Monday, June 2, 2014

ურიელ აკოსტა

კიდევ ერთი პიესის შესახებ მინდა დავწერო, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებით ჩვენს ქართულ რეალობაში. ეს არის კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა". ურიელ აკოსტა რეალური გმირია, პორტუგალიელი ებრაელების შთამომავალი, ცნობილი ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, – ცხოვრობდა 1585–1640 წლებში. აკოსტა ითვლება ახალი ერის პირველ ებრაელ თავისუფალ მოაზროვნედ. ეს არის ადამიანი, ვინც უარი თქვა იმ რელიგიურ ჩარჩოში მოქცევაზე, რომელშიც მისი თანამემამულეები საუკუნობით იყვნენ "ჩაჭედილები". აკოსტა შეეცადა, ახლებურად გაეაზრებინა ბიბლია და თავისი აზრი სხვებისთვისაც გაეზიარებინა, თუმცა თეთრი ყვავის ბედი ერგო.

აკოსტას გარემოცვაში ადამიანების ნაწილი აცნობიერებს, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის, მაგრამ არ შესწევთ რაიმეს შეცვლის ნება და ძალა. ხალხისთვის მისაღებია მთავარი რაბინის სიტყვის მორჩილება, რომელიც განუწყვეტლად იმეორებს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, აქამდეც ყოფილა. რაბინის სიტყვას უნისონში ამოწმებენ მისი ქვემდგომები. სარწმუნოება კი ხალხს რიტუალებად და წესების მორჩილებად გადაუქცევია. პიესაში კარგად ჩანს, როგორი კონფორმისტია ადამიანთა უმრავლესობა; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რელიგიას ეხება. "ერის ხმა", რომელიც "ღვთის ხმას" ნიშნავს, მუდამ გადამწყვეტია.

ურიელი საკუთარ შეხედულებებს და მდგომარეობას ბრმა ადამიანის თვალის ახელას ადარებს. ტრადიციულ ხედვას ბრმის დამხმარე ჯოხს უწოდებს და მიაჩნია, რომ თუ უსინათლო რაიმე სასწაულით მზეს დაინახავს, არ შეიძლება ეს ცოდვად ჩაეთვალოს და მისი განკვეთის მიზეზი გახდეს.

"ურიელ აკოსტას" ქართული თარგმანი წავიკითხე პიესების კრებულში, რომელიც 1901 წელს იოსებ იმედაშვილმა გამოსცა, თარგმანი იოსებ ბაქრაძეს ეკუთვნის. აქვე ყველას მინდა ვურჩიო მარჯანიშვილის თეატრის არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ქართული თეატრის ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი სპექტაკლია – 1929 წლიდან იდგმება და, მსახიობების თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, პეტრე ოცხელის საოცარი კოსტუმებისა და დეკორაციების გამოა ღირებული. პოსტსაც სწორედ მისი ურიელი ამშვენებს. ასევე გთავაზობთ "ურიელ აკოსტასთვის" შექმნილ რამდენიმე ესკიზს, რომლებიც ოცხელის ალბომიდან სპეციალურად ამ პოსტისთვის გადავიღე.

პიესაში არაერთი დამაფიქრებელი რეპლიკაა, მაგრამ აქ მხოლოდ ერთს გადმოვიტან. მინდა, მისი თქმა ყველა ადამიანს შეეძლოს განურჩევლად სქესის, რელიგიის თუ  რასისა: "ჩემის თავისთვის თვით ვარ ქვეყანა". 
წარმატებულ მმართველობას გისურვებთ!

Thursday, April 17, 2014

სული რომ ამომდიოდა

ერთ–ერთი ყველაზე სულისშემძვრელი წიგნია, რომელიც წამიკითხავს. არასდროს დამავიწყდება სცენა, სადაც შვილი მომაკვდავ დედას უჩვენებს ფიცრებს, რომლითაც მისთვის კუბოს ამზადებს.

