთრებით დები ლისბონების ასაკის გოგონები (მომავალი დედები) და დედები (მალე თინეიჯერების მშობლები რომ გახდებიან ან არიან კიდეც) გაეცნონ; ასევე – უსიტყვო და შვილების აღზრდას ჩამოშორებული მამები. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და რელიგია ხშირად აღმზრდელობით პოლიტიკას განსაზღვრავს, სადაც არც თუ იშვიათია ოჯახის უფროსი წევრის დომინანტობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ რა მოაქვს დაუბალანსებელ, უთანასწორო ურთიერთობებს ოჯახში, რელიგიურობის თუ სხვა ფაქტორების გამო პირადი სივრცის შეზღუდვას, საზოგადოების მიერ მხოლოდ ყოვლისმცოდნე კრიტიკოსის ან დამკვირვებლის როლის მორგებას, იმ ადამიანების გარიყვას, ვისიც არ გვესმის და ამის გამო გვეშინია კიდეც, ხელის ჩაქნევასა და საკუთარ სამყაროში შეკეტვას. 

"ჩვენ, უბრალოდ, სიცოცხლე გვინდა, თუ ამის საშუალებას მოგვცემენ", – ამბობს ტერეზა ლისბონი. მივცეთ ერთმანეთს სიცოცხლის საშუალება. ეს ხომ მარტივია, თუ მოვინდომებთ.

Friday, June 26, 2015

ცუდი გოგოს ოინები

ვარგას ლიოსასთან ჩემი პირველი შეხვედრა კრახით დასრულდა – ეს იყო "დეიდა ხულია", რომელიც ვერ დავამთავრე და სანიშნეჩადებული დევს ჩემს წიგნის თაროზე ოდესმე მიბრუნების პერსპექტივით. "ცუდი გოგოს ოინებს" რაც შეეხება – არ ვიცი, სათაურმა მიმიზიდა თუ ყიდვამდე წიგნის გადათვალიერებამ, მაგრამ დიდი მოლოდინით შევიძინე. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის" – ავანტიურისტი ქალისა და მასზე ავადმყოფურად შეყვარებული კაცის ისტორია, რომელიც ამ ადამიანების მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოიცავს და გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სამ კონტინენტზე და სამზე ბევრად მეტ ქვეყანაში ვითარდება.
თხრობა მსუბუქია; ავტორს სხვადასხვა ქვეყანაში მკითხველის გიდობაც კარგად გამოსდის – პოლიტიკური თუ კულტურული პროცესები სინქრონულად გასდევს მოქმედი გმირების პირადი ცხოვრების ხაზს. თუ ფლობერის "მადამ ბოვარი" გაქვთ წაკითხული, აუცილებლად გაგახსენდებათ ის. "ცუდი გოგო", რომელიც არაერთ სახელს ატარებს ცხოვრების მანძილზე, ფლობერის პატარა ფრანგი ქალბატონით შთაგონებული გმირია. ცნობილია, რომ ვარგას ლიოსა, მას შემდეგ, რაც 1959 წელს ფლობერის აღნიშნული წიგნი წაიკითხა, მოხიბლულია ამ გმირით, რაც აისახა კიდეც მის მწერლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვის მანძილზე სიუჟეტს ვერ მოწყდება მკითხველი, წიგნის დასრულების შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რა მომცა ამ წიგნმა? თუნდაც "მადამ ბოვარი" რომ ავიღოთ (რომელმაც ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე), მის გვერდით ლიოსას "ცუდი გოგო" სიახლეს  უკვე ვერ მთავაზობს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მაფიქრებს ამ ტიპის ადამიანებზე, აღზრდის, ბავშვობაში არსებული გარემოპირობების შედეგებზე, ღია და დაფარულ სურვილებზე, რომლებიც სხვადასხვა დოზით ალბათ ყველა ადამიანშია. ერთი მოსაზრებაც გამახსენდა, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა თავისი არსით – ის, რომ წყვილში ერთს უყვარს გამეტებით და მეორე ნებას რთავს ან იყენებს. "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის", "ცუდი გოგოსა" და მისი იაპონელი საყვარლის წყვილები ამაგრებს ამ მოსაზრებას. "ცუდი გოგოს" ცხოვრება აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი ავანტიურისტი და მღელვარე ცხოვრების მქონე ადამიანი სიცოცხლის მეორე ნახევარში სტაბილურობასა და საყრდენს ეძებს. რამაც უკმარისობის განცდა დამიტოვა, სტრიქონებს შორის ჩაუმალელი სათქმელი იყო – აქ თითქმის ყველაფერი ზედაპირზე დევს, თუ არ ჩავთვლით რომანის ბოლოს მოთხრობილ ამბავს ზვირთმჭრელებზე, რომელიც გამორჩეულია. სიუჟეტში ბევრი დამთხვევაა – ისეთი პატარა სასწაულები, როგორებიც ლათინურ სერიალებში ხდება ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნში მრავლად შეხვდებით სექსუალურ სცენებს, რომლებიც, ცოტა არ იყოს, მოუქნელად არის გადმოთარგმნილი (მაგ., "ლოგინი ჰქონდათ" და ა.შ.). 