უილიამ ფოლკნერმა "სული რომ ამომდიოდა" საქვაბეში, ღამის ცვლაში მუშაობისას, ურიკაზე სახელდახელოდ მოწყობილ მაგიდაზე, ექვს კვირაში დაწერა. ფოლკნერის თქმით, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. "წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი". ვფიქრობ, ამ წიგნით ლელოს გატანას იგი ნებისმიერი მკითხველის გულში მოახერხებს. წიგნის სათაური ჰომეროსის "ოდისეადან" არის აღებული. მოთხრობილი ამბავიც ერთი ოჯახის "ოდისეას" წარმოადგენს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

მოქმედი გმირები არიან ენსი და ედი ბანდრენები, მათი ხუთი შვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ოჯახის გარემოცვიდან. ყველა მათგანი პარალელური მთხრობელია: ედი ბანდრენს მთელ ამ ისტორიაში, ერთგვარად, მზის როლი აქვს, რომლის გარშემოც 14 მოქმედი გმირი-პლანეტა ბრუნავს და აღწერს, თუ როგორია მზე და მისი საკუთარი ცხოვრება მზისქვეშეთში; მზე კი თავის, ყველასგან განსხვავებულ სათქმელს ამბობს. ეს არის წიგნი მკვდრებზე, რომლებმაც არ იციან, რომ მკვდრები არიან და მკვდარზე, რომელიც ალბათ ყველაზე ცოცხალია. ედი ბანდრენის დაკრძალვამდე ოჯახი ათდღიან გზას გადის; უმკლავდება სტიქიებს – ცეცხლსა და წყალს და აღწევს დანიშნულების ადგილს – სასაფლაოს, საიდანაც ყველა მათგანისთვის ახალი ერა დგება.

მიჭირს საუბარი ამ წიგნზე, იმდენად იმოქმედა, რომ ჯერაც არ დამიწყია ახალი საკითხავი. ხშირად ვუბრუნდები და თითო-ოროლა გვერდს ვკითხულობ. უბრალოდ, ყველას ვურჩევ მის წაკითხვას.


აქვე ამონარიდები: 1, 2, 3, 4 
და ფილმის ბმულიც, თუ დაინტერესდებით.

Sunday, March 30, 2014

ნავიგატორი

"ნავიგატორის" შესახებ ორიოდე წლის წინ გავიგე, როცა გამოცხადდა, რომ ლაშა ბუღაძის რადიოპიესა "ბიბისის" რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებული გახდა და დიდ ბრიტანეთში დაიდგა. ისე მოხდა, რომ პიესა მხოლოდ ამ გამარჯვების შემდეგ გამოიცა ქართულ ენაზე; მე კი, მიუხედავად ინტერესისა (და ზოგადად, რადიოპიესების მიმართ სიყვარულისა), მხოლოდ დღეს მოვახერხე მისი წაკითხვა.

პიესის მთავარი გმირია როსტომი – არაფრით გამორჩეული ცხოვრების მქონე და თავადაც  შეუმჩნეველი, 45 წლის მარტოხელა (და როგორც თანდათანობით ჩნდება, მარტოსულიც) მამაკაცი, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი. როსტომს მოხუცი მამაც კი კბენს მისი მარტოხელობის გამო, რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის დირექტორზე. როსტომის მცდელობა, ააწყოს ურთიერთობა თანამშრომელ კლარასთან, ჩვენ თვალწინ კრახით სრულდება. 

მთავარი გმირის ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა კომპანია მას ნავიგატორიან მანქანას გამოუყოფს და საქართველოს რეგიონებში, კონფლიქტურ საზღვრებთან მიმდინარე მშენებლობებზე მეთვალყურე–"შემფუცხუნებლად" მიავლენს. ნავიგატორს ქალის ხმა აქვს. ეს–ესაა სიყვარულში იმედგაცრუებულ როსტომს ნავიგატორი მხსნელად, მეგობრად, ერთადერთ საყრდენად, ნარკოტიკად, მოკლედ რომ ვთქვა, საბედისწერო ქალად ევლინება.

პიესაში თითქოს გაკვრით დასმული აქცენტები მკითხველს/მსმენელს ახსენებს, რომ მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის ლოკალურ სივრცეში ჩაკეტილი გმირების ამბავი. ბუღაძის სხარტი, იუმორით სავსე ტექსტის უმთავრესი გზავნილი თანამედროვე ადამიანის (მიუხედავად მისი მოქალაქეობისა) მარტოობაა.

პიესა ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მე ზუსტად 45 წუთი დამჭირდა ამისთვის – ერთი გზა, ვიდრე სხვა ქალაქში ჩავიდოდი და ახლა მგონია, რომ "ნავიგატორი" არასდროს დამავიწყდება.

Friday, March 7, 2014

თოვლი


ორჰან ფამუქის წიგნებს შორის, რაც ჯერჯერობით წამიკითხავს, „თოვლი“ ყველაზე მეტად მომეწონა. ეს არის ისლამის გაფეტიშების, სეკულარიზმის, დასავლეთისკენ სწრაფვის, სომეხთა გენოციდის, ქალთა მდგომარეობის და, უბრალოდ, ადამიანების შესახებ დაწერილი ძალიან კარგი წიგნი. სომხების და ქურთების თემის წამოწევის გამო ფამუქს სამშობლოში, შეიძლება ითქვას, ომი გამოუცხადეს. 2005 წელს თურქეთის სახელმწიფომ მის წინააღმდეგ სარჩელიც კი აღძრა. 2007 წლიდან მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, თუმცა მის მიმართ გამოვლენილი საყოველთაო ზიზღის მიუხედავად, მალევე დაბრუნდა თურქეთში.

„თოვლი“ 1999-2001 წლებშია დაწერილი და სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით ჩვენი საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო რომანად ითვლება. წიგნს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სტენდალის სიტყვები: "პოლიტიკა ლიტერატურულ ნაწარმოებში ისეთივე უხამსობაა, როგორც შუა კონცერტში გასროლილი ტყვია, მაგრამ მისი იგნორირებაც შეუძლებელია. ახლა კი საშინელ სიმახინჯეებზე ვისაუბრებთ..." ეს ეპიგრაფი ზუსტად გამოხატავს "თოვლს" – რომანში პოლიტიკის "საშინელი სიმახინჯეებია" თავმოყრილი და მეტიც, ერთ ეპიზოდში სწორედ რომ სცენიდან ცვივა ტყვიები.

რომანში მოქმედება აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ ყარსში იშლება. პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული თორმეტწლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება პოეტი, სახელად კა (აქვე, საინტერესოა სახელებით თამაში: მთავარი გმირი – კა, სიტყვა თოვლი, რომელიც თურქულად გამოითქმის, როგორც „კარ“ და ქალაქი, სახელად ყარსი (კარს)). წიგნში აღწერილია კას სამდღიანი მოგზაურობა დიდთოვლობისას გარესამყაროს მოწყვეტილ ყარსში. თუმცა, ეს სამი დღე იმდენად ბევრ მოვლენას იტევს, რომ გგონია, გმირების მთელ ცხოვრებას მიადევნე თვალი. ეს არის წიგნი გულუბრყვილო ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჰგვანან გულუბრყვილოებს, რადგან შეუძლიათ ამაზრზენადაც მოიქცნენ. ამიტომ წიგნის დახურვისას არც კი ბრაზდები მათზე, მით უმეტეს, არ გძულს. მათ უფრო  გარემოებების მსხვერპლები (ან ქმნილებები) შეიძლება ეწოდოთ. 