Monday, June 8, 2015

ელემენტარული ნაწილაკები

მიშელ უელბეკ ქართული თარგმანებიდან ამ დრომდე „ელემენტარული ნაწილაკებიღა“ მქონდა წაუკითხავი, უფრო სწორად გადადებული, რადგან ორი წლის წინ დავიწყე და მერე, როგორღაც, შევეშვი. მგონია, რომ ყველა წიგნს აქვს თავისი წაკითხვის დრო და ამას, მე პირადად, ქვეცნობიერად ვგრძნობ ხოლმე; ალბათ, თქვენც...

წავიკითხე და დავითრგუნე, როგორც „ბრძოლის ველის განვრცობის“ კითხვისას და გავბრაზდი, როგორც არასდროს უელბეკის წიგნების გამო. მგონია, რომ ამ წიგნში განსაკუთრებით გაშიშვლებულია მიზეზ-შედეგობრიობის ამბები: დიახ, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მთავარი გმირები ნახევარძმები, ბრუნო და მიშელი, სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილ ტვირთს მიათრევენ მთელი ცხოვრება.
მაგრამ რამაც გამაბრაზა, ქალებისადმი ავტორის დამოკიდებულებაა. პირველად გავხედე  უელბეკის რომანების ყველა გმირ ქალს ერთი რაკურსიდან და გული მომეწურა: ყველაზე ნათელ დროს, როცა ქალებს კაცებისთვის ბედნიერება მოაქვთ, როცა კაცები მშვიდდებიან და სრულიად კმაყოფილები ნამდვილი სიყვარულისთვის მზაობას გამოთქვამენ, როცა ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაშინ ხდება "კატასტროფა" და გადარჩენილი კაცები უხმოდ ეხლებიან სიცოცხლის კედლებს, მიილტვიან რომელიმე ბნელი, მათთვის კი განათებული კუთხისკენ (რომელსაც Sky Road შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნში მითითებული ქუჩის სახელწოდების მსგავსად), რომ იქ ჩამუხლულებმა ერთადერთ თანამგზავრად ზეცა აქციონ, რადგან ამქვეყნად ყველაზე მთავარი ზეცაა, ხოლო მასში განზავება – ზღვაში შებიჯების მსგავსი რამ.
თუმცა, უელბეკის თქმით, ყველაფერი კანონზომიერია: საშიშ სივრცეში, რომელიც ჩვენსავე ცნობიერებაში იშვება, სიცოცხლესა და სიკვდილს ვსწავლობთ. ამავე სივრცეში წარმოჩინდება განშორება, განკერძოება და ტკივილი. უელბეკის გმირები ყოველგვარი რელიგიისგან თავისუფლები სწავლობენ სიცოცხლესა და სიკვდილს და დგანან გზაზე, რომელსაც ზეცისკენ მიმავალი ჰქვია; ხოლო, რაც შეეხება ცხოვრებისგან გულგატეხილ, აუსრულებელოცნებებიან ქალებს, მათგან მხოლოდ მოგონებები რჩება, როგორც ფერფლი – ვარდებიან ბაღებში მიმოფანტული. და რაც მაღიზიანებს, ისაა, თითქოს მათ არ ცნობს ავტორი, თითქოს მათი გზა ზეცისკენ ბუნდოვანია, ქალების მისია მხოლოდ კაცების ამ გზაზე დაყენებაა. საბოლოო ჯამში კი, ვერდიქტი ორივე მხარისთვის გამოტანილია: ისინი უნდა გაქრნენ – კაცობრიობა არსებული სახით უნდა გადაშენდეს და გზა ახალ რასას დაუთმოს.