წიგნში მოთხრობილია სისხლიანი სამხედრო გადატრიალების ამბავი, რომელიც მთავარი გმირის ყარსში ჩასვლას დაემთხვა. პოეტი კა, ნებით თუ უნებურად, პოლიტიკურ ორომტრიალში ერთვება. ამ ფონზე ახალ სიცოცხლეს იძენს მისი სასიყვარულო რომანი; ცოცხლდება მისი წლების მანძილზე მიძინებული მუზაც და 19 ახალ ლექსად იქცევა. რომანში განსაკუთრებით საინტერესოა ქალების თემა – თუ როგორია მათი უფლებები, სურვილები და გადაწყვეტილებები მუსულმანურ საზოგადობაში. გარდა ამ თემისა, ჩემთვის გამორჩეული იყო რამდენიმე ეპიზოდი: პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის უკანასკნელი დიალოგი მის მკვლელთან, ყარსის თეატრის სცენიდან მაყურებლების დახვრეტა, ყარსელების შეკრება დასავლეთისადმი მიმართვის შესადგენად, ტერორისტის, მისი საყვარლის და კას საუბარი ევროპის  შესახებ გერმანული ოჯახის მაგალითზე. 

მე ვაფასებ ფამუქის გამბედაობას, იყოს კრიტიკული საკუთარის მიმართ ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიტიკას შეიძლება ფიზიკური ლიკვიდაცია დაუპირისპირონ; ისაუბროს რელიგიაზე იქ, სადაც ფუნდამენტალისტები ცხოვრობენ; ისაუბროს სახელმწიფოს უსუსურობაზე და მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენილ მოსახლეობაზე – კაცებზე, რომლებიც თავს რელიგიას უძღვნიან და ქალებზე, რომლებიც თავს რელიგიის სახელით იკლავენ. ამ წიგნში არაერთი პარალელი ვიპოვე ჩემს ქვეყანასთან: ძალიან ჰგავს ჩვენი ქრისტიანი მოსახლეობა თურქ მუსლიმ მოსახლეობას; ჩვენი სოციალური ფონი მათსას, ჩვენი რელიგიის და დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება მათსას (კითხვისას არაერთხელ გამახსენდა ცნობილი გამონათქვამი "ქართველობას გვართმევენ!"). სხვათა შორის, ფამუქს არც ჩვენ ვავიწყდებით – ქართველი გმირებიც არიან „თოვლში“ ჩარჩენილები; მართალია, არც თუ საამაყო კუთხით, მაგრამ ესაც ჩვენი მწარე სიმართლეა. 

და ბოლოს, ფამუქის წიგნების სათაურებს თუ დავალაგებთ, სამი ფერის გამად იქცევა. შავზე ვერაფერს ვიტყვი – არ წამიკითხავს, წითელმა და თეთრმა კი კარგი შთაბეჭდილება და, ამავე დროს, კითხვა დამიტოვეს საკუთარ თავთან: ის შინაგანი პროტესტი (როგორც ძალიან პოპულარული მწერლის მიმართ), რამდენიმე წლით რომ დამიგვიანა ფამუქის გაცნობა, რატომ მქონდა. 


აქვე ამონარიდები:  1, 2, 3, 4

Thursday, January 9, 2014

ბერნარდა ალბას სახლი

რა ხანია, ბოლოს წაკითხული ორი წიგნის შესახებ ვაპირებ დაწერას, მაგრამ ისევ მოცდა მოუწევთ. ნათქვამია, გადადებული საქმე ეშმაკის არისო და იმ ორი წიგნის საქმეც მგონი ასეთი გახდა. ამიტომ, ახლა დასაწერს აღარ გადავდებ:

ფედერიკო გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლზე" მოვყვები. წიგნად არ წამიკითხავს, რადგან ქართულ ენაზე გამოცემული ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ვერ აღმოვაჩინე, ამიტომ ინტერნეტში, რუსულ ენაზე მოძიებული და პრინტერზე ამობეჭდილი დავიმგზავრე (ამის გამო პოსტს უცხოური გამოცემის ყდა ერთვის). წაკითხვის სურვილი კი მაშინ გამიჩნდა, როცა თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლის ნახვა გადავწყვიტე. არ მიყვარს, როცა ნაწარმოების წაკითხვამდე ფილმს ან სპექტაკლს ვნახულობ. რეჟისორის ხედვა ძალიან ზღუდავს ჩემს ფანტაზიას.