რატომ მიყვარს უელბეკი? ზუსტად ვიცი: არაფერს გილამაზებს, ცხოვრებას ისე აგიღწერს, როგორიც არის და გეგმაზომიერად, დაუნანებელ-დაუნდობლად გაჭერს ყველაზე მთავარ საფიქრალზე – სიცოცხლის აზრსა და სიკვდილის გარდაუვლობაზე. იმდენად დაუნანებლად, რომ მეც, როგორც რეალისტ ადამიანს, რომელიც თეთრს ყოველთვის თეთრს უწოდებს და შავს – შავს, ხანდახან მემძიმება მისი ძალისხმევა, ვბრაზდები და კონკრეტულ წიგნს უკანმოუხედავად ვემშვიდობები: ალბათ არასდროს მივუბრუნდები ზემოთხსენებულ ორ რომანს – მტკივნეულია. 

ამასობაში უელბეკის ახალი თარგმანი აღმოჩნდა ჩემს მაგიდაზე – „კუნძულის შესაძლებლობა“ და არ ვიცი, ისევ უელბეკის კითხვა გადავაბა თუ მარიო ვარგას ლიოსას  „ცუდი გოგოს ოინებს“ მივხედო. ორივეს წაკითხვა უზომოდ მინდა. ასე თუ ისე, უახლოეს პერიოდში, რომელიმეს შესახებ გაჩნდება აქ ჩანაწერი:)

ამონარიდები:  >1,  >2,  >3


Wednesday, April 29, 2015

ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ქართულენოვანი გამოცემა უკეთესი ყდით ვერ ვნახე
"ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ორიგინ. სათაური "Anything Can Happen"), ქართველ ემიგრანტ ავტორს – გიორგი პაპაშვილსა და მის მეუღლეს – ჰელენ ვეით პაპაშვილს ეკუთვნით. წიგნი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „Harper and Brother"-ის მიერ გამოიცა და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა: მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1948 წლისთვის უკვე მე-15 გამოცემა დაისტამბა და 1,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც იმ დროისთვის არნახული რაოდენობა იყო; მოგვიანებით 20-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნის მიხედვით 1952 წელს ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს იგივე სახელწოდებით, ხოსე ფერერისა და კიმ ჰანთერის მონაწილეობით, ქართული სიმღერების თანხლებით (ბმულები იხ. პოსტის ბოლოში).

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებს  გვაცნობს. ქართულ ენაზე ეს წიგნი 1966 წელს გამოიცა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს" (ანდუყაფარ ჭეიშვილის თარგმანი). სანამ წავიკითხავდი, ვფიქრობდი, როგორ მოხდა, რომ ემიგრანტულ-ამერიკული ბესტსელერი საბჭოეთმაც მიიღო და გამოსცა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი: ამერიკელები და საბჭოელები წიგნს უყურებდნენ მედლის ორი მხრიდან: წიგნში ნათლად ჩანს, როგორ შენდებოდა ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ახლა ვიცნობთ, საბჭოელები კი მასში ალბათ მხოლოდ კაპიტალიზმის სირთულეებს ხედავდნენ და ერთი სული ჰქონდათ, ყველასთვის ეთქვათ: აი, ჩვენი ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტი, რა დღეშია ლუკმა-პურისთვის მაშინ, როცა საბჭოთა მოქალაქეს ყველაფერი უფასოდ და უხვად აქვს. თუნდაც წიგნის სახელწოდებაში სიტყვა "ქვეყნის" ჩამატება უკვე სვამს გარკვეულ აქცენტს.