"ბერნარდა ალბას სახლი" გარსია ლორკას ბოლო პიესაა, რომლის გამოქვეყნებიდან ორ თვეში იგი დახვრიტეს (1936 წ.). ავტორი ირწმუნება, რომ ეს ამბავი ნამდვილია და მან ის "დოკუმენტური, ფოტოგრაფიული სიზუსტით" გადმოგვცა. მე ვიტყოდი, რომ ეს ამბავი ჩვენს სინამდვილესაც ასეთივე სიზუსტით აღწერს. ამ სამმოქმედებიანი პიესის გმირების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია: ბერნარდა ალბა, მისი ხუთი ქალიშვილი, რომელთა ასაკი 20-დან 39 წლამდეა, ბერნარდას დედა, მოსამსახურეები, მეზობლები თუ მათხოვარი. ის ერთადერთი მამაკაციც კი, რომელიც მოქმედ გმირებს აღელვებს, სცენაზე არ ჩნდება. სხვა მამაკაცებისგანაც მხოლოდ ხმები შეიძლება აღწევდეს ბერნანდას სახლში. მოქმედება ესპანურ სოფელში ვითარდება, საწყისი – ბერნარდას მეორე ქმრის დაკრძალვის დღეა. მოსამსახურეების დიალოგი ნათელს ხდის, ცოტა ხანში ვისთან გვექნება საქმე.

ბერნარდას ოჯახი მის და სოფლის მორალურ კოდექსს ეყრდნობა და იცავს. ბერნარდა ავტოკრატია – ყველა მას ექვემდებარება, პირუტყვიც კი (მის გვერდით ადამიანებიც პირუტყვებს ემსგავსებიან). ბერნარდას სახლში ყველა თავისუფლებაზე ოცნებობს, მაგრამ როგორც კი ვინმე თავისუფლად დგამს ნაბიჯს, დანარჩენები საერთო ძალებით უჭრიან გზას. თავისუფლებაზე ოცნებობს ბერნარდას 80 წლის დედა, რომელსაც დღის სინათლის ნახვა ენატრება: მას სურს გათხოვდეს და შვილი გაუჩნდეს – გრძნობდეს ქალურ საწყისს, რომელიც დიდი მონდომებით ჩაუკლეს. საოცრად ამაღელვებელია სცენა, სადაც ის, ბატკნით ხელში, შვილიშვილს გაქცევაში დახმარებას სთხოვს. ბატკანი მისი შვილია –  ჯობია ბატკანი იყოს, ვიდრე არაფერი. "შენ ფიქრობ, რაკი თეთრი თმა მაქვს, არ შემიძლია შვილების ყოლა, მე კი, აი, მყავს შვილები, ბევრი–ბევრი.ამ ბავშვს ექნება თეთრი თმა და მას ეყოლება თავისი შვილი, იმას კი თავისი, და ყველას ექნებათ თოვლივით თეთრი თმა, და ჩვენ ვიქნებით როგორც ტალღები – ერთი, მეორე, მესამე. მერე კი ყველანი დავსხდებით და ჩვენი თეთრი თმა შეერევა ერთმანეთს და ჩვენ ვიქცევით ქაფად" (ჩემი თარგმანი). მარია ხოსეფასთვის ზღვა და ზღვისპირია თავისუფლების სიმბოლო, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეუძლია.

ბებიასგან განსხვავებით, ბერნარდას უმცროსი ქალიშვილი, ადელა, თავისუფლებაზე არა მხოლოდ ოცნებობს, მის მოსაპოვებლად მოქმედებს კიდეც – ის ერთადერთია პიესაში, ვინც ცდილობს შეეწინააღმდეგოს მკაცრ მოთხოვნებს და თავისი ცხოვრების მართვის უფლება ჰქონდეს. მხოლოდ ადელა იმაღლებს ხმას სოფლის წინაშე, რომელიც ლინჩის წესით ასამართლებს თანასოფლელ ქალს, ვინც გაბედა და ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩინა, შემდეგ კი, იმის გამო, რომ დაემალა თავისი "სირცხვილი", შვილის მოკვლა სცადა (გავიხსენოთ ჩვენ ირგვლივ განვითარებული მსგავსი შემთხვევები). საყურადღებოა, რომ სოფელი უპატიებელ ცოდვად მიიჩნევს გაუთხოვარი ქალის თავისუფალ სასიყვარულო კავშირს და საერთოდ არ ახსენებს ბავშვს, რომელსაც სიცოცხლის უფლება სწორედ მათი შეხედულებების გამო წაერთვა.