კრებული ოც მოთხრობას მოიცავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამბავი, რომელიც ამერიკულ სასამართლოს ეხება. ამ მოთხრობაში ჩანს, როგორ ყალიბდება კანონზე დამოკიდებული საზოგადოება ისე, რომ ადამიანის ღირსება დაფასებული იყოს და არასდროს დაკნინდეს. ამერიკული ჯარის შესახებ ბევრისმთქმელია 80 წლის ქართველის ფრაზა: "მინდა იმ არმიის რიგებში ჩავდგე, სადაც კაცს შეუძლია ჯარისკაციც იყოს და ადამიანიც". მოთხრობების გმირებს თუ გადავხედავთ, თითო შტრიხითაც გასაგები ხდება, ვის რა ღირებულებები მიჰყვება თავისი ქვეყნიდან, რა "ბარგით" ჩადის ამ დიდ ქვეყანაში, რა უშლის ხელს ან რა ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ კეთილამბებიანი წიგნის დახურვის შემდეგ კი ერთმა კითხვამ შემახსენა თავი: "გვეშველება რამე?" :) პ. ს. წიგნში არაერთ კულინარიულ რეცეპტს იპოვით. აი, მაგალითად, ჩვენებური "საწყალი კაცის ხიზილალა" (გსმენიათ?), რის გარეშეც იმდროინდელი ქართული ქორწილის სუფრა არ იქნებოდა.
მაშ ასე: "კანიანად შემწვარ ბადრიჯანს კოვზით ამოფხეკენ და კარგად მოსრესენ. მერე წვრილად დაჭრილ ქორფა ხახვს დააყრიან, ლიმონის წვენს და ზეთს დაასხამენ და მერე ტარხუნას, ძმარსა და ოხრახუშს უზამენ."
გემრიელად მიირთვით :) ფილმის ბმულები: >1>2>3<4

ამერიკული პირველი გამოცემის გარეკანი

Tuesday, April 21, 2015

პატრიარქის შემოდგომა

წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, სტუდენტობისას წავიკითხე, მაგრამ მას მერე ბევრმა წელმა თუ წყალმა ჩაიარა და ჩემი ახლანდელი შთაბეჭდილება ისეთივე მძაფრია, როგორიც შეიძლება პირველად წაკითხვისას მიმეღო. ბოლო წლებში ჩვენში საკმაოდ პოპულარულია ორუელის "ცხოველების ფერმა", რომელიც ერთი-ორჯერ გამახსენდა კითხვისას. მინდა, ეს წიგნი იყოს ძალიან პოპულარული – გაბრიელ გარსია მარკესის ალბათ ერთ-ერთი (ყველაზე თუ არა) საუკეთესო წიგნი – "პატრიარქის შემოდგომა". წაიკითხეთ და ამოიცანით. წაიკითხეთ, რომ ამოცნობა შეძლოთ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მხატვრული ტექსტის კითხვისას იშვიათად მინდება ეპიზოდების ვიზუალურად გამოხატვა, მაგალითად, დახატვა ან ფოტოგადაღება; ამ იშვიათობის ფონზე კი, მარკესის ტექსტების კითხვისას – ხშირად. თანდართულ ამონარიდებში ერთ ასეთ ეპიზოდსაც ნახავთ, ვიზუალიზაციის სურვილი რომ გამიჩინა. ამონარიდები:  >1>2>3