სოფელში მიიჩნევა, რომ თავისუფალ სიყვარულს მხოლოდ ჩამოსული ქალები ბედავენ (ამაზე მხოლოდ ჭორაობენ, რადგან მეძავის მომსახურება სჭირდებათ), მექალთანე კაცებიც ადგილობრივები არ არიან, ძირძველი მოსახლეობა კი პატიოსნების მაგალითია. აქ ძმებს შეუძლიათ ქონების გაყოფის მიზეზით ერთმანეთს გადაეკიდონ; ამბის გახმიანების შემდეგ კი, შერცხვენილმა ძმამ მთავარი ჭიშკრიდან შინ შესვლა აუკრძალოს თავს და სახლის უკანა ღობეზე მიდგმული კიბით ტოვებდეს ეზოს. აქ ერთი და მეორეს მაქმანიანი საცვლის შეკერვის გამო კიცხავს. აქ ყველაფერი სირცხვილია, ტირილიც კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა განმარტოვდებიან.

ბერნარდას ავტოკრატობაც საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევის შედეგია – მას სურს, არ ალაპარაკოს მეზობლები, არავის შეაბღალინოს ოჯახის პატიოსანი სახელი. სწორედ ამიტომ, მის ქალიშვილებს არასდროს მიეცემათ უფლება არათუ იურთიერთონ, შეხედონ მაინც ღობის გადაღმა შეგროვილ მამაკაცებს (ეს მამაკაცები ბერნარდას ქმრის დაკრძალვის დღესაც ვერ გადააბიჯებენ ქვრივის სახლის ზღურბლს).

ამ საზოგადოებაში ქალი თავისუფლებას გათხოვებაში პოულობს – მამაკაცთან ურთიერთობის ნების დართვაში (აქ ელფრიდე იელინეკის "საყვარლები" მახსენდება): მერე რა, რომ "ქალური ბედნიერება" მხოლოდ ორი კვირა გრძელდება; ხოლო ორი კვირის შემდეგ ის შეიძლება სცემონ და შეურაცხყონ, ეს ხომ ბუნებრივია... ქალს კი მორჩილება მართებს. როდესაც პეპე, სოფლის ყველაზე მომხიბვლელი ვაჟი, ბერნარდას სასიძოს სტატუსს იძენს, ბერნარდა შვილის დარიგებას იწყებს: "ილაპარაკე, როცა თვითონ დაგელაპარაკება, შეხედე, როცა შემოგხედავს და უთანხმოებაც აღარ იქნება".

პიესაში სამი ფერი დომინირებს: შავი, თეთრი და ერთადერთხელ გამკრთალი მწვანე, ისიც ადელას ტანზე. სწორედ ადელაა სიცოცხლის სურვილით სავსე და დარწმუნებით აცხადებს, რომ მოიპოვებს თავისუფლებას. მისი სახელი ესპანურად "წინსვლას" ნიშნავს, თუმცა ეს წინსვლა საზოგადოებრივი აზრის გამო ფერხდება. საზოგადოებას ჩამყაყებული ჭაობი ურჩევნია – ეს მისთვის გაცილებით ორგანულია (ბერნარდას 80 წლის დედა აკი უწოდებს კიდეც შვილიშვილებს ბაყაყებს – არსებებს, რომლებიც ვერასდროს ნახავენ ზღვას).

ფინალი ძალიან შთამბეჭდავია – გამოუსწორებელი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, რაც უმძიმესი შედეგით მთავრდება, ბერნარდა მხოლოდ სოფელზე ფიქრობს და სახელზე, რომელიც არ უნდა შეიბღალოს. ყველას მოეთხოვება სიჩუმე და ხალხის თვალში სიწმინდის შენარჩუნება. მკვდარსაც კი.